Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მართებულია პრორუსული ძალებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?


ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა პრორუსული ძალებისთვის დემოკრატიული უფლებების შეზღუდვის თემა. მათ შორის, რამდენიმე ჩემი თანამოაზრე და მეგობარი თვლის, რომ სრულიად გამართლებულია, თუ პრორუსულ ძალებს შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას. ბოლო პერიოდში ასეთი ორი ტიპის თვალსაზრისი გაჩნდა: პირველი თვალსაზრისის მიხედვით, უნდა აიკრძალოს აბსოლუტურად ყველა მედიასაშუალება, რომელიც პრორუსულ პოზიციას გამოხატავს, ხოლო, მეორე თვალსაზრისით კი, უნდა ავკრძალოთ მხოლოდ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ღიად ან ირიბად რუსეთიდან ფინანსდება. ქვემოთ თითოეულ თვალსაზრისს რიგრიგობით განვიხილავ.

პირველი თვალსაზრისი ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად მესმის და განსაკუთრებით მძაფრად ის 9 მაისს მოწყობილ ანტიპუტინისტურ მიტინგზე გამოითქვა. აქტივისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია საჯარო სივრცეში პრორუსული პოზიციების გამოხატვის აკრძალვა. აკრძალვის არგუმენტი სტანდარტულია და ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ყველა ვინც პრორუსულ პოზიციას გამოთქვამს, ავტომატურად არის რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერი. უცხო ქვეყნის აგენტობა კი თავისთავად კრიმინალია და თუ სასამართლოს წესით დამტკიცდება, ციხით ისჯება. აქ საკითხავი უმთავრესად ის არის, თუ სად გადის ზღვარი აგენტობასა და, უბრალოდ, საკუთარი განსხვავებული პოზიციის ქონას შორის. ჩემი ღრმა რწმენით და დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზღვარი გადის იქ, სადაც ჩანს პირდაპირი კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ამგვარი კავშირი დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არალეგალურად მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციას და გადასცემს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. სხვა შემთხვევაში, აგენტობა ვერ დასტურდება და ძნელია მისი გამორჩევა უბრალოდ მიუღებელი აზრის ქონისგან. მაგალითად, თუ ცნობილი პრორუსული გამოცემის, „საქინფორმის“ რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი წერს წერილებს, სადაც ხოტბას ასხამს პუტინს და იმპერიალისტურ რუსეთს, ის ავტომატურად რუსეთის აგენტად ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული. არნო ხიდირბეგიშვილს, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება გამოთქვას აზრები, რომლებიც სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან ან მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, შეიძლება იყოს უსინდისობა.

მეორე თვალსაზრისი შედარებით უფრო რთულია და გულისხმობს იმ ადამიანების აგენტებად გამოცხადებას, რომლებიც დაფინანსებას იღებენ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან. ამ თვალსაზრისს ყველაზე კარგად გამოხატავს ბევრ საკითხში ჩემი თანამოაზრე და მეგობარი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. გრიგოლ გეგელია ფეისბუკში თავის გვერდზე და „ექსპრესნიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ აუცილებელია ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის აკრძალვა, რომელიც ღიად ან ირიბად ფინანსდება რუსეთიდან.

ამ მეორე თვალსაზრისით, არალეგიტიმური და შესაბამისად „აგენტურულია“ ნებისმიერი აზრი, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან. პირველი თვალსაზრისისგან ეს იმით გამოირჩევა, რომ არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორია ამ აზრის შინაარსი. მაგალითად, გეგელიას პოზიცია აუცილებლობის წესით არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პრორუსული აზრის გამოხატვა უნდა შეიზღუდოს. მას სურს მხოლოდ იმ მედიასაშუალებების შეზღუდვა, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან იღებენ (ამ შემთხვევაში, „საქინფორმს“ შეეზღუდება გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არ შეეზღუდებათ იმათ, ვინც რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს). აქ მნიშვნელოვანია ორი რამის გარკვევია: პირველი - გაქცევს თუ არა მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან დაფინანსების მიღება უცხო ქვეყნის აგენტად და მეორე - რამდენად მართებულია უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღების დაშვება.

პირველ შემთხვევაში არანაირი კავშირი დაფინანსების მიღებასა და აგენტობას შორის არ არსებობს. აგენტი მხოლოდ ის არის, ვინც კანონს არღვევს და მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციას. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს და პრორუსული მედიასაშუალებები კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ის, რომ შენ დაფინანსებას იღებ ვინმესგან, ცხადია, აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ მზად ხან კანონი დაარღვიო. შესაბამისად, იმ მედიასიხშირეების აკრძალვა, რომლებიც რუსეთიდან იღებენ დაფინანსებას, არასწორია.

მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მართებულია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო უშვებდეს, რომ ქართული მედია ფინანსდებოდეს მტრულად განწყობილი ქვეყნიდან (რომელსაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული და ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებს). „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში“ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსების მიღების აკრძალვაზე არაფერია ნათქვამი. ამავე დროს, ვიცით, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია პოლიტიკური პარტია დაფინანსებას იღებდეს საზღვარგარეთიდან. ასევე, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ე.წ. სტრატეგიული რესურსების უცხო ქვეყნის კერძო ან სახელმწიფო კაპიტალისთვის გადაცემა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი აზრით, რუსეთიდან მედიის დაფინანსებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებლად არადემოკრატიული არ იქნება. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ და ასევე, თავდაცვის მექანიზმიც.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია არა განსხვავებული, თუნდაც პრორუსული აზრის გამოხატვის აკრძალვა, არამედ თავად რუსეთის სახელმწიფო და კერძო კაპიტალის აქტივობების შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გამბედაობა ვერც წინა და ვერც ახლანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება აუცილებლად მოგვიწიოს. ასეთი ნაბიჯი არ იქნება არადემოკრატიული და არ დაარღვევს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს და, ამავე დროს, დაგვიცავს მტრულად განწყობილი ქვეყნის გავლენისგან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG