Accessibility links

logo-print

მთავრობამ სემეკს დაასწრო: დენი არ გაძვირდებაო


ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე. მთავრობის სხდომა.

ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე. მთავრობის სხდომა.

ელექტროენერგიის ტარიფის გამოანგარიშების ახალი მეთოდოლოგია პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. ვარაუდებს იმის შესახებ, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებაა მოსალოდნელი, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიად აღიქვამს. რა ხდება სინამდვილეში? გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?

”ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება”, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 16 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და იქვე ისიც განმარტა, რომ უსაფუძვლო ეჭვები ”ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლის გაურკვეველმა განცხადებებმა გამოიწვია. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კომპანიის წარმომადგენელთა ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა ტარიფიც გაიზარდოს, თუმცა ეჭვები ამ მხრივ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის სიტყვებმაც გაამძაფრა. ”მოლოდინია, რომ ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება”, - თქვა მარიამ ვალიშვილმა 15 ივლისს, რაც ბევრისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ტარიფის გაზრდა, მართალია, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც არის მოსალოდნელი.

მიმაჩნია, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია იყო... რაღაც აგორებული ტალღა, სრულიად უსაფუძვლო, და ის განცხადებები, რაც გაკეთდა, იყო მიმართული იმისაკენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ...

რეგიონებში ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა და ეჭვები სწრაფად მოექცა ოპოზიციური ფლანგის ყურადღების ცენტრში. ამ კონტექსტში, მაგალითად, ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთმა წარმომადგენელმა შეახსენა კოალიცია ”ქართულ ოცნებას”, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ელექტროენერგიის გაიაფება იყო, მაგრამ ახლა პირიქით ხდება.

ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხმაურს უსაფუძვლოდ, ხოლო შეკითხვებს ამოწურულად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შესაბამისი განმარტებები, როგორც უკვე ვთქვით, ვიცე-პრემიერისგან მოისმინა 16 ივლისის მთავრობის ხსდომაზე. ამ ყველაფრის უკან ირაკლი ღარიბაშვილი მიზანმიმართულ გეგმას ხედავს:

”მიმაჩნია, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია იყო... რაღაც აგორებული ტალღა, სრულიად უსაფუძვლო, და ის განცხადებები, რაც გაკეთდა, იყო მიმართული იმისაკენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ”.

მართალია, მთავრობა უკვე გადაჭრით ამბობს, ტარიფი არ გაიზრდებაო, მაგრამ სინამდვილეში ამჟამინდელი ტარიფის გადახედვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ”ენერგო-პრო ჯორჯიამ”, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ამარაგებს რეგიონებში და 980 000 აბონენტს ითვლის, სატარიფო განაცხადი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, მომსახურების ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, ახლახან შეიტანა. როგორც სემეკის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ”სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია. სს “ენერგო პრო ჯორჯიას“ კომისიაში შემოტანილი აქვს სატარიფო განაცხადი, რომლის განხილვა და ანალიზი მიმდინარეობს კომისიის აპარატში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ტარიფის გაანგარიშება მოხდება ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ცალსახად გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფის დადგენას”.

’ენერგო-პრო ჯორჯიას’ არ აქვს ინფორმაცია სექტემბრიდან ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ტარიფთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ განიხილება...

რაც შეეხება ”ენერგო-პრო ჯორჯიას”, მითქმა-მოთქმისა და კამათის შემდეგ გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი:

„’ენერგო-პრო ჯორჯიას’ არ აქვს ინფორმაცია სექტემბრიდან ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ტარიფთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. 2014 წლის სექტემბერში ვადა გასდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ‘ენერგო-პრო ჯორჯიას’ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ტარიფთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიამ სემეკს მიმართა განაცხადით ტარიფის გადახედვის თაობაზე. ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები კომპანიასა და სემეკში; განიხილება ტარიფის შემადგენელი ყველა კომპონენტი და მხოლოდ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, ტარიფი შეიცვლება თუ დარჩება უცვლელი. შესაბამისად, კონსულტაციების შემდგომი დასკვნის გარეშე, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანია კომენტარს ვერ გააკეთებს”.

ვიდრე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი ორგანო - დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პოლიტიკოსებმა დასკვნების გამოტანისგან თავი უნდა შეიკავონ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან ალაფიშვილი:

ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილი

”ეს საკითხი, ტარიფების საკითხი, გადასაწყვეტია კომისიის მიერ, მათ შორის მთავრობისგან დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს ვალდებულება, რომ, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესები გაითვალისწინოს, მომხმარებლების ინტერესები - მოსახლეობა იქნება ეს თუ სახელმწიფოს ინტერესები - და, მეორე მხრივ, არ დააზარალოს თვითონ ინვესტორი, იქნება ეს მოგება თუ სხვა სარგებელი, რაც კომპანიამ უნდა მიიღოს”.

შესაბამისად, ვიდრე ტარიფების გადახედვის პროცესი არ დასრულებულა, ლევან ალაფიშვილის შთაბეჭდილებით, ნაადრევია ეჭვებზე ლაპარაკი და ეს ყველაფერი არაჯანსაღ პროცესებზე მიანიშნებს. დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თბილისის მსგავსად, ელექტროენერგია, მოხმარების ოდენობის შესაბამისად, 3-4 თეთრით რეგიონებშიც გაიაფდა.

XS
SM
MD
LG