Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანად დასრულებული შეხლა-შემოხლა ბეშუმში


5 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმში მორიგ წინასაარჩევნო მიტინგს გამართავს. 4 აგვისტოს კი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი თანხმლები პირები აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში გაემგზავრნენ, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მათ ცოცხალი ჯაჭვითა და „წადი-წადის“ ძახილით შეეგებნენ.

ნაცმოძრაობის აქტივისტების შემართებას აძლიერებდა ბეშუმში მათი ლიდერის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა. ბეშუმში, სადაც 4 აგვისტოს „შუამთობის“ ტრადიციული დღესასწაული ტარდებოდა, სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთისაგან სულ რამდენიმე ასეული მეტრი აშორებდათ, მაგრამ ლიდერების შეხვედრა არ შედგა.

„მიშა! მიშა!“ - სკანდირებდა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკიან წითელ მაისურებში გამოწყობილი ბრბო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა. ამას მცირე ხნით მოჰყვა შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის. თუმცა, ივანიშვილმა სიტუაციის გართულებას გაცლა ამჯობინა და სააკაშვილი სახალხო დღესასწაულის დისკრედიტაციასა და „ხალხის გახლეჩის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა გაერთიანებას. ეს კაცი მოვიდა და დაიწყო დაშლა და დანაწევრება ქვეყნის“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

ბეშუმში მყოფი მედიის წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ შეხლა-შემოხლის დროს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადამღებ ჯგუფს. თუმცა, დღესასწაულზე მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, ისე დატოვა კურორტის ტერიტორია, რომ აღნიშნულ ინციდენტზე არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, აგრესიული ტონით ისაუბრა ოპონენტებზე და ისინი „წარსულის პოლიტიკოსებად“ მოიხსენია.

„ახლა, ვინც წარსულიდან თავისი მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენს ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ჰყვება, რომ თურმე ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, თურმე ახალი გზები ეს არის თქვენი ავთენტურობის შეურაცხყოფა, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ კორუმპირებული მოხელეები, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ჩვენ მათ გვინდა ვუთხრათ - უკან წასასვლელი არსად აღარა გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის წასვლის შემდეგ ბეშუმში სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა, არავინ იცის, მშვიდობიანად დასრულდებოდა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხადრამჭერთა კონფრონტაცია ბეშუმში, დაპირისპირებულ ძალებს შორის პოლიცია რომ არ ჩამდგარიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მხარეების ერთმანეთისგან დისტანცირება.

იქვე პოლიციამ დღეს პირველად დადო პირობა, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში „დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას“. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, ვინ საუბრობდა და იქცეოდა აგრესიულად 4 აგვისტოს სოფელ ბეშუმში გამართულ „შუამთობა 2012“-ის დღესასწაულზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG