Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში შეხვდა


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში. 18 მარტი, 2024 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში. 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ილაპარაკა:

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს".

უწყების ცნობითვე, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებაც ისაუბრეს.

"საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბაქოდან ჩამოვიდა და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG