Accessibility links

logo-print

წელს საქართველოში აღდგომას აღნიშნავენ 1 მაისს, მაშინ როცა კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებლების ნაწილი - ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის (გარდა ათონის მთისა), ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის და ალბანეთის ეკლესიები - ამ დღესასწაულს 27 მარტს აღნიშნავენ. მკითხველმა ალბათ იცის, რომ განსხვავების მიზეზი მდგომარეობს სხვადასხვა ეკლესიის მიერ ახალი (გრიგორიანული) და ძველი (იულიუსის) კალენდრების გამოყენებაში.

მკითხველს ალბათ ისიც ახსოვს, რომ აღდგომის დღესასწაულის გამოსათვლელად გამოიყენება ორი ორიენტირი: გაზაფხულის ბუნიობა (21 მარტი) და მთვარის ციკლი. აღდგომის თარიღი ემთხვევა სავსე მთვარის შემდგომ პირველ კვირადღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობას. თუ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის დადგომამდე 13 დღეზე მეტია, მაშინ ძველ და ახალ კალენდრებს შორის განსხვავება ბათილდება და აღდგომას ყველა ქრისტიანი ერთად ზეიმობს (როგორც ეს შარშან მოხდა). სხვა შემთხვევაში აღდგომის თარიღებს შორის განსხვავებამ შეიძლება ერთ თვესაც გადააჭარბოს.

გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, პირველი სავსე მთვარის ღამეს ებრაელები იწყებენ პასექის დადგომის ზეიმს. იესო სწორედ ამ დღეს აცვეს ჯვარს მარკოზის და ლუკას სახარებების მიხედვით. იოანეს სახარების მიხედვით, იესოს ჯვარცმა მოხდა ერთი დღით ადრე. ოთხივე სახარება ასევე გვამცნობს, რომ იესო ჯვარს აცვეს პარასკევ დღეს. სწორედ ამ ორმა მონაცემმა მისცა ისტორიკოსებს საშუალება ევარაუდათ იესოს ჯვარცმის თარიღი, რომელიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ჩვენი წელთაღრიცხვით 30 წლის 7 აპრილი ან 33 წლის 3 აპრილი.

ამ ისტორიის გაგრძელება ყველასათვის კარგადაა ცნობილი: საოცარი გავრცელება რელიგიისა, რომელიც ნელ-ნელა ხორცს შეისხამს „ხარების“ ანუ „იესო ქრისტეს აღდგომის“ ამბის გარშემო. როგორც პავლე მოციქული წერდა კორინთელებს, „ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც გახარეთ, რომელიც ირწმუნეთ, რომელშიც დგახართ (...) რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თავად მივიღე: რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, და რომ დაიმარხა, და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა“.

ნელ-ნელა ეს „ხარება“ მოხიბლავს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქების ბინადართ და, რაც ყველაზე მთავარია, რომის ორ იმპერატორს: კონსტანტინე პირველს და თეოდოსიუს პირველს. შედეგად ამ ყველაფრისა, იესო ნაზარეველის ჯვარცმიდან თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ, თითქმის 2 მილიარდი ადამიანი ზეიმობს იესო ქრისტეს აღდგომას ერთდროულად ან სხვადასხვა დროს.

XS
SM
MD
LG