Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაგვარწმუნეთ, რომ ტყუილად ვაპროტესტებთ“


თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო პროტესტი აღსაზრდელთა მშობლებმა 25 მარტს ჯერ თბილისის მერიასთან აქციით, შემდეგ კი საკრებულოში შეხვედრებით გამოხატეს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებში გარკვევას ცდილობენ თავად დირექტორებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ დაკავებული თანამდებობა მათ პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს. მღელვარება გრძელდება. შექმნილ ვითარებაში ბაგა-ბაღების სააგენტო ირწმუნება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ გაართვეს თავი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ, რამდენიმე დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, დაახლოებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთხელ განმარტა, რომ დირექტორების საქმიანობის შეფასება და, შესაბამისად, მათი გათავისუფლებაც პოლიტიკური ნიშნით არ ხდება:

“ყველა განთავისუფლებულ დირექტორზე არსებობს შესაბამისი დასკვნა და ჩვენ ამ დასკვნებს, გამოთხოვის შემთხვევაში, წარვუდგენთ შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს“.

რიგ ბაღებში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები. რაც შეეხება სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და ასევე კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტებს...
ბადრი გიორგაძე

სააგენტოს თანახმად, ბაგა-ბაღების დირექტორთა ნაწილის - 8 დირექტორის - სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მათთვის დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით არაერთი დარღვევა გამოვლინდა, უმეტესად - კვებისა და საწყობის ბლოკებში. სააგენტოს მონიტორინგის სამსახური მიუთითებს საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებზეც. მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსი ბადრი გიორგაძე სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივ და არასწორ ხარჯვაზეც ლაპარაკობს:

“რიგ ბაღებში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები. რაც შეეხება სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და ასევე კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტებს, თითოეულ ბაღში, რომელზეც ჩვენმა სამსახურმა გააკეთა რეკომენდაცია და მისცა რეკომენდაცია სააგენტოს დირექტორების გათავისუფლებაზე, აღმოჩენილი იქნა ზედმეტად ჩამოწერის ფაქტები, თანხობრივად - 20-დან 35 000 ლარის ფარგლებში“.

აუდიტის სამსახურის ინსპექტირება 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. დირექტორების გათავისუფლება სწორედ აუდიტის სამსახურის მოთხოვნას მოჰყვა. როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, აუდიტის დასკვნა დირექტორების გასათავისუფლებლად საკმარისი არ უნდა ყოფილიყო:

“ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სააგენტო ვერ გათავისუფლდა წინა ხელისუფლების მეთოდებისგან და ის არა პარტნიორია დღეს ბაღების დირექტორების, არამედ ის ემსგავსება, სამწუხაროდ, - ჩვენ არ გვინდა რომ ასე იყოს, -სადამსჯელო ორგანიზაციას, რომელიც სჯის დირექტორებს. ჩვენ არ ვთვლით, რომ წარმოდგენილ დასკვნებში ხარვეზების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ერთბაშად 8 დირექტორის გათავისუფლება, შესაძლებელი იყო შესწავლა პრობლემების უკეთესად. ეს საკითხი არის შესასწავლი. ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს სისტემურ ხარვეზთან პრობლემა და არა კონკრეტულ ერთ ბაღთან“.

პირველ რიგში რაც იკვეთება, არის ის, რომ შესაძლოა ამ აუდიტს, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად შეესწავლა მხოლოდ ის საკითხები, სადაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოვლენილიყო დარღვევა და რაც შეიძლება წინასწარგანზრახვით ყოფილიყო ჩადებული იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოთ უკვე შემდეგ...
მიხეილ ბენიძე

ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ სხვა ბაღებშიც რომ ჩატარდეს აუდიტი, სავარაუდოდ, იდენტური ხარვეზები გამოვლინდება. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრაქციის ფორმატში ორივე მხარეს - ბაღების სააგენტოსა და გათავისუფლებულ დირექტორებს - მოუსმინა. დირექტორები კი თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლას სამართლებრივადაც აპირებენ. დახმარებისთვის „სამართლიან არჩევნებს“ ოთხმა გათავისუფლებულმა დირექტორმა მიმართა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, საქმის მასალების პირველადი შეფასებით, შეიძლება იმის თქმა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები დირექტორების გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით უდავოდ ჩნდება. კითხვები ეხება იმასაც, რამდენად შეიძლებოდა აუდიტის დასკვნები დირექტორების სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ქცეულიყო:

“პირველ რიგში რაც იკვეთება, არის ის, რომ შესაძლოა ამ აუდიტს, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად შეესწავლა მხოლოდ ის საკითხები, სადაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოვლენილიყო დარღვევა და რაც შეიძლება წინასწარგანზრახვით ყოფილიყო ჩადებული იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოთ უკვე შემდეგ. უფრო დეტალურად საქმის მასალებს გავეცნობით, იმდენად, რამდენადაც ვხედავთ, რომ ტენდენცია და საქმის წარმართვა, დაახლოებით, ერთი და იმავე სცენარით იყო ყველა სხვადასხვა შემთხვევაში. პრინციპში, პირველადი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რომ ერთობლივი სარჩელის შეტანა შეიძლება“.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბაღების სააგენტოს მიმართა თხოვნით, ორგანიზაციას მიაწოდოს 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე გათავისუფლებული დირექტორების სია, ცნობები მათი გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, ყველა სათანადო ინფორმაციის მითითებით. თავად გათავისუფლებული დირექტორები კი, სამართლებრივთან ერთად, არც ბრძოლის რადიკალური მეთოდების გამოყენებას გამორიცხავენ:

“თუკი ასეთი დაუნახაობა იქნება, რომ არაფრად გვაგდებენ, მოგვაწებეს რაღაცა იარლიყები, მაშინ, დიახაც, გავაკეთებთ ამას, რომ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ მთელი ბაღების პარალიზება გავაკეთოთ“.

სამსახურიდან გათავისუფლებულ დირექტორებს სოლიდარობას უცხადებენ პედაგოგები და მშობლებიც. მშობლებმა 25 მარტს დილიდან ჯერ თბილისის მერიასთან გამართეს აქცია, შემდეგ კი საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ყველა კომპეტენტურ პირს და უწყებას მოუსმინონ იმაში დასარწმუნებლად, რომ ბაღის დირექტორთა გათავისუფლების დასახელებული მიზეზები მართებულია. „დაგვარწმუნეთ, რომ ტყუილად ვაპროტესტებთ“, ამბობენ მშობლები და სათანადო საბუთებისა და არგუმენტების მიღებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG