Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოითხოვს და შეისწავლის


ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამოითხოვენ და შეისწავლიან ლაზარე გრიგორიადისის საქმეს.

"უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაცნობებთ", - თქვა ლევან იოსელიანმა ლაგოდეხში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

დღეს, 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა აქციების დროს პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. ეს დანაშაულები შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
  • 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).

ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, - უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა პრეზიდენტს დღესვე მიმართეს მისი შეწყალების თხოვნით.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG