Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუბეგრავი მინიმუმი 2015


წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმით 2015 წელსაც ისარგებლებს. თანხის დაბრუნება უკვე არსებული წესით მოხდება. კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ხელფასი ან მიღებული შემოსავალი ერთი წლის მანძილზე 1800-6000 ლარს არ აჭარბებს, სახელმწიფოსგან უკან დაიბრუნებს 360 ლარს, ხოლო თუ მოქალაქეს 1800 ლარზე ნაკლები აქვს მიღებული შემოსავლის სახით, მაშინ იგი დაიბრუნებს წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20 პროცენტს.

2013 წელს დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებამ ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება - კერძოდ 2013 წლის იანვრიდან 18, ხოლო 2014 წლიდან 15 პროცენტამდე. არჩევნების შემდეგ მოხდა გადასახადის განაკვეთების ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება, რაც დაკავშირებული იყო დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მიღების უკიდურეს აუცილებლობასთან. კერძოდ, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, სახელმწიფოს დასჭირდა დამატებითი საბიუჯეტო სახსრები. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდებოდა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც კიდევ უფრო გაართულებდა სოციალური ხარჯების დაფინანსების წყაროების მოძიებას.

დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებასთან დაკავშირებით ნათელი გახდა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ცდილობს გადაანაწილოს შემოსავლები და შეამციროს სოციალური უთანასწორობა. 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმით 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ბიუჯეტიდან მათთვის ჯამში 131 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თუ შეღავათის ოდენობას დღეებზე გადავითვლით, გამოვა რომ 470 ათასზე მეტმა ადამიანმა, საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში დღეში 98 თეთრზე ნაკლები გადაიხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაუბეგრავი ბიუჯეტით მოსარგებლე პირები არა მხოლოდ დასაქმებულები არიან, არამედ ისინიც ვინც ერთჯერადი შემოსავლის სახით მიიღო 6000 ლარზე ნაკლები თანხა წელიწადში.

აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ხასიათს ატარებს, 2015 წლის ბიუჯეტის მესამედი, 2014 წლის მსგავსად სწორედ სოციალური ტიპის ვალდებულებებს მოხმარდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვალდებულებების სახით ბიუჯეტში 3 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო თუ საშიანო ვალის აღება მოხდება, ხოლო საბიუჯეტო რესურსის 10 პროცენტი ვალდებულებების ზრდით მიღებული სახსრებია, დამატებით სოციალური ხასიათის ინიციატივების განხორციელება ფისკალური მდგრადობის პოლიტიკის პერსპექტივიდან გამომდინარე გამართლებული არ არის. ერთჯერადი სოციალური დანახარჯები ვერ გახდება სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის და ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი.

XS
SM
MD
LG