Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში და ოპოზიციის პრეტენზიები ზუგდიდში


ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მასშტაბით 92-ე საარჩევნო უბნიდან შესული ბიულეტენების დათვლა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ წუხელ 02:30 საათზე დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, თითქმის ყველა უბანზე ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

მმართველი გუნდიდან ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ ქვარაიას ხმების 70,17% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლევან კონჯარიას – 29,83%.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ედიშერ თოლორაიამ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 71,09% მიიღო, სანდრა რულოვსმა კი – 28,91%, იმის მიუხედავად, რომ მან უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ზუგდიდის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 69,63%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლაშა გოგიამ გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ გაბუნიას ხმათა 30,37% აქვს.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა არ იყო მაღალი და, ჯამურად, 31.44% შეადგინა.

რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 14 საჩივარია შესული. ისინი, ძირითადად, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება:

„პროცედურულ დარღვევებზეა. ერთ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, საუბარია ისევ „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრის წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და არის, ძირითადად, წვრილ-წვრილ დარღვევებზე“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ოყუჯავამ.

წინასწარი შედეგების გამოცხადებას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციაში ფოერვერკებითა და სიმღერით შეხვდნენ.

„ძალიან ამაღლებული განწყობაა ჩვენს შტაბში. ასე რომ ვთქვათ, შთამბეჭდავი გამარჯვებაა. ამავე დროს გვაქვს დიდი მადლიერების გრძნობა თითოეული ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, თითოეული ჩვენი თანაქალაქელის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, ყველა კანდიდატი ჩემთან ერთად იღებდა ამ არჩევნებში მონაწილეობას, შტაბის თითოეული წევრი დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ ნდობას“, – განაცხადა ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.

არჩევნების შედეგებს დარღვევებისა და ამომრჩევლის დაშინების გზით მიღწეულს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში. შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში გეგმავს გამოაქვეყნოს ფოტო- და ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების ნაწილი. მათ შორის, სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსული დევნილების მოსყიდვის ფაქტი:

„კენჭისყრის დღეს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ბიულეტენი იყო ისეთი, სადაც ოთხკუთხედად იყო ამოხაზული 41 ნომერი. პედაგოგებს და ბაღის მასწავლებლებს ჰქონდათ ასეთი დავალება, რომ ასე შემოეხაზათ. ამით აკონტროლებდა „ქართული ოცნება“ მათ ხმებს. იყო უბნები, სადაც, ბიულეტენთან ერთად, ჩაგდებული იყო ამომრჩევლის ბარათები, სადაც სახელი და გვარია მითითებული. ასეთი დავალება ჰქონდა გამგეობისა თანამშრომლებს და სოფლის სკოლის თანამშრომლებს, რომ ამით გაეკონტროლებინათ მათი ხმები. იყო მოსყიდვის ფაქტები. ჩვენ მასალაც გვაქვს სოფელ ხურჩაში გადმოსულ მოსახლეობას, როგორ აძლევდნენ ფულს“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ პირველში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა გამსვლელი ხმების 50+1 რაოდენობა. მეორე ტურს 22 ოქტომბერს წინ უძღოდა განმეორებითი არჩევნები მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ უბანზე, სადაც პირველ ტურში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უბნები დაარბიეს, რის გამოც არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა და განმუხურის ერთ უბანზე, სადაც აღმოჩენილი დარღვევებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები ბათილად ცნო.

XS
SM
MD
LG