Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

ნავთობის მსოფლიო ფასი კიდევ 3 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც ირანმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა სხვა ქვეყნებთან და შეეჩერებინა წარმოების პროცესი. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც წარმოების მასშტაბები დღეში 4 მილიონ ბარელს გადააჭარბებს.

ეს ის მოცულობაა, რომელსაც ირანი მისთვის დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამდე აწარმოებდა.ოპეკის ცნობით, თებერვლის მდგომარეობით, ირანი დღეში 3.1 მლნ ბარელს აწარმოებდა, რაც 1997 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ჩამოუვარდება 1970 წლების მაჩვენებელს, როდესაც ირანის დღიური წარმოება 6 მილიონ ბარელს უტოლდებოდა. წარმოების გარდა, ირანის მარაგები, დაახლოებით, 40-50 მლნ ბარელს უტოლდება.

ამ პირობებში ბრენტის ფასი 2,7 პროცენტით დაეცა და 39,32 აშშ დოლარს გაუტოლდა, რამდენიმე კვირის წინ შეინიშნებოდა ნავთობის ფასების ზრდის ტენდენცია და ფასი 40 აშშ დოლარსაც ასცდა, პირველად მთელი წლის განმავლობაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა და საუდის არაბეთმა წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულ პაქტს მოგვიანებით ვენესუელა და ყატარიც შეუერთდნენ.

2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 115 აშშ დოლარს უტოლდებოდა, ნავთობზე ფასი 70 პროცენტით დაეცა. ამის მიუხედავად, ოპეკმა, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების კარტელმა, უარი განაცხადა ნავთობის წარმოების მასშტაბების შემცირებაზე იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა დაეცა ისეთი მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნების მხრიდან, როგორიც ჩინეთია.

ოპეკის პროგნოზით, 2016 წელს დღიური მოთხოვნა 31,5 მლნ ბარელამდე გაიზრდება.

ამ ეტაპზე მსოფლიო ნავთობის მწარმოებლები ცდილობენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ნავთობის ფასების გაზრდას მიაღწიონ. ამ მიზნით, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს საუდის არაბეთთან, ორივე მათგანი თანამშრომლობს ყათარსა და ვენესუელასთან. თავის მხრივ, ვენესუელა აწარმოებს მოლაპარაკებებს მექსიკასთან, ეკვადორსა და კოლუმბიასთან. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი წარმოების „გაყინვაა“, რაც ნავარაუდევია, რომ გამოიწვევს მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის აღდგენას და ყველა ქვეყნისთვის ბაზრის წილის შენარჩუნებას.

აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დღეს მსოფლიო დღიურად მოიპოვებს 96,5 მილიონ ბარელს, რაც 2 მილიონი ბარელით მეტია რეალურ მოთხოვნაზე. რა თქმა უნდა, ასეთ მოცემულობაში, ირანის გლობალური ნავთობის ბაზარზე გამოჩენამ კიდევ უფრო დიდი ზეგავლენა იქონია ნავთობის მსოფლიო ფასებზე. ნიშანდობლივია, რომ სანქციების პერიოდში ირანი სრულიად არ იყო მოწყვეტილი ნავთობის მსოფლიო ბაზარს, თუმცა სანქციების გაუქმების შემდეგ მას უფრო მეტი შესაძლებლობა გაეხსნა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ექსპერტების თქმით, ირანს უჭირს საბაზრო წილის გაზრდა, განსაკუთრებით, დასავლეთით.

ნავთობის წარმოების შესაძლო „გაყინვის“ შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება, ოპეკის თქმით, შესაძლოა, უკვე ირანის გარეშეც. ფასების დონეს მსოფლიოში დიდწილად განაპირობებს სამი ქვეყანა: ირანი, ერაყი და საუდის არაბეთი, რომლებიც დღიური მსოფლიო მარაგის მესამედს გამოიმუშავებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG