Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა 15 აპრილამდე გადადო ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყება


არქივის ფოტო: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
არქივის ფოტო: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

8 აპრილს პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურაზე იმსჯელა. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვას 12 აპრილს დაიწყებდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ კანონპროექტების განხილვის დაწყება გადაიდო. ახალი გადაწყვეტილებით, კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს პირველი მოსმენით ორშაბათს, 15 აპრილს, განიხილავს.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG