Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბოლო პრესკონფერენცია


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო პრესკონფერენცია გამართა და მისი დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს დაუთმო. მან 18 იანვარს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ პრეზიდენტობის პირველივე ვადის დასაწყისში, 2009 წელს, შეეცადა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებას და რომ რუსეთში ანტიამერიკული რიტორიკა გამწვავდა 2012 წელს, პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ.

გადმოწერა

ბარაკ ობამას აზრით, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტის პოსტთან გამოთხოვებამდე ორი დღით ადრე გამოთქვა, რუსეთისათვის დაწესებული სანქციები არ უნდა დაუკავშირდეს საკითხს, როგორიც არის ბირთვული არსენალის შემცირება.

მიზეზი, რატომაც რუსეთს სანქციები დავუწესეთ - შეგახსენებთ - იყო არა ბირთვული შეიარაღების საკითხი, არამედ ერთ-ერთი ქვეყნის, უკრაინის, დამოუკიდებლობისა და სუვერენობის დარღვევა რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით. ეს იყო არა მარტო ჩვენი დასკვნა, არამედ იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნა“, - ობამას ეს განცხადება აშკარად გაკეთდა, პირველ რიგში, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საყურადღებოდ. ინტერვიუში, რომელიც 16 იანვარს გამოაქვეყნეს ბრიტანეთის გაზეთმა „ტაიმსმა“ და გერმანიის „ბილდმა“, ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილობრივ გაუქმება ბირთვული არსენალის შემცირების სანაცვლოდ. ობამა აშკარად არ იზიარებს ტრამპის ამ პოზიციას.

„ვფიქრობ, რომ არა მარტო ამერიკის ინტერესების, არამედ საერთაშორისო ნორმების დაცვის ინტერესებისთვისაც საუკეთესო იქნებოდა, თუ ვიზრუნებდით იმაზე, რომ მთელ რიგ სხვა საკითხებში არ ავურიოთ მიზეზი, რომლის გამოც ეს სანქციები ამოქმედდა“, - განაცხადა ობამამ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე.

რუსეთი, თავის მხრივ, აშშ-ს აკრიტიკებს 2003 წელს ერაყში შეჭრის, ხოლო ობამას მმართველობის წლებში - ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოლიტიკის, 2011 წელს ლიბიაში ინტერვენციის გამო.

18 იანვრის პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამას განცხადებები ნათელყოფდა, რომ მას სავსებით გამართლებულად მიაჩნია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი. მან გაიხსენა 2010 წელი, ანუ თავისი პრეზიდენტობის მეორე წელი, როცა ვაშინგტონმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს „ახალ სტარტს“ - ხელშეკრულებას ორივე ქვეყანაში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ: „ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებში და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია ის, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს. ეს იყო ჩემი მიდგომა მთელი პრეზიდენტობის დროს. სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, ერთად ვმუშაობდით. ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში გავაკეთე ის, რის გაკეთებაც შემეძლო, რათა რუსეთი წამექეზებინა, ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსტრუქციული წევრი, და შევეცადე რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობასთან მემუშავა მათი ეკონომიკის დივერსიფიკაციაში, მათი ეკონომიკის გაუმჯობესებაში, რუსეთის ხალხის გასაოცარი შესაძლებლობების უფრო კონსტრუქციულად გამოყენებაში დასახმარებლად“.

ობამამ გაიხსენა ისიც, რომ „ახალ სტარტზე“ ხელმოწერის შემდეგ ვლადიმირ პუტინს შესთავაზა ბირთვული არსენალის კიდევ უფრო შემცირება, მაგრამ მოსკოვს ასეთი სურვილი არ გამოუვლენია. ამჟამად კი ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია, რის გამოც ბევრი ხედავს გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპის საფრთხეს. ობამას აზრით, ორხმრივი ურთიერთობის გაუარესება 2012 წლის მაისში, პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ, დაიწყო.

„ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ გამწვავდა ანტიამერიკული რიტორიკა და საერთაშორისო პოლიტიკისადმი მიდგომა, რომელიც, როგორც ჩანს, ეფუძნება წარმოდგენას, რომ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ამერიკა ცდილობს, ცუდია რუსებისათვის და ამიტომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენო. ეს არის დაბრუნება მტრული დამოკიდებულებისა, რომელიც, ვფიქრობ, ცივი ომის დროს არსებობდა და რომელმაც ჩვენი ურთიერთობა გაართულა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთთან შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხებს დაეთმო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG