Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი


როგორც „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამის არხშია ნათქვამი, სოკოლოვი პოლიციაში მიიყვანეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად.
როგორც „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამის არხშია ნათქვამი, სოკოლოვი პოლიციაში მიიყვანეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად.

მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი. ამის შესახებ თავად გამოცემა იტყობინება.

როგორც „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამის არხშია ნათქვამი, სოკოლოვი პოლიციაში მიიყვანეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად.

ადმინისტრაციულ საქმეს დართული აქვს ექსპერტიზა, რომელიც რადიოსიხშირეების ცენტრმა ჩაატარა. საქმე ეხება „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთ პუბლიკაციას. საქმეს პეროვოს რაიონის სასამართლო განიხილავს, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნავს გამოცემა.

სერგეი სოკოლოვი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ნოვაია გაზეტას“ საგამოძიებო განყოფილებას. ის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2023 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც დმიტრი მურატოვმა დატოვა ეს თანამდებობა „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გამო. ნოემბერში გაზეთის კოლექტივმა სოკოლოვი მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე აირჩია.

„ნოვაია გაზეტამ“, რომელიც რუსეთში 1993 წლიდან გამოდის, 2022 წლის მარტში შეწყვიტა გამოსვლა, მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და შემოღებულ იქნა ახალი კანონები ჯარიმების, დაკავებებისა და პატიმრობის ვადების შესახებ, რომლებიც სამხედრო ცენზურად განიხილება. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ქვეყანა დატოვეს და ჩამოაყალიბეს „ნოვაია გაზეტა ევროპა“, რომლის რედაქცია რიგაშია. შარშან 7 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ მასმედიის ლიცენზია ჩამოართვა.

XS
SM
MD
LG