Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში და ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში, აქედან ერთი - ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ხოლო მეორე - ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე ბრალდებებთან დაკავშირებით ბრალი ჰქონდა წაყენებული კიდევ შვიდ პირს და მათ შორის იყო გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, რომელიც სხვებთან ერთად ასევე უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა 1 აგვისტოს დაასრულა და განაჩენიც დილით გამართულ სხდომაზე გამოაცხადა. ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით, 5 თვის განმავლობაში, გაიმართა 50 სხდომა და დაცვის მხარის 30 მოწმესთან ერთად, დაიკითხა ბრალდების მხარის 93 მოწმე.

როგორც პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ბრალდების მხარეს ამისათვის ერთთვიანი ვადა აქვს.

ბრალდებათა ნაწილში გამართლების მიუხედავად, ბაჩო ახალაია საპატიმროში რჩება. სხვა საქმეებზე მისთვის წაყენებული ბრალი - წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეეხება. კერძოდ საუბარია: შს მინისტრობის დროს არასათანადო მოპყრობაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიმართ. მას ასევე ედება ბრალი პატიმრის ცემაში, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის დროს. გამოძიების თანახმად, ამ ფაქტს მოჰყვა ციხის ბუნტი, რომელსაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაჩო ახალაია ბრალდებებს ამ საქმეებთან დაკავშირებითაც უარყოფს.
XS
SM
MD
LG