Accessibility links

logo-print

სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვამ და პარიზის ტერაქტების შემდეგ პუტინის გამოსვლამ იზოლაციიდან ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველო. რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს სირიაში? რა ახალი საფრთხეების წინაშე დგანან უკრაინა და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის დაბრუნების შემდეგ? ამ კითხვებით მივმართე Sciences Po-ს პროფესორ პიერ რაზუს (Pierre Razoux), საფრანგეთის აკადემიურ წრეებში ახლო და შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეს, რომელსაც ამ რეგიონის კონფლიქტებზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი და რომელიც არის ასევე საქართველოს დიდი გულშემატკივარი და ავტორი ძალიან საინტერესო წიგნისა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე.

პიერ რაზუ: „ვშიშობ, რომ დიპლომატიური იზოლაციიდან პუტინის გამოსვლა ნაწილობრივ უკრაინის ინტერესების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს - ლ. ო.) პუტინმა ოლანდთან შეხვედრისას არ ისაუბრა სანქციების შერბილებაზე, ყირიმის პრობლემის ევროპული დღის წესრიგის განრიგიდან ამოგდებაზე და ა.შ. უკრაინასთან ერთად არსებობს რისკი, რომ საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც გადაიწიოს უკანა პლანზე და საქართველო უფრო მეტად იზულირებული აღმოჩნდეს.

რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში: რუსეთს უნდა სირიის სანაპიროს გაკონტროლება. ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზა, ლატაკიას აეროდრომი, რუსების უკანასკნელი ბასტიონია ხმელთაშუა ზღვაში და იმ რეგიონში, სადაც გაზის დიდი საბადოებია. როგორც ვიცით, რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია ძალიან აგრესიულია. რუსეთი ცდილობს, რომ გერმანიას და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გაზის მიღების სხვა ალტერნატიული წყაროები არ დაუტოვოს. პუტინმა სირიაში სამხედროების შეყვანით აჩვენა როგორც ბაშარ ასადს, ასევე ირანს, საუდის არაბეთს და კატარს, რომ მათ არ ექნებათ არანაირი საშუალება, ევროპელები სირიის გავლით მოამარაგონ გაზით.

მაგრამ ენერგეტიკული პოლიტიკა არ არის ერთადერთი, რაც კრემლს ამოძრავებს: რუსეთს პანიკური შიში აქვს, რომ ერთ დღეს ჩეჩენი და დაღესტნელი ჯიჰადისტები არაბ ისლამისტებთან ერთად სირიიდან რუსეთში დაბრუნდებიან, რათა რუსული მიწა ჯიჰადის ახალ კერად აქციონ. ამიტომ კრემლმა შექმნა ე.წ. „სანიტარული კორდონი“ თავისი

სამხრეთის საზღვრებისაგან რაც შეიძლება მოშორებით. ეს „სანიტარული კორდონი“ იწყება ირანით, გადის ქურთების მიერ კონტროლირებად ჩრდილო ერაყზე, სირიაზე, კვიპროსზე და ისრაელზე. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს კვიპროსის პორტებში არის რუსეთის ბევრად უფრო მეტი სამხედრო გემი, ვიდრე სირიის სანაპიროზე. ამ „სანიტარული კორდონის“ სუსტი რგოლი გახლავთ სირია, რომლის დაცვაც კრემლისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადენს. პუტინისათვის მნიშვნელოვანია არა ასადის დინასტიის ან ალავიტების შენარჩუნება ძალაუფლებაში, არამედ ის, რომ სირიის ჩრდილო საზღვარზე არ წარმოიშვას „შავი ხვრელი“, რომლიდანაც თურქეთის გავლით ჯიჰადისტები შეძლებდენ კავკასიაში მოხვედრას. „შავი ხვრელის“ წარმოშობის შემთხვევაში რუსები იძულებული გახდებიან, საკუთარ სამხრეთის საზღვრებთან ბევრად უფრო ახლოს გააკეთონ ახალი სანიტარული კორდონი, რომელიც გაივლის სამხრეთ კავკასიაზე. ამ შემთხვევაში რუსეთის ახალ „სანიტარულ კორდონს“ შეექმნება პრობლემა მხოლოდ საქართველოში: სომხეთში, გიუმრიში, ისედაც არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა. მოსკოვი, რომელსაც აქვს რთული, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობა აზერბაიჯანთან, შეძლებს აიძულოს ბაქო აზერბაიჯან-ირანის და აზერბაიჯან-თურქეთის სასაზღვრო ზოლში რუსული ჯარის ნაწილები ჩააყენოს. მოსკოვისათვის ამ დროს თბილისი დარჩება ერთადერთ პრობლემად. აქედან გამომდინარე, კრემლის პროპაგანდა შეეცდება, თურქულ-ქართული საზღვარი წარმოადგინოს, როგორც ჯიჰადისტების „გამტარი შავი ხვრელი“. ზუსტად აქ მე ვხედავ პოტენციურ საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის. რა თქმა უნდა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი შეიჭრება თბილისში, მაგრამ კრემლი ყველა ღონეს იხმარს, რომ აიძულოს საქართველო, შექმნას საერთო რუსულ-ქართული სასაზღვრო პატრული თურქეთის სასაზღვრო ზოლის გასაკონტროლებლად. ასე რომ, რამდენადაც პარადოქსულად შეიძლება ეს მოეჩვენოს ადამიანს, სირიაში რუსეთის და საქართველოს ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და თბილისისათვის მნიშვნელოვანია, რომ სირიაში კრემლი დარჩეს მნიშვნელოვან მოთამაშედ.“ - ასკვნის პიერ რაზუ.

ამ პესიმისტურ ნოტზე რომ არ დავამთავრო ეს ბლოგი, დავამატებ, რომ რუსეთის ჯარის სირიაში ყოფნით, მოსკოვმა შეიძლება ეკონომიურად მწვავე მარცხი განიცადოს: რუსეთის ჯარების სირიაში ყოფნა ნიშნავს რეგიონში საუდის არაბეთის მთავარი მტრის, ირანის, გაძლიერებას. ამ სიტუაციაში საუდის არაბეთი ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობის გამოტანით შეეცდება, რომ ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარის გარშემო დარჩეს, რათა ირანმა, რომელიც 2016 წლის ივლისში საერთაშორისო სანქციებისგან განთავისუფლდება, სარგებელი ვერ ნახოს ნავთობის ექსპორტით. ორიოდე წლის განმავლობაში ბარელ ნავთობზე 50 დოლარი კი სავარაუდოდ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ვიდრე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და დიპლომატიური იზოლაცია ერთად აღებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG