Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა პუტინს დააკისრა ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.

ევროპის პარლამენტმა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მასში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილს ეწოდება „მკვლელობა“, რომლისთვისაც „სისხლის სამართლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება. 547 დეპუტატიდან რეზოლუციას 506-მა დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მოითხოვა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ რუსეთის ყველა პოლიტპატიმარი. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ათობით მათგანი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკურ სისტემას აკონტროლებს „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი დაუოკებელი კორუფციით“, რომელიც ხელისუფლებაში ჩერდება ფალსიფიცირებული არჩევნების წყალობით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“. მისი სიკვდილის თაობაზე დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში კიდევ უფრო მძიმე პირობებში, ვიდრე მანამდე. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ნავალნის მეუღლემ, იულიამ, პირობა დადო, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დაკრძალვა 1 მარტს გაიმართება მოსკოვის ბორისოვოს სასაფლაოზე.

XS
SM
MD
LG