Accessibility links

ბაქოში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციამ დაშალა და ათობით პირი დააკავა. ბაქოს დემონსტრაცია მიზნად ისახავდა სოლიდარობის გამოხატვას ცენტრალური აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილიში ახლახან ჩატარებული საპროტესტო აქციების მიმართ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, პოლიციამ აქციის 100-მდე მონაწილე დააკავა, მათ შორის ცნობილი ბლოგერი ემინ მილი, უფლებადამცველი მალაჰატ ნასიბოვა და გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ბაქოს აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტი დაგმო ნორვეგიაში განთავსებულმა ორგანიზაციამ, "ადამიანის უფლებების სახლის ფონდმა" (HRHF). გავრცელებულ განცხადებაში ფონდი დაკავებულების დაუყოვნებელი და უპირობო განთავისუფლების მოწოდებით გამოდის და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კრიტიკული ხმების, მათ შორის უფლებადამცველების, დასჯა“. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდა აქტივისტები იყვნენ. აქციის მიზანი იყო ისმაილიში დემონსტრანტების წინააღმდგეგ ძალის გამოყენების გაპროტესტება. ამ ეტაპისთვის ბოლო საპროტესტო აქცია ისმაილიში 24 იანვარს გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და ათობით დემონსტრანტი დააკავა.
XS
SM
MD
LG