Accessibility links

მურაზ ხეჩიკაშვილი უკვე 20 წელია დაკარგულ ვაჟს ეძებს. კობა ხეჩიკაშვილი აფხაზეთის ომში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. შექმნილია ორმხრივი და სამმხრივი კომისიები, რომლებიც წელიწადში ორჯერ იკრიბებიან, რათა მხარეებმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი ადამიანი ითვლება დაკარგულად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია, რომ ცხინვალთან ახლოს სამარხებია, და ოსურ მხარესთან ნეშტების ექსჰუმაცია-იდენტიფიკაციის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მეგან ბასენდალი ამბობს, რომ 15 ნეშტის ექსჰუმაცია უკვე მოხდა და აქედან 7 ცხედარი ოჯახებს დაუბრუნდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ეძებს. ყოველი შეხვედრის დროს ოსური მხარე დაკარგული ახალგაზრდების - ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის - მოძიებას ითხოვს. ძიების პროცესში საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩაერთო და მხარეები ახლა შედეგებს ელიან.

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. უკვე მესამე წელია ამ დღეს გორში დაკარგულთა მშობლები და ნათესავები იკრიბებიან და საკუთარ გულისტკივილს ერთმანეთს უზიარებენ. საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2010 წლიდან ეხმარება 90-იანი წლების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოლოდინი“ ძირითადად აფხაზეთის ომში დაკარგულებს ეძებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ვენერა ოშორიძის ინფორმაციით, დაახლოებით 2000 კაცია დაკარგული. მისი თქმით, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკება და ნაშთების გადმოსვენება ადრე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა, ამჟამად კი პროცესი შეჩერებულია.

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ ეხმარება. ორგანიზაცია კონფლიქტების დროს შიდა ქართლიდან დაკარგული 80 პირის ოჯახს ეხმარება. აქედან 22-მა ოჯახმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგა ოჯახის წევრი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ სტრესულ მგომარეობაში მყოფი ოჯახების წევრებისთვის ფსიქო-სოციალური პროექტები მნიშვნელოვანია. ისინი ასევე იღებენ მონაწილეობას მიკროეკონომიკურ პროექტებში, რადგან ბევრმა ოჯახმა მარჩენალი დაკარგა.

30 აგვისტო უკვე იქცა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებისთვის შეხვედრებისა და ერთმანეთისთვის პრობლემების გაზიარების დღედ. ფონდმა „მოლოდინმა“ გორში ინტერნეტგვერდის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც molodini.org ჰქვია. ამ ინტერნეტრესურსზე დაინტერესებულ პირებს დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მიღება და განთავსებაც შეუძლიათ. წელს გორში შეკრებილებმა დაკარგულთა სახელები, სიმბოლურად, ქაღალდისგან გამოჭრილ მტრედებზე დაწერეს და ქვეყანაში მშვიდობა ისურვეს.
XS
SM
MD
LG