Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ევროპარლამენტარია ეჭვმიტანილი კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან დაფინანსებაში


სპეცსამსახურების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი, რომლის მიზანია ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე გავლენა და რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატის არჩევა.
სპეცსამსახურების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი, რომლის მიზანია ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე გავლენა და რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატის არჩევა.

ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატი, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი მაქსიმილიან კრა ნიუ-იორკში ვიზიტისას აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხეს კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან შესაძლო დაფინანსების გამო.

გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის და ტელეკომპანია ZDF-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპარლამენტარი 2023 წლის დეკემბერში დაკითხეს. მაქსიმილიან კრა ამ ფაქტს ადასტურებს, მაგრამ უარყოფს რუსული ფულის მიღებას.

გერმანული მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების განკარგულებაში აღმოჩნდა პრორუსი აქტივისტის, ოლეგ ვოლოშინის მიერ ევროპარლამენტარისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომ მისი „ტექნიკური დავალებისთვის კომპენსაციის“ პრობლემა მოგვარებულია და „ყველაფერი ისევ ისე იქნება", როგორც ადრე.

მაქსიმილიან კრა ირწმუნება, რომ ვოლოშინისგან ფული არასდროს მიუღია და ეს შეტყობინება ან სხვისთვის იყო განკუთვნილი, ან ეხებოდა დრეზდენში, ოპერის მეჯლისზე დასასწრებ ბილეთს, რომლის საფასური თავად გადაიხადა და ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო ვოლოშინმა აზრი არასწორად გამოთქვა. თავად ოლეგ ვოლოშინმა გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

Der Spiegel-ი წერს, რომ ოლეგ ვოლოშინი უკრაინის პარლამენტის დეპუტატი იყო პუტინის ნათლიმამად წოდებული ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“. უკრაინამ ეს პარტია 2022 წლის მარტში აკრძალა. ოლეგ ვოლოშინი დაუსწრებლად ბრალდებულია სახელმწიფო ღალატში.

გერმანული გამოცემა წერს, რომ ევროპარლამენტარ კრას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ონლაინპლატფორმა Voice of Europe-თანაც. ჩეხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ეს პლატფორმა შესაძლოა, იყოს კრემლის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე ზეგავლენისთვის. არჩევნები 2024 წლის ივნისშია დაგეგმილი.

2024 წლის 12 აპრილს, ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება. საუბარია მოსკოვის მიზანზე, ივნისის არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში აღმოჩნდეს რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატი.

გარდა ამისა, ბელგიის სპეცსამსახურებმა დაადასტურეს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG