Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული სამხედროები საქართველოში გადმოასვენეს


სამგლოვიარო ცერემონია თბილისის აეროპორტში
სამგლოვიარო ცერემონია თბილისის აეროპორტში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ლაინერი 2:25 საათზე ჩამოფრინდა. ამავე თვითმფრინავს ჩამოჰყვა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩამოასვენეს; მათ ადგილზე დახვდათ საპატიო ყარაული და შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.

„მე მინდა, განსაკუთრებულად მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, მთავარი ამოცანაა, რომ მათ მოვუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად ჩვენი მომავლისთვის გადადეს თავი, საქართველო ამას დააფასებს... “, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი – 2009 წლიდან; პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი – 2010 წლიდან; რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი – 2012 წლიდან; პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი – 2010 წლიდან; პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი – 2010 წლიდან; კაპრალმა ბორის ცუგოშვილმა შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა.
XS
SM
MD
LG