Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ქარდავას აქტუალური თემატიკის პოეტიკა


დათო ქარდავამ (ანუ, რეალურად, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა) შარშან თავისი წერილების (თუ ესეების, თუ ბლოგების) კრებული დაბეჭდა გამომცემლობა „ინტელექტში“. წიგნში თავმოყრილია მის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ტექსტები, რომლებიც თბილისის კულტურულ ფენომენს, მის უნიკალურ სივრცეებს და ამ სივრცეების უმოწყალოდ გაჩანაგების საშინლად მზარდ ტენდენციას ეხება. ეს თემები დიდი ხანია ძალიან მისეულია, დიდი ხანია ის სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს ქალაქს როგორც ბიბლიოგრაფიულ რარიტეტებში შტუდირებებით, ასევე ქალაქთან ფიზიკური შეხებებით, თვალით, ყურით თუ ცხვირით. დიახ, ეს არაა მხატვრული ჰიპერბოლიზაცია - ამ წიგნში ქალაქი ხან დანახულია, ხან მოსმენილი და ხან კიდევ მისი სუნია ნაგრძნობი. აღსანიშნავია, რომ თავად ავტორი რუსთავიდანაა და, შესაძლოა, სწორედ ეს გარკვეული დისტანცია (ზომიერი, ნახევარსაათიანი გზის), აძლევს მას განსაკუთრებულ უნარს, ობიექტურად დაინახოს ქალაქი, შეამჩნიოს საინტერესო დეტალები, დაიჭიროს ის უმნიშვნელო, მაგრამ სახიფათო ცვლილებები, რომელსაც სულ მუდამ ქალაქის წიაღში მოტრიალე ადამიანი ვერ ამჩნევს. ეს მუდმივი გასვლა ქალაქიდან და მერე უკან დაბრუნება, შესაძლოა, სწორედ ის რიტუალია, რომელმაც ავტორს თბილისზე დაკვირვების ვნება გაუჩინა და გაუღვივა და მის ერთ-ერთ ყველაზე გულანთებულ მცველადაც აქცია. როგორ იწერებოდა ეს წიგნი, როგორ შეიკრა, მაინც რა არის მისი მთავარი ხაზი - ამაზე საუბარი ამჯერად უშუალოდ ავტორს ვთხოვე. მოვუსმინოთ დათო ქარდავას.

გადმოწერა

დათო ქარდავა: ამ წიგნის მთავარი იმპულსის მიმცემი არის ორი ამბავი: რა ხდება ქალაქში და როგორ იცვლება ის როგორც ყოფაში, ასევე ტექსტებში. წინა წიგნი, ,,მტკვარი და მისი ორი ნაპირი“, არის ასევე ამ ქალაქის ისტორია და მისი თავგადასავალი. რაღაც მასალა სწორედ ამ წიგნიდან იყო დარჩენილი და ან კიდევ აქედან მიღებული იმპულსი ამოძრავებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, დავკვირვებოდი, თუ როგორ იცვლებოდა ქალაქი როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ტექსტებში. ტექსტების უმეტესობა, რაც ამ წიგნშია შესული, გამოქვეყნებულია რადიო თავისუფლების საიტზე, ჟურნალ ,,არილში“, და ასევე რაღაც ნაწილი ,,ახალ საუნჯეში“. ტექსტების ნაწილი კი გარეთ დარჩა. როდესაც წიგნს ვადგენდი, საჭირო იყო გარკვეული ლოგიკა. თავიდან მხოლოდ ქალაქის გარშემო ტრიალი იყო, მაგრამ სათაურად თავიდანვე მინდოდა, წინასწარ მქონდა ჩაფიქრებული, რომ "მტაცებლები ურბანულ გარემოში" ყველაზე მეტად გამოხატავდა ამ ტექსტების სულისკვეთებას. მერე რომ დავფიქრდი, წიგნი არა მხოლოდ იმ მტაცებლებზე შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლებიც ამ ქალაქში საზოგადოებრივ სივრცეებს ხელყოფენ, არამედ ზოგადად მტაცებლობაზე. ეს მტაცებლობა ყველა ტექსტს აერთიანებს. მართალია, ისინი სხვადასხვა საკვებით იკვებებიან, სხვადასხვა შეიძლება იყოს მათი ნადავლი, თუმცა ყველა ტექსტში არის ეს მტაცებლობა.

სწორედ ეს ორსახოვნება დაიკარგა და არამხოლოდ დაიკარგა, ისეთი დონის ჩარევა ხდება, რომ ამ ორსახოვანი იანუსის მაგივრად, რომლითაც ვამაყობდით და თავს ვიწონებდით, მივიღეთ უსახური იანუსი. თბილისი კარგავს სახეს - ის აღარც ევროპულია და აღარც აზიური...
დათო ქარდავა

წიგნი ოთხი ნაწილისაგან შედგება: „გამქრალი ქალაქი“, „მტაცებლები ქალაქში“, „ქალაქი და წიგნი“ და „სიცოცხლე ქალაქში“. ეს სათაურები თავისთავად გვიკეთებენ გარკვეულ მინიშნებებს. დათო ქარდავას ინტონაცია ამ წერილებში ხშირად იცვლება: ის ზოგან სევდიანია, ზოგან მკვლევარის ობიექტური და ნეიტრალური ტონი ჟღერს, ზოგან კი ფიცხდება და, სამწუხაროდ, სულ აქვს ამის მიზეზი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის ახერხებს, ძალიან ბუნებრივად, მხატვრულობა შეიტანოს ამ ტექსტებში მოულოდნელი მეტაფორებით, ციტირებებით, სხვადასხვა რეალიების ერთმანეთზე გადაჭდობით. სხვათა შორის, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მისი ბოლო პერიოდის შესანიშნავი პოეზია, რითიც მან გაგვაოცა და თავისი მრავალმხრივობა კიდევ ერთი ახალი კუთხით დაგვანახვა, საკმაოდ ხშირად ქალაქზე დაკვირვების, მისი უცნაური, მძაფრი სურათ-ხატების დაჭერის ბრწყინვალე მეთოდია. ანუ იმ პოეტურმა ბუნებამ, რაც ამ წერილებსა და წიგნში „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ ისედაც ჟონავდა, საბოლოოდ ლექსების სახეც მიიღო. წიგნს ნუგზარ ზაზანაშვილის წინათქმა ერთვის, სადაც იგი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი, ისევე როგორც „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“, უთუოდ და დიდად მოეწონებოდა მათში არაერთხელ ნახსენებ ჩვენს გამოჩენილ წინაპარს, იოსებ გრიშაშვილს.“ რატომ მოეწონებოდა? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ის პოეტის მიერ თბილისზე დაწერილ შესანიშნავ წიგნს დაინახავდა.

მოვუსმინოთ კვლავ დათო ქარდავას.

დათო ქარდავა: ქალაქზე დაკვირვების მთავარი შედეგი არის ის, რომ თბილისი, ყოველგვარი პათეტიკისა და მაღალფარდოვნების გარეშე, კატასტროფულად იცვლება და კარგავს იერსახეს. შესაძლოა, კლიშეა ეს ორსახოვანი იანუსი, რომელიც ერთდროულად აღმოსავლურიცაა და ევროპულიც. იანუსი, რომელიც ერთმანეთში გადადიოდა და ერთ დროში თანაარსებობდა ორივე - აღმოსავლური და დასავლური კულტურული სივრცე. სწორედ ეს ორსახოვნება დაიკარგა და არამხოლოდ დაიკარგა, ისეთი დონის ჩარევა ხდება, რომ ამ ორსახოვანი იანუსის მაგივრად, რომლითაც ვამაყობდით და თავს ვიწონებდით, მივიღეთ უსახური იანუსი. თბილისი კარგავს სახეს - ის აღარც ევროპულია და აღარც აზიური. და ეს ცვლილება, ჩემი აზრით, არის შეუქცევადი. ქალაქის ქსოვილში ისეთი ჩარევა ხდება, რომ ამას აღარაფერი ეშველება. იტალო კალვინოს ,,უხილავ ქალაქებში“ ისეთი ჩარევა უნდა მოხდეს, ისეთი სიახლე უნდა შევიდეს, რომ ქალაქმა რამენაირად მოინელოს, დააძველოს და თავის ქსოვილად აქციოს. და აქ, ჩვენთან, ისეთი ჩარევა ხდება ფიზიკურადაც და კულტურულადაც, რასაც აღარაფერი ეშველება და სწორედ ესაა ყველაზე გულდასაწყვეტი და ეს წიგნიც ამაზეა.

ქალაქი მალე აღარც იარსებებს. ისევ დაიწყეს მტკვარზე კატარღებმა სიარული. ტურისტებს დაატარებენ, რესტორნის ტიპის დაწესებულებაცაა მოწყობილი. მუდმივად ვფიქრობ, საერთოდ თუ უყვებიან რამეს ამ ტურისტებს. მე რომ გიდად დავიწყო მუშაობა, სულ მექნება მოსაყოლი ისეთი ამბები ისეთ საგნებზე, რომლებიც აღარ არსებობს. მხოლოდ ზეპირად ან ტექსტებით თუ გავიხსენებთ ქალაქს. საჩვენებელი პრაქტიკულად აღარაფერი რჩება. ამას ჰქვია მონიშვნითი ტურიზმი. ამაზე სულ მახსენდება ერთი უცნაური ამბავი. რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც ახლა იუსტიციის სამინისტროს შენობა დგას, დაფა იყო მიკრული, სადაც ეწერა, რომ "ამ შენობის აშენებამდე აქ იდგა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ქართული რომანტიზმის კლასიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე". ასეთი უცნაური დაფები ძალიან ბევრი გაჩნდება. სხვათა შორის, ეს ტატიშჩევის პროექტით აშენებული შენობაც უკვე დაანგრიეს და აღარ არსებობს, მხოლოდ ფასადია დატოვებული. აი ახლა, ჩვენი ლაპარაკის დროს, იმ შენობას ახლაც კი ანგრევენ. სწორედ ასეთი უცნაური ამბებია ამ წიგნში თავმოყრილი. ძალიან სამწუხაროა, რომ წლების მერე მომავალი თაობის წარმომადგენლები მხოლოდ ამ ტექსტებიდან თუ გაიგებენ, როგორი იყო თბილისი.

დათო ქარდავა
დათო ქარდავა

ხანდახან ავტორი ისე საინტერესოდ საუბრობს საკუთარ წიგნზე, რომ სათქმელი ცოტა გრჩება ან, უბრალოდ, ადგილი გრჩება ცოტა სიუჟეტისთვის გამოყოფილ სივრცეში. ახლაც ასე მოხდა. ჩემი ბოლო კითხვა იყო, თუ რამდენად შეიძლება წიგნმა რეალურად გაიბრძოლოს, სწამს თუ არა მას, რომ წიგნი შეძლებს თავისი მცირე წვლილის შეტანას ქალაქის სახის გადასარჩენად. აი, როგორი იყო დათო ქარდავას პასუხი.

დათო ქარდავა: ვფიქრობ, რომ არა ეს საზოგადოებრივი პროტესტი, თბილისში ბევრად კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა. არ უნდა დავიღალოთ და არც ხელები ჩამოვყაროთ. ვიღაცამ უნდა დაწეროს, ვიღაც ქუჩაში გამოვიდეს, კარგია, თუ ერთად გამოვალთ, მაგრამ სულ უნდა გრძნობდნენ ეს "მტაცებლები“ ამ დისკომფორტს და წინააღმდეგობას, რადგან ამ ტექსტების, პროტესტის და საზოგადოების ძალისხმევის გარეშე მათი მადა კიდევ უფრო მძაფრი და დაუოკებელი გახდება. მათი ქმედებებიც კიდევ უფრო კატასტროფულ შედეგებს მოიტანს და თბილისს, რომელიც ასე საშინლად იცვლება, მართლა აღარაფერი ეშველება. შესაძლოა, ისეთი გარემო მივიღოთ, რომ აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს, აღარც პრესტიჟული იყოს და არც სანახაობრივად იყოს რაიმე მიმზიდველი, რადგან აღარაფერი დარჩეს ისეთი, რაც ერთ დროს ადამიანს ამ მშვენიერ ქალაქში აკავებდა.

დაბოლოს, რაკი საკმაოდ ვილაპარაკეთ დათო ქარდავას აქტუალური თემატიკის პოეტიკაზე, ნება მომეცით, სიუჟეტი მისი ლექსის, „ურბანული პათანატომიის“, ფრაგმენტით დავასრულო:

„მეტეხის კლდე,
როგორც ნახეთქი, ღრმა ჭრილობები;
მტკვარი - სეფსის წყარო და მყრალი სისხლი;
სოლოლაკის მთა -
გადამტვრეული ხერხემალი, მალებდამსკდარი;
კუს ტბა, ლისის ტბა - უსინათლო, მკვდარი თვალები;
ხმელი ბალახი - გახრწნილი გვამის უშნო თმა-წვერი;
სმოგი მის თავზე, ღრუბლებს რომ სწვდება -
სული, რომელიც ამოუვიდა,
და მშენებლობა ყოველ ნაბიჯზე,
მთელ მის სხეულზე
ჰგავს გვამურ ლაქებს, სულ რომ იზრდება”.

XS
SM
MD
LG