Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. აგენტების კანონის განხილვა 12 აპრილს დაიწყება


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. 4 მარტი, 2024 წელი - ფოტო არქივიდან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. 4 მარტი, 2024 წელი - ფოტო არქივიდან

პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 12 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.

„ქართული ოცნების“ წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე.

ამავე დროს განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ალტერნატიული პროექტები, რომლებიც წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“. ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას.

შესწორება:

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ კანონპროექტის განხილვის დაწყება გადაიდო. ახალი გადაწყვეტილებით, კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს პირველი მოსმენით ორშაბათს, 15 აპრილს, განიხილავს.

ე.წ. აგენტების კანონის კიდევ ერთი ალტერნატიული კანონპროექტი პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ 4 აპრილს წარადგინეს. პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვას“ ითვალისწინებს.

პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის თქმით, საჭიროა საქართველოს მტრის განსაზღვრა.

„ჩვენ ვსაუბრობთ კანონპროექტზე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], რომელსაც ასიათასობით ადამიანმა სრულიად სამართლიანად დაარქვა რუსული კანონი. თქვენ ამ კანონს ევროპულს უწოდებთ, მოგყავთ საფრანგეთის მაგალითი, იქ საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა სხვადასხვა ჩარევის მაგალითი... რუსეთი არის მთავარი საფრთხე დასავლური დემოკრატიისთვის. ეს არის იმ საგამოძიებო კომისიის ანგარიში გენერალურ ასამბლეაში, რომლის საფუძველზეც საფრანგეთი იღებს ამ კანონს. ჩვენ კი გვყავს ისტორიული მტერი, რომელიც არის ოკუპანტი“, - თქვა ლილუაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა „ქართული ოცნების“ კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარებაც კი. მისი შეფასებით, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციისა და ევროპული მომავლის ღალატი.

„ეს კანონი შეეხება და ასამარებს ამ კანონის ევროპულ მომავალს“, - მიმართა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დაინტერესდა, „ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიკეტება?! ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება. რა თქმა უნდა, ხალხი გაგებინებთ პასუხს. საერთაშორისო პარტნიორების რეზონანსი გაასმაგდება. საქართველოს მოლაპარაკება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, შეჩერდება“.

„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი] არის ბრძოლის კანონი. „როდესაც ამერიკელებმა მიიღეს [1938 წელს], გერმანელებს ებრძოდნენ. დღეს როგორ ვუყურებთ, ვის ვებრძვით, რატომ გვჭირდება ბრძოლის კანონი. თქვენ ვის ებრძვით?“ - მიმართა მან „ქართულ ოცნებას“.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას უპასუხა, რომ „ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის არ ებრძვის, ის არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად... გამჭვირვალობის წინააღმდეგ არიან ეს ქალბატონები და ბატონები“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ზოგი ოპოზიციური ძალა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე გააფუჭოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ „'ქართული ოცნება' თვეების განმავლობაში ყველა პლატფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას გააცნოს, რა კამპანია აწარმოეთ თქვენ... ეს არის ევროპული კანონი!“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტების და აქტივისტების აქცია მიმდინარეობს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG