Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორიდან ჭვრინისელი ხანდაზმულები გაათავისუფლეს


გუშინ საღამოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოფელ ჭვრინისის ხანში შესული მცხოვრებლები ლალი ხარაზიშვილი და ავთანდილ ასანიძე გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაადასტურეს. ხარაზიშვილის და ასანიძის დაკავება 2 დღის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ისინი საქონელს ეძებდნენ, როცა მეზობელი ოსური სოფლიდან რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი სასამართლო პროცესი გაიმართა და ისინი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ჭვრინისელები ჰყვებიან, მათ ცხინვალელი ნათესავები დაეხმარნენ. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისს ოსური სოფლები ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები და ღობეები არ არის დამონტაჟებული და დღემდე არ იციან, სად მთავრდება სოფლის ტერიტორია.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ბოლო დროს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ადამიანების დაკავების ფაქტები გახშირდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის ძირითადად მწყემსები და შეშის დასამზადებლად ტყეში გასული ადამიანები იყვნენ.

XS
SM
MD
LG