Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მეგობრების გაწირვის გარეშე


საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორთა დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ კაილი ხელმძღვანელობდა. ნიკო ნერგაძე მას ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაესაუბრა. სენატორმა კაილმა საუბარი საქართველოში სტუმრობის მიზეზებზე ლაპარაკით დაიწყო.

სენატორი კაილი: ჩვენს ვიზიტს ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს - ქვეყანასა და ხალხს. მხარს ვუჭერთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიზაციისა და თავისუფალი ბაზრისკენაა გადადგმული. ჩვენ გვინდა საქართველოსა და ამერიკას შორის, ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, ახლო კავშირების უზრუნველყოფა. ამას გარდა, ჩვენ გვინდოდა შეძლებისამებრ შეგვესწავლა ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ინფორმაცია სხვადასხვა ხალხისგან გვინდოდა მიგვეღო - როგორც მთავრობისგან, ისე მათგან, ვინც მთავრობაში არ არის, და დაგვედგინა, თუ როგორი იქნება ამერიკისათვის საუკეთესო გზა საქართველოსთან ურთიერთობისა.
ჩვენ არ გავიღებთ მსხვერპლად საქართველოს მომავალს რუსეთთან „გადატვირთის“ ურთიერთობის რაღაც თეორიული ღირებულებების სანაცვლოდ...

რადიო თავისუფლება: და რა საკითხები წამოიჭრა?

სენატორი კაილი: ყველანაირი საკითხი წამოიჭრა. ჩვენ ვილაპარაკეთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე; ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც რუსეთმა წამოჭრა... ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ვიმსჯელეთ საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე; მთავრობასთან ერთად განვიხილეთ შესაძლებლობა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისა. განვიხილეთ აგროკულტურული სექტორის განვითარების მნიშვნელობა, რათა ამ სექტორმა შეძლოს სრული პოტენციალით ამოქმედება, და ვილაპარაკეთ თანადგომაზე, რომლის გაწევაც ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია.

რადიო თავისუფლება: დგას თუ არა ამერიკის მთავრობის წინაშე ურთიერთობების დაბალანსების საკითხი? ანუ ცვლის თუ არა რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკა“ დამოკიდებულებას ამერიკის მოკავშირეებთან?

სენატორი კაილი: მე ჩემი თვალთახედვის არიდან ვილაპარაკებ, როგორც ამერიკის სენატის რესპუბლიკელი წევრი. ვიმედოვნებ, რომ შეკითხვის პასუხი ასეთი იქნება: ჩვენ არ გავიღებთ მსხვერპლად საქართველოს მომავალს რუსეთთან „გადატვირთის“ ურთიერთობის რაღაც თეორიული ღირებულებების სანაცვლოდ. ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის ცალკე უნდა ვითარდებოდეს და არც ერთი ქვეყანა თუ ხალხი არ უნდა გახდეს პაიკი, რომელსაც შეერთებული შტატები გაწირავს იმის გამო, რომ გვინდა უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ჩვენ ამას ასე ვხედავთ. მე მგონია, რომ ადმინისტრაციაც საკუთარ დამოკიდებულებას ანალოგიურად გამოხატავდა. სხვა საკითხია, თუ რამდენად ყველა აღიქვამს მათ ქმედებებს ამის შესაბამისად. მაგრამ, ჩვენი პერსპექტივით, მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს უსაფრთხოებას. თუ ეს ნიშნავს თავდაცვითი შეიარაღების შეძენას, მაშინ დაე იყოს ასე. საქართველოს სურს, რომ ნატოს წევრი გახდეს და ამერიკამ უნდა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ასევე, რუსეთის შემოჭრის საკითხს ბევრი ჩვენგანი კარგად ვერ დაინახავს. მე ვიცი, რომ ზოგს ურჩევნია ამ ფაქტზე ყურადღება არ გაამახვილოს, რადგან ეს ძაბავს ურთიერთობას ამერიკასა და რუსეთს შორის და არავის მოსწონს ეს დაძაბულობა, მაგრამ, ამავე დროს, რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მხარი დაუჭიროს მეგობრებს და, ამავე დროს, სცადოს ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან მეგობრების გაწირვის გარეშე.
ეჭვგარეშეა, რომ ირანი აქტიურადაა ჩართული საქმიანობაში, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და, ეჭვი მაქვს, საქართველოს ინტერესებსაც...

რადიო თავისუფლება: თქვენ ბრძანეთ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია და რესპუბლიკური პარტია ერთმანეთის მსგავსად გამოხატავენ დამოკიდულებას ამ საკითხის მიმართ. ამავე დროს, თქვენს სიტყვებში იგრძნობოდა ერთგვარი ეჭვი, რომ ამერიკის მთავრობის ქმედებები და განცხადებები შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. როგორ ფიქრობთ, ასეა ეს?

სენატორი კაილი: მინდა ნათელი იყოს, რომ როდესაც რესპუბლიკელი სენატორები საზღვარგარეთ ვართ, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ჩვენს ადმინისტრაციას ან მთავრობას. ჩვენ შორის ბევრია განსხვავება, მნიშვნელოვანი განსხვავება, და ჩვენ ამას სამშობლოში გამოვხატავთ ხოლმე. მაგრამ, როდესაც აქ ვართ, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას და, მათ შორის, პრეზიდენტს. ჩვენ არ ვაპირებთ, ის გავაკრიტიკოთ ან ძირი გამოვითხაროთ. ჩვენი - რესპუბლიკელების - პოზიცია მკაფიოა: ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა უნდა იდგეს ცალკე და არ არის საჭირო მისი გაუმჯობესება ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების ინტერესების დათმობით. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ აზრზე. ასევე მტკიცედ მიგვაჩნია, რომ მსხვერპლად არ უნდა შევწიროთ შეერთებული შტატების ინტერესები და, ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს უთანხმოება ამერიკის ადმინისტრაციასთან. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რაღაცები ჩვენთვის მომგებიანია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ, პირიქით, წამგებიანია და რომ რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო გაუმჯობესება არ გვიღირს ამ პოლიტიკის გატარებად.

რადიო თავისუფლება: რეგიონში უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ირანია. განიხილებოდა შეხვედრებზე ირანის საკითხი?

სენატორი კაილი: ირანზე, წესით, მეტი უნდა გველაპარაკა, თუმცა ეს საკითხი რაღაც დონეზე წამოიჭრა. ეჭვგარეშეა, რომ ირანი აქტიურადაა ჩართული საქმიანობაში, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და, ეჭვი მაქვს, საქართველოს ინტერესებსაც.

რადიო თავისუფლება: ამავე დროს, საქართველო ცდილობს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ირანთან...

სენატორი კაილი:
საქართველო თავის სამეზობლოში ცხოვრობს. მაგალითად, საქართველოსთვის - და, ალბათ, რუსეთისთვისაც - მომგებიანი იქნება ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები. ასევე მეზობელია ირანი და მეზობელია თურქეთიც... უნდა შეგეძლოს მეზობლებთან ურთიერთობა - თან ისე, რომ ნულოვანჯამოვანი თამაში არ გამოვიდეს და ყველამ შეძლოს სარგებლის ნახვა სამეზობლო თანამშრომლობის შედეგად. თუ საქართველო- ირანს შორის ურთიერთობა არ იქნება ამერიკის ინტერესების საზიანო, ჩვენ, ცხადია, არ გვექნება პრობლემა ამ ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG