Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, რუსეთი ემზადება 1 ივნისამდე დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზაციისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ (მარჯვნივ) ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს უმასპინძლა. კიევი, 3 აპრილი, 2024.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ (მარჯვნივ) ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს უმასპინძლა. კიევი, 3 აპრილი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება 1 ივნისამდე დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის. ამის შესახებ მან ილაპარაკა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტუბი ოთხშაბათს ეწვია კიევს.

ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას უკრაინაში მობილიზაციის გეგმების შესახებ, კერძოდ - რამდენი ადამიანის გაწვევა იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტმა ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იქნება 500 ათასზე ნაკლები, რამდენის გაწვევის შესაძლებლობაზეც ადრე იყო ლაპარაკი. „ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი“, - თქვა ზელენსკიმ.

მან არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს, თუ 300 ათასი ადამიანი სხვა გზებით შეგროვდება.

რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, ჯარში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს. ისინი, ვინც არ დახოცილა ან რაიმე მიზეზით დათხოვნილ იქნა, კვლავ ფრონტზე არიან. სამობილიზაციო განკარგულება კვლავ ძალაშია, თუმცა აქტიური სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება. გასული ერთი წლის განმავლობაში რუსეთის არმია აქტიურად იღებდა ხალხს საკონტრაქტო სამსახურში, ასევე გრძელდებოდა ჯარში პატიმრების აყვანა. შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ჯარი შეივსო კიდევ 300 ათასზე მეტი ადამიანით.

3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს სამხედრო სამსახურში კონტრაქტით. ასევე 1 აპრილს დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება. ამავე დროს მოხდება შესაბამისი რაოდენობის გაწვეულთა დემობილიზაცია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც ახლოს არის თავდაცვის სამინისტროსთან, ზელენსკის განცხადებებზე კომენტირებისას თქვა: „ჩვენ არ გვჭირდება მობილიზაცია“.

უკრაინაში ამჟამად მზადდება კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ, რომელიც ამ პროცესის გამარტივებას ითვალისწინებს. გუშინ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ადრე მიღებულ კანონებს, რომლებიც ამცირებს წვევამდელთა ასაკს 25 წლამდე და აუქმებს სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისთა კატეგორიას, რაც ხელს შეუწყობს ჯარში დამატებითი წვევამდელების აყვანას.

ზელენსკიმ სტუბთან გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ უკრაინის იერიშს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ზელენსკის თქმით, კრიტიკოსები უნდა ჩამოვიდნენ უკრაინის ქალაქებში, რომლებზეც რუსეთის თავდასხმები ხორციელდება. „რუსეთს არაფერი ესმის, გარდა ძალისა“, - თქვა ზელენსკიმ და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, „მხარი დაუჭირონ უკრაინის პასუხებს“. უკრაინელი სამხედროები, როგორც წესი, არ აკეთებენ კომენტარს რუსეთის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმებზე, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შემთხვევაში კიევი ფაქტობრივად ღიად ადასტურებს, რომ მათ სწორედ უკრაინა ახორციელებს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე (რასაც რუსეთი უარყოფს). შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ამ დარტყმებს.

XS
SM
MD
LG