Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის მიიღეს კახეთში საჯარო მოხელეებმა ჯილდოები


თელავი
თელავი

კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, წინასაახალწლოდ, მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ხელფასთან ერთად სხვადასხვა ოდენობის ჯილდო გაიცა. ჯილდო არ მიუღიათ მხოლოდ მერებსა და მათ მოადგილეებს, ასევე იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი დასაქმებული იყვნენ.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ყველა მერიაში დაუდასტურეს, თუმცა ზოგმა კონკრეტული მონაცემების გაცემაზე უარი თქვა.

გურჯაანის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი თანამშრომლების მუშაობას წელიწადში ორჯერ აფასებენ და ჯილდოები გაიცა სწორედ იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ იმუშავა. გონგაძის თქმით, გურჯაანის მერიაში 168 ადამიანია დასაქმებული, მათგან ჯილდო მიიღო 139-მა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით 101 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

საჯარო მოხელეების წახალისებისთვის თელავის მერიამ 122 ათასი ლარი დახარჯა.

„2,3,4-იანი არის უმაღლესი შეფასება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცეს ბრძანება მათი წახალისების შესახებ. ზუსტად ამ შეფასებიდან გამომდინარე გამოიცა ბრძანება და 85-90 პროცენტით კარგი ან საუკეთესო შეფასების მქონე მოხელეებმა მიიღეს ჯილდო“, - განაცხადა ნატო გონგაძემ და დაამატა, რომ ცუდი შეფასება არავის ჰქონია.

საახალწლოდ თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო გაიცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. საჯარო მოხელეების წახალისებისთვის მერიამ 122 ათასი ლარი დახარჯა. პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ჯილდო მიიღო ყველა თანამშრომელმა. თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თამარ ზაზანაშვილის განმარტებით, თანხა თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის შეფასების მიხედვით გაიცა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიგი გიგიტელაშვილს მიაჩნია, რომ თელავის მერიას ჯილდოები არ უნდა გაეცა. როგორც გიგი ამბობს, თელავში 100-მდე ადამიანი უფასო კვების მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ შესაბამის სამსახურს სათანადო დაფინანსება არ აქვს. ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ ფონზე ჯილდოების გაცემა დაუშვებელი იყო.

კახეთი
კახეთი

„თანხა, რომელიც გაიცა ჯილდოებისთვის, საკმარისი იქნებოდა, მიმდინარე წლის განმავლობაში 100 ადამიანი ჩართულიყო პროგრამაში და ისინი დაგვეკმაყოფილებინა ყოველდღიური საკვებით, მაგრამ მერიისთვის მძიმე პირობებში მყოფი ადამიანები კი არ აღმოჩნდნენ პრიორიტეტი, არამედ საკუთარი თანამშრომლები", - ამბობს დეპუტატი გიგიტელაშვილი.

2021 წლის ბოლოს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე ჯილდოების სახით, სულ მცირე, 500 ათასი ლარი გაიცა.

საჯარო მოხელეთა წახალისებაში პრობლემას ვერ ხედავს საჯარო მმართველობის სპეციალისტი გიორგი ედიშერაშვილი, თუმცა ამბობს, რომ უნდა წახალისდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სხვებზე უკეთესად მუშაობდნენ. ედიშერაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რეგიონებში ადამიანების ნაწილს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება და ჯილდოების გაცემა ამ ადამიანებში საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს.

„მაგალითად, როდესაც მე მივმართავ საჯარო სამსახურებს სხვადასხვა შინაარსის წერილით, და ეს ხშირად ხდება, ისინი ყოველთვის ვადების დარღვევით მიბრუნებენ პასუხს. თუნდაც ეს რომ ავიღოთ, რაში ეკუთვნით ჯილდო? კი ბატონო, ჯილდო უნდა გაიცეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირებზე, ვინც წლის განმავლობაში იმუშავა თავდაუზოგავად და სხვებზე უკეთესი შედეგი დადო. გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ ახალი წლიდან ხელფასები გაიზარდა, ჯილდოებისთვის ასიათასობით ლარი აღარ უნდა დაიხარჯოს!“

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე ჯილდოების სახით, სულ მცირე, 500 ათასი ლარი გაიცა. ჯილდო, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა წახალისებისთვის შედარებით ახალი მექანიზმია. უფრო კონკრეტულად კი, ახალი სახელი. ცვლილება 2017 წელს, პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეიტანა, რომლის თანახმადაც, პრემიის გაცემის წესი გაუქმდა და იმავე შინაარსის ჯილდომ ჩაანაცვლა. ჯილდოს საჯარო მოხელე გარკვეული დამსახურებისთვის იღებს და გაცემული თანხის მაქსიმალური ოდენობა, დასაქმებულზე წლის განმავლობაში გასაცემი ხელფასის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG