Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო


"ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს..." - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი
"ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს..." - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ოფიციალურად შეწყალების აქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი, ასევე ამბობს, რომ მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება მცდელობები მთავარსარდალი და პოლიცია დააპირისპირონ, თუმცა მისივე თქმით, გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. მას პროკურატურა აქციების დროს პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასა და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა.

"ახლა იქნება მცდელობა... ნაცი, ნაცი მიჩვეული ვარ, ხან ნაცი ვარ ხან "კაგებე", ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ. იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია... აი, ეს დაპირისპირება. მე მინდა, პოლიციას ვუთხრა: ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია", - ამბობს ზურაბიშვილი.

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
  • 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG