Accessibility links

logo-print
„აწმყო თუ არა გვწყალობს,
მომავალი ჩვენია“-
უსაფუძვლო ოპტიმისტის
ლოგიკური შეცდომა



საქართველოს ორი ხელისუფლება ჰყავს: წინა და უკანა! წინა ხელისუფლება, ცხადია, სააკაშვილისაა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარსულში გადგა, თუმცა ფორმალურად (საპრეზიდენტო არჩევნებამდე) მაინც ხელისუფლების ნაწილად დარჩა, ხოლო უკანა ივანიშვილის მთავრობა-პარლამენტია, რომელიც ძირითადად უკან ყურებითაა დაკავებული. როგორც კი ოპონენტები მიმდინარე მოვლენების გამო დაუსვამენ შეკითხვებს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები უმალ გასულ ცხრა წელიწადზე იწყებენ ლაპარაკს. ვერ ვიტყვით, რომ ახალ მთავრობას წარსულში ყურება და ქექვა ცუდად გამოსდის და დროს ფუჭად კარგავს, მით უფრო, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენისა და გამომზეურების შემდეგ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წინა ხელისუფლების მამხილებელი ვიზუალური მასალის აღმოჩენის შემდეგ ისეთი სიძლიერის გრავიტაციული ველი გაჩნდა წარსულში, რომ ლამის მთელი საქართველო (მათ შორის, პოლიტიკური კლასი, მედია და ე.წ. "საჯარო ინტელექტუალები") წარსულში გადასახლდეს.

ცხადია, წარსულის შესწავლა (წარსულის შეცდომებზე სწავლა) საშური საქმეა, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი წარსულს სულ სხვა მიზნით სტუმრობს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ ბევრი ცდილობს საკუთარი წარსულის შეცვლას აწმყოს შესაბამისად. იშვიათად, რომ კრიტიკა საკუთარი თავისკენ იყოს მიმართული. „სად იყო „X“ მაშინ, როცა პატიმრებს აწამებდნენ?“, „Y”-მა ყველაფერი იცოდა გაუპატიურების შესახებ!“ - ვინც ამ შინაარსის კითხვებს სვამს ან თითს სხვისკენ იშვერს, იმთავითვე გულისხმობს, რომ თვითონ საჭირო ადგილას იყო და, რასაკვირველია, ფხიზლობდა. აქ, მთავარია დაასწრო სხვას და თავის მართლება სხვას მოუწიოს! არავინ ლაპარაკობს საკუთარ შეცდომაზე, გულგრილობაზე, არასწორ ქცევაზე... ყველა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ სხვისი შეცდომა და არასწორი ქცევაა გამოუსწორებელი, თვითონ კი უპრობლემოდ შეუძლია წარსულში უჩინრად დაბრუნება და შეცდომის გამოსწორება. აწმყოს შესაბამისად წარსულის შეცვლის თვალსაჩინო ნიმუში:

ომის ვეტერანი ბუბუა უყვება შვილიშვილს ტყვედ ყოფნის ამბავს.
„ყველა დახვრიტეს, მხოლოდ მოღალატეები დატოვეს ცოცხალი!“
„მერე შენ, ბაბუ?“
„მე დამხვრიტეს!“

ამ ანეკდოტის გარდა, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ხელისუფლებადაკარგული პოლიტიკოსების მთელი ლეგიონი, რომლებიც ახლა, აწმყოში გვიმტკიცებენ, როგორ ებრძოდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს შიგნიდან და როგორ დახვრიტეს ისინი.

დღეს ბევრი იხსენებს სახალხო დამცველის, ამა თუ იმ ადვოკატის ან ადამიანის უფლებათა დამცველის ანგარიშსა თუ განცხადებას, რომლებშიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო მოტანილი. ეს ფაქტები მედიისა და, შესაბამისად, საზოგადოების თვალსაწიერშიც ხვდებოდა, მაგრამ საზოგადოების რეაქცია იშვიათად იყო ადეკვატური. საზოგადოებამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ვიზუალური გაფორმება (გამოსახულება), რაც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისათვის სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი.

ბევრი ჩვენგანი ხვდებოდა, რომ „მოფარებულში“ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, მაგრამ არ იჯერებდა ისევე, როგორც არ იჯერებს ბავშვი, რომ მის მშობლებს გარდაუვალად შეიძლება ჰქონდეთ სექსი. არადა, უკვე იცის, როგორ ჩნდება, ზოგადად, ადამიანი, როგორ შეიძლებოდა ჩასახულიყო თვითონ, მაგრამ ვერ წარმოუდგენია (ვერ დაუჯერებია) მშობლების კოიტუსი! არა, რაღაც სექსუალური აქტის მსგავსის ხატება კი იკვეთება მის გონებაში, მაგრამ არ ჰყოფნის გამბედაობა (გონიერება), რომ თვალი გაუსწოროს მას. ჩვენი უბედურებაც ეს უმწიფრობიდან (უგუნურებიდან) გამომდინარე გაუბედაობაა. დამოუკიდებლად ვერ ვუსწორებთ თვალს სინამდვილეს. დახმარების (ბიძგის) სახით გვჭირდება სხვის მიერ მოწოდებული ვიზუალური გამოსახულება. ვიცით, რა მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ლეიკემიით დაავადებული ადამიანი, მაგრამ ვიდრე არ ვნახავთ მისი ტანჯვის ამსახველ ვიზუალურ მასალას, არაფრით ჩავრიცხავთ საბანკო ანგარიშზე უბადრუკ ერთ ლარს. ახლაც ასეა: ვიდრე არ ვნახეთ წამებისა და გაუპატიურების კადრები, არაფერმა იმოქმედა ჩვენზე. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ დანაშაულს (ვიდეოფირზე ასახულ წამებას) ჰყავს კონკრეტული სისხლის სამართლის რამდენიმე დამნაშავე და ასიათასობით გულგრილი მოწმე! ეს მოწმეობა - და, ხშირ შემთხვევაში, თანამონაწილეობაც - ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი.

წლების წინ, როცა ბავშვი ვიყავი, ჩემი სახლის გვერდით, ერთ-ერთ შენობაში, განთავსებული იყო მილიციის განყოფილება, რომლის გისოსებიანი ფანჯრებიდან ხშირად გამოდიოდა ისეთი საზარელი ხმები, როგორსაც ჯალათი და ტანჯვის ობიექტი აქტიური ურთიერთობისას გამოსცემენ ხოლმე. უბნის ბიჭები ამბობდნენ, „ვინც არ ბოზდება, იმას ბოთლზე აჯენენო“. როგორი ამბავია? თან, ისიც ვიცოდით, თუ „კაი ბიჭი“ „გაბოზდებოდა“, სხვა „კაი ბიჭები“ უთუოდ ჩაარტყამდნენ თავში... ასეთი ამბები 21-ე საუკუნეშიც გადმოგვყვა. წესით, ბევრს უნდა ახსოვდეს შს სამინისტროს შენობებიდან ბრალდებულებისა თუ ეჭვმიტანილების დეფენესტრაციებიც, პატიმრების ძალადობა (მათ შორის სექსუალური ძალადობა) პატიმრებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნებისმიერი კონფლიქტი - იქნება ეს ოჯახში, ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სუფრაზე - მკვლელობით თუ არა, სხეულის მძიმე დაზიანებით შეიძლება დასრულდეს. რა, 17 მაისს განა ცოტა მოძალადე და მანიაკი ვიხილეთ შუაგულ თბილისში? ამ ყველაფერს შეგუებულები ვართ, ჩვენს გულისმწყრომასა და აღშფოთებას რატომღაც მხოლოდ ფირზე აღბეჭდილი ძალადობა იწვევს. თუ ჩვენი მეზობელი ცოლს სცემს, ეს ჩვენი საქმე არ არის და, შესაბამისად, როცა სადარბაზოში შეგვხვდება, არც სალამს დავუგვიანებთ, მაგრამ საკმარისია ტელევიზორში ვიხილოთ გვამი ან დასახიჩრებული სხეული, რომ მაშინვე რისხვითა და ზიზღით ავივსებით. განა რა შეიცვალა გარდა იმისა, რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი საჯარო სანახაობად იქცა? განა სიმპტომატური არ არის, რომ ჩვენი ემოცია მხოლოდ სანახაობის დროს იფეთქებს ხოლმე? სანახაობის დროს აღშფოთება (გაბრაზება) კი ტკბობის ერთგვარი ფორმაა და ვერ გამოდგება ვერც სანახაობის შეწყვეტის და ვერც ძალადობის პრევენციის წინაპირობად. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე ადამიანმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეკრებილ საზოგადოებას ვერაფრით გადააფიქრებინა სანახაობის (წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოფირის ჩვენების) შეწყვეტა. ვინ იცის, ნება რომ დართონ, რამდენი ადამიანი ისურვებდა ამ ფირების ნახვას? შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისეთი აზარტით ამცნო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მორიგი ოთხი კასრისა და ვიდეოკასეტების აღმოჩენის ამბავი, რომ აშკარა გახდა, მინისტრს ამ მასალებთან იმაზე მეტი ემოციური ბმა აქვს, ვიდრე ნივთმტკიცება უნდა იწვევდეს ჯანმრთელ ადამიანში. აშკარაა, რომ კარგად უწყიან სამინისტროში სანახაობის ძალა: ვინც სანახაობას იძლევა, ის მართავს ქვეყანასაც! გამოდის, რომ რაც წარუმატებლად სცადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ, წარმატებით განახორციელა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ვინც ამას ახლა (აწმყოში) ვერ ხვდება, წლების შემდეგ აუცილებლად მოუწევს წარსულის შეცვლაზე ზრუნვა აწმყოს (ახალი კონიუნქტურის) შესაბამისად და იმის მტკიცება, რომ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. არადა, პირიქით უნდა იყოს: წარსული უნდა განსაზღვრავდეს აწმყოს და აწმყო - მომავალს. რას იფიქრებდა ჯერ ლაიბნიცი, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძე (რომელმაც გერმანელი მოაზროვნის გამონათქვამი „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ თავის ერთ-ერთ ლექსს ეპიგრაფად წაუმძღვარა), რომ საქართველოში დრო არა მარტო ფარდობითი, არამედ სუბიექტურიც იქნებოდა. მხოლოდ აქ, საქართველოში გვჯერა: მარტო იმის გამო, რომ აწმყო არა გვწყალობს, მომავალი აუცილებლად ჩვენი იქნება! აშკარაა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, მომავალიც ისეთივე იქნება, როგორიც აწმყო გვაქვს. აწმყო კი, მოგეხსენებათ, არ გვწყალობს. საკითხავია, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ხელს გვიშლის ყველა, საკუთარი თავის გარდა? „იეღოველები“, რუსები, გეები, სეპარატისტები, ნაცები, ქოცები, ამერიკელები, სომხები, დასავლეთი, სოროსი, ზოგადად აგენტები და ა.შ. თვალს ვერ ვუსწორებთ პრობლემებს აწმყოში (ანუ, როცა ჩვენი დროა) და, შესაბამისად, ვერც (არც) ადეკვატურ კითხვებს ვსვამთ, რის გამოც მარადიული კიჩისთვის ვართ განწირული. ტანჯვაც შეიძლება იყოს კიჩური. ვისაც არ სჯერა, გადაავლოს თვალი საქართველოს უახლეს ისტორიას!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG