Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორი მაგიდის“ პარადიგმა ქართულ ოცნებაში


14 იანვარს, ძველ ახალ წელს, „ქართული ოცნების“ წევრებმა საგურამოში კორპორატიული საღამო მოაწყვეს. ამ საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის სიტყვები იყო. მან ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში კორპორატიული საღამოს შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ორი მაგიდა იყო, დაახლოებით 30-კაციანი. ვინც იჯდა ბატონ ბიძინას მაგიდაზეო, ყველა იქნება საპარლამენტო სიაშიო. ვინც იჯდა სოსო ჯაჭვლიანის მაგიდაზეო, არც ერთი არ მოხვდება საპარლამენტო სიაშიო. ეს რომ გაუგიათ, ვიღაც-ვიღაცები გადავიდნენ ბატონ ბიძინას მაგიდაზე და დაიწყეს სიმღერა, მაგრამ იმის მერე, რაც ბატონმა ბიძინამ კარგად მოიხსენია სოსო ჯაჭვლიანი, ყველანი დაბრუნდნენ ჩემს სუფრაზე.“

ზოგიერთმა კომენტატორმა ეს ნიუსი სერიოზულად არ მიიღო; ვიღაცებმა „საეჭვო რეპუტაციის სოცმედიის“ გამონაგონად ჩათვალეს (მაშინ, როდესაც აშკარად „მაესტროს“ ეთერში აკეთებს ჯაჭვლიანი ამ კომენტარს და არა რომელიმე საეჭვო ინტერნეტმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში). სხვებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და თქვეს, რა მოხდა მერე, ჯაჭვლიანი ისედაც ვიცით, რომ ავტორიტეტული ფიგურა არ არისო. იმით დავიწყოთ, რომ სოსო ჯაჭვლიანი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეა და ასევე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე „ცნობადი“ სახე. შესაბამისად, ის არის ავტორიტეტული ფიგურა. მეორეც, ჯაჭვლიანის ეს ნათქვამი, რომელიც საარჩევნო სიის შედგენის დროს ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლზე მიანიშნებს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმაც დაადასტურა. მეჭიაურმა „ქრონიკის“ სტუდიაში კითხვას, თუ რამდენად გამართლებულია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენდეს სიას, შემდეგი პასუხი გასცა:

„ჟარგონით რომ ვთქვათ, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ხმები იმან მოიტანოს, თუ საჭირო იქნა, დაფინანსება იმან გააკეთოს და სია სხვამ შეადგინოს, მე მგონი არ იქნება ლოგიკური.“

ამ ორივე კომენტარიდან, ფაქტობრივად, ირკვევა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრად, რომელიც საარჩევნო სიას ადგენს. ეს, რა თქმა უნდა, ამ გუნდის შექმნის პირველივე დღიდან ვიცოდით, მაგრამ ახლა ამას არც თავად „ქართული ოცნების“ წევრები მალავენ.

უფრო კონკრეტულად რაზე მეტყველებს ეს, რომ ერთი ადამიანი ადგენს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას?

პირველ რიგში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიის შიგნით შიდა დემოკრატია საერთოდ არ არსებობს, ანუ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ფიქრობენ პარტიის ინდივიდუალური წევრები. გამოდის, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე სრულფასოვანი პარტია საერთოდ არ არის. ფაქტობრივად, ეს არის ერთი მდიდარი კაცის პარტია. ასეთ პარტიას შეიძლება დავარქვათ პლუტოკრატიული პარტია („პლუტოკრატია“ მდიდრების მმართველობას ნიშნავს).

ასეთი პლუტოკრატიული პარტია იმართება ჯაჭვლიანის მიერ ნახსენები „ორი მაგიდის“ მოდელით. მეტაფორულად თუ ვიტყვით, პირველ მაგიდას უსხედან ისინი, ვინც მდიდარი მმართველის სიაში არ ხვდებიან, მეორეს - ისინი, ვინც მმართველმა სიაში შეიყვანა.

იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ (და სხვა პარტიებმაც, რომლებიც მსგავსი პრინციპით იმართებიან) პლუტოკრატიას თავი დააღწიონ (და ეს მხოლოდ ქართული პარტიების პრობლემა ნამდვილად არ არის), საჭიროა, სულ მცირე, შიდა დემოკრატიის ფორმალური მექანიზმები მაინც შემოიღონ. მაგალითად, ამერიკაში იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად გააკონტროლონ მდიდარი ლობისტების გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, პარტიები ატარებენ ე.წ. კოკაზებს (caucus) და პრაიმერებს (primary). ეს ორივე პროცედურა გამოიყენება იმისთვის, რომ პარტიებმა შეარჩიონ საპრეზიდენტო კანდიდატები. ამ ორს შორის განსხვავება ის არის, რომ კოკაზების დროს ხმას აძლევენ ღია სივრცეში შეკრებილი სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერები, მაშინ, როდესაც პრაიმერის დროს ჩვეულებრივ საარჩევნო ურნას იყენებენ ხმის მისაცემად. შტატების უმრავლესობა პრაიმერის სისტემით ხელმძღვანელობს, მხოლოდ აიოვა, ლუიზიანა, მინესოტა და მეინი ირჩევენ კანდიდატებს კოკაზების მეშვეობით (აიოვის კოკაზი ყველაზე ცნობილია ამერიკაში).

საქართველოში მსგავსი სისტემის შემოღება დღეს როგორც არასდროს, ისე გვჭირდება, იმისთვის, რომ განეიტრალდეს ერთი მდიდარი ლობისტის გავლენა „ქართულ ოცნებაზე“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს არა პოლიტიკური სისტემა პოლიტიკური პარტიებით, არამედ პოლიტიკური სისტემა, მდიდარი და/ან გავლენიანი ლობისტებით. სანამ ქართულ პოლიტიკაში არ ჩამოყალიბდება პარტიები, რომლებსაც ექნებათ დემოკრატიული მმართველობის მექანიზმები და რეალური კავშირები თავიანთ ამომრჩევლებთან, მანამდე ძნელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველას მოსაზრებას თანაბრად გაითვალისწინებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG