Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის სიახლოვეს განვითარდა მეწყრული პროცესები


მეწყრის ადგილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სიახლოვეს
მეწყრის ადგილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სიახლოვეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სიახლოვეს მეწყრული პროცესები განვითარდა, მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა და მდინარეში ჩადიოდა, რაც წყლის დაგუბების და დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ტაშისკარი მესამე ადგილია, სადაც 7 თებერვლის სტიქიური მოვლენების შემდეგ მეწყრული პროცესები განვითარდა.

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.

„მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები“, – აცხადებენ უწყებაში.

ამჟამად ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაბა სურამიდან 7 თებერვალს ღამით, ზინდისის დასახლებიდან 40 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაასახლეს. სოფელ ქვიშხეთში კი მეწყერმა საფრთხე ორ ოჯახს შეუქმნა და ისინიც გაიყვანეს ტერიტორიიდან.

ამ დღეების განმავლობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას.

6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.

XS
SM
MD
LG