Accessibility links

logo-print

საქართველო აბრეშუმის გზის გასაყარზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე"

თბილისში გაიხსნა ორდღიანი „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომლის 800-მდე მონაწილე აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავს. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი - აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნისა და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ფორუმს განიხილავენ როგორც შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის.

ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, კულტურული თანამშრომლობა - ესაა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც მსჯელობენ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შეკრებილი 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის სარგებლის მოტანა:

„საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და ჩვენთან არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გამო. რამდენიმე კვირის წინ ჩინეთს ვსტუმრობდი, სადაც წარმოუდგენლად თბილი დახვედრა მომიწყვეს. ამ მოგზაურობისას ვნახე, თუ რამდენად ბევრი ბიზნესმენია დაინტერესებული საქართველოთი და იმით, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიციები. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ კომერციულ კარიბჭედ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და ახლო აღმოსავლეთს“.

ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აღნიშნულ იდეაში. იცით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა პირველი საკონტეინერო მატარებლის გადაზიდვა და ჩვენ ჩავეტიეთ 9 დღის ვადაში, მაშინ როცა ზღვის მარშრუტს 45 დღე სჭირდება...

იმაზე საუბრისას, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღანიშნა, რომ ფორუმში მონაწილე კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი შეინიშნება ინვესტიციების განხორციელებისა როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკის სფეროში და ა. შ.:

„ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აღნიშნულ იდეაში. იცით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა პირველი საკონტეინერო მატარებლის გადაზიდვა და ჩვენ ჩავეტიეთ 9 დღის ვადაში, მაშინ როცა ზღვის მარშრუტს 45 დღე სჭირდება. ამან გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება და ჩვენ სპეციალურ პანელს მივუძღვნით ამ პროექტს“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ნავსადგურის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება.მისითუკვე დაინტერესებულნი არიან უდიდესი ჩინური კომპანიები. რკინიგზის მთავარ მაგისტრალთან პორტის დასაკავშირებლად 20-კილომეტრიანი მონაკვეთია ასაშენებელი და ამ სამუშაოს ქართული მხარე ჩინურ პარტნიორთან ერთად განახორციელებს:

„ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ახლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მართვის გამარჯვებულის გამოვლენის ბოლო ეტაპზე ვართ და ზუსტად ეს არის ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში“.

გაცილებით მნიშვნელოვანია მთლიანი საინვესტიციო კლიმატი გავაუმჯობესოთ და თუ ასე მოხდება, ჯერ კიდევ დაბალი გადასახადები გვაქვს, ჯერ კიდევ შედარებით მარტივი რეგულაციები გვაქვს და, ამის გათვალისწინებით, ინვესტორები მოვლენ...

პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი იმყოფება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ სტუმრობენ: ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანია; "ეკონომისტის“ წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.

ფორუმში მონაწილე სტუმრების განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა თავისი სატრანზიტო პოტენციალით და ბიზნესის კეთების სიმარტივით. ამასთან, ქვეყანაში კორუფციის დაბალი მაჩვენელია, რაც, მთლიანობაში, მას საინვესტიციო პოტენციალით უცხოელი მეწარმეებისთვის საინტერესოს ხდის.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, მსგავსი ფორუმების ეფექტი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ხოლმე, მაგრამ ის მაინც ფიქრობს, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის და, ამ თვალსაზრისით, ანაკლიის პორტით დაინტერესება მნიშვნელოვანია:

„გაცილებით მნიშვნელოვანია მთლიანი საინვესტიციო კლიმატი გავაუმჯობესოთ და თუ ასე მოხდება, ჯერ კიდევ დაბალი გადასახადები გვაქვს, ჯერ კიდევ შედარებით მარტივი რეგულაციები გვაქვს და, ამის გათვალისწინებით, ინვესტორები მოვლენ. მაგრამ, ამასთან, მთავარია სასამართლოს რეფორმა წავიდეს წინ, პოლიტპატიმრები აღარ გვყავდნენ, თორემ, ისე, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პოტენციალი ქვეყანას აქვს“.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ 16 ოქტომბერს დასრულდება.ფორუმის ფარგლებში გაიმართება მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა შეხვედრები და გაფორმდება თანამშრომლობის დეკლარაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG