Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს" - ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია "სააკაშვილის მდგომარეობაზე"


577 მომხრე, 33 მოწინააღმდეგე, 26-მა თავი შეიკავა - ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ.

ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება. მასში, ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ, ევროპარლამენტარები უწოდებენ ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" და ითხოვენ მისთვის სანქციების დაწესებას.

ევროპარლამენტი "კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უცხოეთში მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ საფუძველზე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად", - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცეს.

ისინი კვლავ მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი. დოკუმენტის თანახმად, ეს აუცილებელია, რათა "ევროპული რეფორმების ჩატარება" კვლავ გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა.

ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ სააკაშვილთან "მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების".

ევროპარლამენტარებმა ასევე მხარი დაუჭირეს შესწორებასაც (362 მომხრე, 121 მოწინააღმდეგე, 151-მა თავი შეიკავა), რომლითაც კვლავ უწოდეს ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" და სააკაშვილის პატიმრობა "მის პერსონალურ ვენდეტად" მოიხსენიეს.

დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება, რადგან მას “პერსონალური წვლილი” მიუძღვის იმაში, რომ “საქართველოში დემოკრატია სუსტდება”.

დოკუმენტის ბოლოს ევროპულ საბჭოს სთხოვენ, ამიერიდან ყურადღებით დააკვირდეს სააკაშვილის სასამართლოს სხდომებს და დაეხმაროს იმაში, რომ მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.

სამ თვეში მეორედ

მსგავსი რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებდა ბრიუსელს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ, ევროპის პარლამენტმა 2022 წლის 14 დეკემბერსაც დაამტკიცა. მაშინაც ეს ორი პუნქტი შესწორებებმა გააჩინა.

რეზოლუცია აჯამებდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მასში ევროპელი დეპუტატები სანქციებს ითხოვდნენ არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, არამედ "ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე".

ლაპარაკი იყო სააკაშვილის გაათავისუფლებაზეც. საქართველოს პრეზიდენტს მაშინაც სთხოვდნენ, "გამოიყენოს [ამისთვის] კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება".

ბოლო სამ თვეში მეორედ, ევროპარლამენტარები იმეორებენ გზავნილს: სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ევროპული მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაართმევს თავს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. მათ შორის, მართლმსაჯულების განთავისუფლებას პოლიტიკური ზეგავლენისგან.

იუირიდიული ძალის გარეშე

თუმცა, სააკაშვილის მომხრეებისთვის ცუდი ამბავი ისაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა და მათ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სანქციების დაწესების თაობაზე, იღებს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის საბჭო. იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების, ევროპის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება. სწორედ ისინი წყვეტენ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციებს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. 2022 წლის 12 მაისიდან ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები დიდი ხანია ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იმავეზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" დასკვნაც, რომელის შედგენაშიც მონაწილეობდა არაერთი (მათ შორის ამერიკელი) სამედიცინო ექსპერტი. ცალკე შეფასებები აქვს გამოქვეყნებული სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმსაც.
ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სააკაშვილი გათავისუფლდეს ან გადაუვადდეს სასჯელი და მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. ეს თხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ და ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დატოვა.
  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG