Accessibility links

logo-print

მძღოლი ავტომანქანას არაფხიზელი, ხოლო პოლიციის უფროსი მოწმობის გარეშე მართავდა


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქცია შსს-ს წინ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქცია შსს-ს წინ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიკერძოებულად მიიჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2 აპრილს გამოაქვეყნებულ დასკვნას, რომელიც უდანაშაულოდ აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსს - ვალერიან თელიას. დასკვნა გამოქვეყნდა პოლიციის უფროსსა და საიას მძღოლს შორის 28 მარტს ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამას მართვის მოწმობის უქონლობის თემაც დაერთო.

გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, 28 მარტს ავარიული სიტუაციაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მძღოლმა როინ ფარტენაძემ შექმნა და მანვე გამოავლინა თავშეუკავებელი აგრესია აჭარის პოლიციის უფროსის ვალერიან თელიას მიმართ.

”ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას. ვ.თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა”, - ვკითხულობთ გენერალური ინსპექციის დასკვნაში.

თუ რა იგულისხმება ”გარკვეულ დაძაბულობაში”, ამის შესახებ დასკვნა არაფერს ამბობს, მაგრამ, როგორც თავად საიას მძღოლი და მისი თანმხლები პირები ჰყვებიან, პოლიციის უფროსმა მათ არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დააკლო და არც ფიზიკური - იქნებოდა ეს ტანსაცმლის გახევა თუ ანთებული სიგარეტის სროლა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სიმართლის დადგენის მიზნით, იმ დღესვე მოითხოვა ჩანაწერების ამოღება სათვალთვალო კამერებიდან, თუმცა ჩანაწერის მოპოვება მხოლოდ გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსის" აფთიაქის სათვალთვალო კამერიდან მოხერხდა, რაც შსს-მ 28 მარტსვე გაავრცელა. გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი
დაუდევრობით დაუზიანდათ სწორედ ის მტკიცებულება, რომელზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ის ასახავს ობიექტურად რეალობას და, ამავე დროს, არ დაუზიანდათ ის მტკიცებულება, რომელიც შსს-მ გაავრცელა...

მოიპოვა პოლიციის თანამშრომელმა ვინმე გ.ს.-მ, რომელსაც მანამდე გაუფუჭდა სხვა ჩანაწერი, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ,,ბათუმის სახლის" გარე ვიდეოსათვალთვალო კამერიდან ამოღებისას. არადა, სწორედ ამ ჩანაწერს მიიჩნევდა საია საგანგებოდ მნიშვნელოვნად სიმართლის დადგენისთვის. მართალია, გენერალური ინსპექციის ცნობით, გ.ს. დაისაჯა და მას სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, მაგრამ ყოველივე ამან სერიოზული ეჭვი გაუჩინა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს:

”დაუდევრობით დაუზიანდათ სწორედ ის მტკიცებულება, რომელზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ის ასახავს ობიექტურად რეალობას და, ამავე დროს, არ დაუზიანდათ ის მტკიცებულება, რომელიც შსს-მ გაავრცელა. უფრო მეტიც: თუ ის კონკრეტული თანამშრომელი, რომელსაც დაუზიანდა მტკიცებულება, შემჩნეული იყო იმაში, რომ არ შეეძლო მას მტკიცებულების სათანადოდ მოპოვება თუ ამოღება, მაშინ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რატომ გააგზავნა ინციდენტის დღეს შსს-მ იგივე თანამშრომელი მტკიცებულების ნაწილის ამოსაღებად საღამოს საათებში?”

საიას ხელმძღვანელს, 28 მარტის ინციდენტმა სხვა არაერთი კითხვის ნიშანი დაუტოვა. მაგალითად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ დადგა აჭარის პოლიციის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ როცა გავრცელებული (შორიდან გადაღებული) ვიდეომასალაც კი იძლევა ამის სრულ საფუძველს. სწორედ ამიტომ, გენერალური ინსპექციის დასკვნამ კახა კოჟორიძე სრულიად უკმაყოფილო დატოვა:

”ეს დასკვნა არის ცალსახად არაობიექტური და მიკერძოებული და სარწმუნო არგუმენტაციას ცალსახად მოკლებული”.

აბსოლუტურად სხვაგვარია შინაგან საქმეთა მინისტრის მიდგომები. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა 2 აპრილს უთხრა ჟურნალისტებს, მთავარი ის კი არ არის, რომ ვიდეოჩანაწერი ”წაეშალა თუ წაშალა” ვინმემ, არამედ ის, რომ შსს-მ მაშინვე მოიპოვა და გამოაქვეყნა ალტერნატიული წყაროდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი. მინისტრი თვლის, რომ 28 მარტს პოლიციის უფროსი პოლიციელის ღირსებას იცავდა:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი


”ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და, რა თქმა უნდა, მე არ ვამართლებ, რომ იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი (შეიძლებოდა იდეალურად ყოფილიყო... უფრო უკეთესად ყოფილიყო...). მაგრამ მას აქვს, რა თქმა უნდა, მუნდირის ღირსების განცდა. ის არის პოლიციელი, ის არის აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და ის იყო ვალდებული, რომ დაეცვა საკუთარი მუნდირი”.

არც შინაგან საქმეთა მინისტრს უთქვამს და არც გენერალური ინსპექციის დასკვნაშია ასახული, რომ, თურმე, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია მართვის მოწმობას არ ფლობს. არადა, ამგვარი ეჭვის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ შეატყობინა, 2 აპრილს კი მას ეს ეჭვი დაუდასტურა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ.

"მოქალაქე ვალერიან თელიას სახელზე, დაბადებული 1979 წლის 7 აპრილს, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მძღოლის მართვის მოწმობა არ არის გაცემული. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არის აღრიცხული", - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ წერილში, რომელიც 2 აპრილს მიიღო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.
ოპერატიულ დავალებაზე წასული პოლიციელი დასიგნალების გამო ძირს არ ჩამოდის და ხელჩართულ ბრძოლას არ მართავს. იმას აგვიანდება ოპერატიულ საქმეზე, რომელიც გადაუდებელი, სასწრაფოა...


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ქარცივაძის განმარტებით, ვალერიან თელიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, რაზეც სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.

”მთელი გუნდი, მთელი სისტემა მუშაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ როგორმე ჩვეულებრივი მოქალაქე გაემტყუნებინათ და პოლიციის მაღალჩინოსანი დაეფარათ. ვფიქრობდი, რომ ამ ცნობას არ მოგვცემდნენ, მაგრამ რატომღაც მოგვცეს და მე ამის პასუხიც მაქვს. შსს ამ ფაქტს გაამართლებს იმით, რომ ბატონი ვალერიან თელია მიდიოდა ოპერატიულ დავალებაზე, მაგრამ ოპერატიულ დავალებაზე, ჯერ ერთი, პოლიციის მაღალჩინოსნები - და თანაც, სამხარეო სამმართველოს უფროსები - არ მიდიან; და მეორე, ოპერატიულ დავალებაზე წასული პოლიციელი დასიგნალების გამო ძირს არ ჩამოდის და ხელჩართულ ბრძოლას არ მართავს. იმას აგვიანდება ოპერატიულ საქმეზე, რომელიც გადაუდებელი, სასწრაფოა”, - განაცხადა გიორგი ქარცივაძემ.

2 აპრილს, ოდნავ მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ვალერიან თელია მართვის მოწმობას არ ფლობს, მაგრამ, უწყების განმარტებით, ოპერატიული საქმე მოითხოვდა, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ავტომანქანის საჭეს თავად მისჯდომოდა.

28 მარტის ინცინდენტის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, სამშაბათს საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ გამოვლენილ თითოეულ ფაქტს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ, რათა სამომავლოდ დაუსჯელობამ ძალადობა არ წაახალისოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG