Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის 10 ფილმი


ყოველთვის მიკვირდა, როგორ ასახელებენ ცნობილი გამოცემები, კრიტიკოსები წლის საუკეთესო ფილმებს, როცა ყველა ფილმი არ უნახავთ... არადა, შესაძლებელია, სწორედაც რომ საუკეთესო ფილმები არ უნახავთ. ცხადია, დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ სადღაც გადაიღეს ძალიან კარგი ფილმი, რომელიც არავინ შეიმჩნია და დაიკარგა... ბოლოს და ბოლოს, იმდენი კინოფესტივალია, რომ კარგი კინო მაინც არ დაიჩაგრებოდა. უბრალოდ, კინოგაქირავების სისტემა გართულდა ძალიან. საავტორო უფლებების დარღვევისა და ინტერნეტში ფილმის უკანონო გავრცელების შიშით პროდიუსერები ზოგჯერ თავად აგვიანებენ მსოფლიო კინოპრემიერებს, ანდა ფილმი მზადაა, მაგრამ ელოდებიან დიდ ფესტივალს, „ოსკარებს”. ავიღოთ თუნდაც ჯიმ ჯარმუშის ”პეტერსონი”, რომლის პრემიერა 2016 წლის მაისში გაიმართა კანში, მაგრამ ევროპაში სურათი ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში (ისიც ნოემბერ-დეკემბერში) გავიდა, შეერთებული შტატების ეკრანებზე კი საშობაო დღესასწაულების დასრულების შემდეგ აჩვენეს. ამიტომაც ვერ ვხედავთ ”პეტერსონს” ვერცერთი გამოცემის საახალწლო ათეულში.

”2016 წლის 10 ფილმი” - ალბათ უკეთესია, ასე დავარქვათ ჩვენს სიას. არაა გამორიცხული, რომ ამ ათეულის მიღმა აღმოჩნდა რაღაც კინომარგალიტი, რომლის ნახვა ვერ მოვახერხე. უბრალოდ, ეს ათი ფილმი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა განვლილ წელს - ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წელს მსოფლიო კინოს ისტორიაში.

10. Aquarius - რეჟ. კლებერ მენდონსა ფილიო. ბრაზილიელი რეჟისორის, ყოფილი კინოკრიტიკოსის, ცნობილი თეორეტიკოსის ამ ფილმს ჩვენში თარგმნიან როგორც ”მერწყული”, თუმცა სჯობს, ალბათ, სათაური არ ვთარგმნოთ, რადგან ”Aquarius” აქ, უბრალოდ სახლის სახელია. შენობის დანგრევას და ცათამბჯენის აშენებას აპირებს სამშენებლო ფირმა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს ამ სახლის მკვიდრი, 65 წლის მუსიკალური კრიტიკოსი, კლარა. მენდონსა ფილიომ გადაიღო ფილმი დროზე, ხსოვნაზე ყველანაირი ნოსტალგიისა და სენტიმენტების გარეშე. კლარა უპირისპირდება ახალი დროის დამანგრეველ ენერგიას, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი ენერგიით, ”მეტი სექსუალობით”. რეჟისორს არ ეშინია ძალიან რადიკალური სექსუალური სცენების გადაღების, რათა გვიჩვენოს კლარას ეს ომი დროსთან და სიბერესთან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებლის, სონია ბრაგას ვირტუოზულობისა, ფილმში ბევრად უფრო ეფექტურია კოლექტიური სცენები (მაგ. დეიდის დაბადების დღის გრძელი ეპიზოდი), რომლებშიც თანამედროვე ბრაზილიის სურათი იხატება.

9. Théo et Hugo dans le même bateau - რეჟისორები ოლივიე დუკასტელი და ჟაკ მარტინო. წლის ყველაზე თამამი ფილმი-პროვოკაცია, რომლის ჩვენება ჩვეულებრივ კინოთეატრებში არაერთ ქვეყანაში გახდა პრობლემა და ავტორების დამატებითი წერილობითი განმარტება დასჭირდა. სურათის გმირები პარიზის გეიკლუბში გაიცნობენ ერთმანეთს, შემდეგ კი გათენებას ხვდებიან პარიზის ქუჩებში. ყველაფერი იწყება, როგორც პორნოგრაფიის ზღვარზე გამოხატული რეალობა და სრულდება უაღრესად პოეტური ისტორიით, შეიძლება ითქვას, ”აღბეჭდილ სიყვარულზე”, არც პერსპექტივა რომ არა აქვს და არც დროში განვითარების შანსი. მით უფრო სევდიანია ამბავი და ახლადჩასახული სიყვარულის ფონზე მით უფრო მშვენიერი ჩანს ხალხისგან სრულიად დაცარიელებული პარიზი გათენებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

8. Everybody Wants Some - რეჟ. რიჩარდ ლინკლაიტერი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ლინკლეიტერს გულმა უგრძნო ტრამპის მოსვლა თეთრ სახლში და ნახა ტკბილი სიზმარი 80-იანი წლების ამერიკაზე, გადაიღო რა ფილმი თავისუფლების ეიფორიაზე, ახალგაზრდულ უპასუხისმგებლობაზე. არაერთხელ მითქვამს, რომ ერიკ რომერის ურიცხვ ”მოწაფებს” შორის თანამედროვე კინოში რიჩარდ ლინკლაიტერი პირველია. რომერის მერე სწორედ ამ ამერიკელმა რეჟისორმა შეძლო დიალოგებით გადავსებულ ფილმში ჩვენი ყურადღება სწორედ გამოსახულებაზე გადაეტანა. უფრო სწორად, სასიამოვნო გაეხადა დაკვირვება, თუ რა ხდება ეკრანზე, როცა პერსონაჟი გამოთქვამს ამა თუ იმ აზრს, რა მოსდის მის სახეს, როგორ მოძრაობს, როგორია კონტაქტი სიტყვასა და კინოსახეს შორის. ”აქ და ახლა” - კვლავ ცხადდება ლინკლაიტერის იდეალად. მაშინაც კი, როცა ახალგაზრდობა წარსულს ჩაბარდა და რეიგანის ამერიკაში დონალდ ტრამპი მოვიდა.

7. American Honey - რეჟ. ანდრეა არნოლდი. ეს ის შემთხვევაა, როცა თითქმის სამსაათიანი „როუდ მუვი“ არასდროს გინდა, რომ დასრულდეს. ფილმის დაწყებიდან სადღაც ნახევარ საათში შეიყვარებ მის გმირებს და გრძნობ, რომ მათთან განშორება გაგიჭირდება. როგორც წესი, ამ ჟანრის ფილმებში რეჟისორები პეიზაჟებთან შედარებით იშვიათად ანიჭებენ უპირატესობას ახლო ხედებს. არნოლდის გმირები მოგზაურობენ ამერიკაში, მაგრამ რეჟისორს თითქოს ნაკლებად აინტერესებს გარემო, მისი კამერისთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, ახალგაზრდები, რომელთაც, ფაქტობრივად, აღარც აქვთ მომავალი. მით უფრო უცნაურია, რომ ფილმი არსად, არც ერთ ეპიზოდში არ სცილდება სოციალური დრამის საზღვრებს და გვახსენებს 70-იანი წლების კარგ ამერიკულ კინოს ”აწყობილი დასავლური სოციუმის” ნგრევასა და სისასტიკეზე, ძალადობაზე, რომელსაც პირველ რიგში ეს ”ტკბილი” გოგონები და ბიჭები ეწირებიან.

6. Quand on a 17 ans - რეჟ. ანდრე ტეშინე. ფრანგული კინოს კლასიკოსი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა გამოდის კრიზისიდან. სამწუხაროდ, ეს ღრმა, დიდი პოეტური კინომეტაფორა ბერლინის კინოფესტივალის ჟიურიმ არ შეიმჩნია და ანდრე ტეშინე პრიზის გარეშე დატოვა, მაგრამ ფილმი წარმატებით გავიდა საფრანგეთის ეკრანებზე. ფრანგულმა პრესამ ტეშინეს სურათის პრემიერის წინ გაახსენა კინოს მოყვარულებს, რომ ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების დროს და შესაძლებელია ვითარებამ საფრანგეთში და ანტიმუსლიმურმა ისტერიკამ ევროპაში აქცენტები შეცვალა ანდრე ტეშინესთვის ტიპურ ისტორიაში სექსუალობისა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ასეა თუ ისე, ეს სურათი ზუსტი პორტრეტია ჩვენი დროის და ჩვენი პლანეტის და, რაც მთავარია, ”ველურის” და ”კულტურულის” სიძულვილ-სიყვარულის უკვე მრავალჯერ გათამაშებული თემის ახალი ინტერპრეტაციაა ყველაზე კარგ, 17 წლის ასაკში.

5. Julieta - რეჟ. პედრო ალმოდოვარი. წელი გავიდა, მაგრამ მატარებლის სცენა ”ხულიეტაში”, თავისი ირმით, არ ამოდის თავიდან. არც დემენციით დაავადებულ დედასთან ვიზიტი, არც ფინალი. ჩაველა ვარგასის სიმღერით... ”ხულიეტადან” რჩება ეპიზოდები - აბსოლუტურად გენიალური ეპიზოდები, რომლებსაც სახიერების სიძლიერით და ემოციურობით ბადალი არ ჰყავთ 2016 წლის კინოპროდუქციაში. სხვა საქმეა, რომ ალმოდოვარს ისევ უჭირს ამ ეპიზოდების შეკვრა, ისევ გაურბის გადაღებული მასალა, ან ვერ ელევა იმას, რაც თვითონ მოსწონს, მაგრამ შეიძლება გაუგებარი იყოს სხვისთვის. ასეა თუ ისე, ალმოდოვარის ფანებისთვის ”ხულიეტა” სიხარულია - პედრო ისევ ფორმაში მოდის და არაა გამორიცხული, სასწაულიც მოახდინოს.

4. Bacalaureat - რეჟ. კრისტიან მუნჯიუ. პირადად ჩემთვის ეს სურათი პოსტკომუნისტური ქვეყნის ატმოსფეროს ყველაზე ზუსტი დოკუმენტია კინოში. ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორია არა იმდენად ნატურით, ყოფის დეტალებით, რამდენადაც პერსონაჟების გრძნობებით, მათი მზერით იხატება... იწყება ამბით, რომელიც მხოლოდ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო (მერე რა, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრია) და სრულდება ”საკაცობრიო დრამით” მამისა და მისი თინეიჯერი ქალიშვილის ურთიერთობაზე, დარღვეულ, შემდეგ აღდგენილ და ისევ დარღვეულ კავშირებზე. მუნჯიუს ფილმის მთავარი ღირსება ისევ სცენარია, ცოცხალი სიტყვა და ძალიან კარგი კასტინგი. ისიც სასიხარულოა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი არ იმეორებს საკუთარ თავს და ყოველ ფილმში ეძებს გამოხატვის ახალ საშუალებებს.

3. ”I, Daniel Blake” - რეჟ. კენ ლოუჩი. კანის ფესტივალის დღიურში ვწერდი, რომ მხოლოდ ლოუჩს შეუძლია შექმნას მხატვრული სახე თითქმის ნატურალისტურად წარმოდგენილი ყოფითი სცენიდან. უფრო მეტიც, შექმნას ნამდვილი დრამა ადამიანზე, რომლის ბედი, რომლის სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ტექსტის დაბეჭდვას და მეილის გაგზავნას. ამას რომ ვწერდი, ვერ წარმომედგინა რომ დიდ რეჟისორს მეორედ გადასცემდნენ ”ოქროს პალმას”, თან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსში კანის ფესტივალის ისტორიაში. აღმოჩნდა, რომ დენიელ ბლეიკის დრამამ... რატომ დრამამ, ტრაგედიამ, ისიც კი შეძრა, ვისაც რეალურ ცხოვრებაში დიდად არ აღელვებს ასეთი ხალხი. ლოუჩის გმირი კვდება, მაგრამ მკვიდრდება კინოში, აღიბეჭდება მილიონობით ადამიანის ხსოვნაში, მათ გულებში... ლოუჩი დუელში იწვევს სისტემებს და თავად ისტორიას, რომელმაც ასეთ დენიელ ბლეიკებს ვერა და ვერ გამოუნახა ადგილი.

2. Paterson - რეჟ. ჯიმ ჯარმუში. შეიძლება ითქვას, რომ ჯარმუშიც გარკვეული თვალსაზრისით იმავეს აკეთებს, რასაც ლოუჩი. ამ შემთხვევაში გვარწმუნებს, რომ ავტობუსის მძღოლიც კი, უსახო, არაფრით გამორჩეული ქალაქის, პეტერსონის მკვიდრიც კი, შეიძლება იყოს დიდი პოეტი. უფრო მეტიც, ისე შეიძლება იცხოვროს, რომ არც არაფერი დაბეჭდოს, არც არაფერი გამოაქვეყნოს, მაგრამ წეროს გენიალური ლექსები და მერე ისე გაქრეს, რომ არავინ არაფერი გაიგოს მის შესახებ. ჯიმ ჯარმუშმა გადაიღო დიდი, ძალიან დიდი ფილმი - გამჭვირვალე, ნაზი, სადა, როგორც იაპონური ტანკა. ტელესერიალების ესთეტიკით გაღარიბებულ კინემატოგრაფს დაუბრუნა კინოხელოვნება, პოეზია - როცა ეკრანი ფრესკას ემსგავსება, როცა უბრალო ხმაურიც კი მუსიკად აღიქმება და, რაც მთავარია, როცა მთელ კინოდარბაზს გადაეცემა ეს ჯადო, როცა დარბაზში ყველა ერთად ხდება პოეტი. ძალიან ცუდია, რომ ეს სურათი ვერ ვნახეთ თბილისის კინოფესტივალზე. ახლა დაიდება რომელიმე ინტერნეტსაიტზე და ფილმი ნახევარს მაინც დაკარგავს - ”პატერსონს” აუცილებლად ბნელ დარბაზში უნდა უყურო, ეკრანიდან წამოსული ძლიერი შუქი რომ დააფასო.

1. Elle - რეჟ. პაულ ვერჰოვენი. ფილმი არ გშორდება და მუდმივად გახსენებს თავის თავს - გახსენდება ეს მუქი, მუქი ფერი, მუსიკა, იზაბელ იუპერის სახე და მისი კაბებიც კი. აღარანაირად არაა მნიშვნელოვანი სიუჟეტი (არადა დეტექტივია!), გამახსოვრდება კინო! იმიტომ რომ ”ის ქალი” არის კინოს ისტორია ერთ ფილმად, სრულიად აბსურდული ანტიჰეპიენდით კინოს ისტორია, რომელიც სასაფლაოთი მთავრდება. მაგრამ იქნებ ეს არა კინოს, არამედ დასავლური საზოგადოების ფინალია? მაშინ რაღა ვქნათ? მადლობა პოლ ვერჰოვენს, იზაბელ იუპერი მაინც რომ დაგვიტოვა ცოცხალი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG