Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times-მა გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების სცენარები


ბალისტიკური რაკეტები წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე. 24 ივნისი, 2020.
ბალისტიკური რაკეტები წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე. 24 ივნისი, 2020.

რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეს საჯაროდ განუცხადებიათ ოფიციალურ პირებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი. პუბლიკაციის ავტორები ეყრდნობიან რუსულ საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც გამოცემის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში.

BBC-ის რუსულ რედაქციას მოჰყავს სტატიის ძირითადი თეზისები. საქმე ეხება 29 საიდუმლო სამხედრო ფაილს, რომლებიც 2008-დან 2014 წლამდე პერიოდშია შედგენილი. ესაა სამხედრო თამაშების სცენარები და კომენტარები სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცრებისთვის. მათში განიხილება ბირთვული იარაღის გამოყენება.

დოქტრინის სცენარის მიხედვით, რომელშიც მუშავდებოდა ჩინეთის შესაძლო შეჭრა, რუსეთმა („ჩრდილოეთის ფედერაცია“) შესაძლოა ჩინეთის (დოკუმენტში მას „სამხრეთი“ ეწოდება) არმიის იერიშის მეორე ტალღას უპასუხოს ტაქტიკური ბირთვული იარაღით. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაში კიდევ უფრო მეტი კრიტერიუმია წარმოდგენილი ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენებისთვის. მათ შორისაა მოწინააღმდეგის გადასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრის დაცვისთვის პასუხისმგებელი შენაერთების განადგურება ან მოწინააღმდეგის გარდაუვალი თავდასხმა ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით.

როგორც სლაიდებზეა მითითებული, ზღვრული მნიშვნელობის შეიძლება იყოს ფაქტორების ერთობლიობა, როცა რუსეთის ჯარების დანაკარგები „აუცილებლად გამოიწვევს მტრის ფართო მასშტაბის აგრესიის მოგერიების უუნარობას“.

ბრიტანეთის სამეფო თავდაცვითი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) უფროსი მეცნიერის, ჯეკ უოტლინგის თქმით, ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების მიზანია, რუსეთის ქვედანაყოფები მოამზადოს სიტუაციებისთვის, რომლებშიც ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

BBC-ის თანახმად, კრემლში გაჟონვაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

2020 წელს რუსეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ბირთვული შეკავების სფეროში“, რომელსაც ბევრნი უწოდებენ რუსეთის ბირთვულ დოქტრინას.

სინამდვილეში კი ეს დოკუმენტი არის ბირთვული იარაღის მიმართ რუსეთის განზრახვების ნებაყოფლობითი გაცხადება და არა დოქტრინული დოკუმენტი. მისი ამოცანაა, ეს დახურული სფერო უფრო გამჭვირვალე გახადოს სხვა ქვეყნებისთვის.

FT-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები „ბირთვული პოლიტიკის საფუძვლების“ გამოქვეყნებამდე უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნება.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც განიხილავენ FT-ის პუბლიკაციასთან მიმართებაში, არის სწავლებები, რომლებზეც რუსეთის არმია ჩინეთის აგრესიის მოგერიებას ამუშავებდა. პეკინი იმ დროს უკვე ოფიციალურად იწოდებოდა „მოსკოვის სტრატეგიულ პარტნიორად“.

როგორც გაზეთი წერს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები ათ წელზე მეტი ხნისაა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ისინი დღემდე სრულიად აქტუალურია და რომ ასეთი თავდაცვითი გეგმები მიუთითებს იმ ეჭვზე, რომელიც რუსეთის ძალოვნებს შორის იყო გავრცელებული ჩინეთის მიმართ.

მაგრამ ათი წლის განმავლობაში მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა. 2018 წელს ჩინეთის სამხედროებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა რუსეთის უდიდეს სამხედრო წვრთნაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობა.

ერთი მხრივ, რუსეთისა (სსრკ-ს) და ჩინეთის ურთიერთობებში სრულიად განსხვავებული პერიოდები იყო. 1960-იან წლებში საქმე სამხედრო შეტაკებებამდე მიდიოდა, ამიტომ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთის სარდლობაში ვინმეს შეეძლო ეჭვები ჰქონოდა ჩინეთის მისამართით.

მეორე მხრივ, ყოველი გენერალური შტაბის ამოცანაა მზადება ნებისმიერ სახელმწიფოსთან ომისთვის, რაც უნდა დაახლოებული იყოს ის. ქვეყნებს შორის ურთიერთობები ზოგჯერ რამდენიმე წელში ფუჭდება.

ამის ნათელი მაგალითია ომი უკრაინაში. ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე ათი წლით ადრე რუსეთი უკრაინასთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მეგობრულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა.

XS
SM
MD
LG