Accessibility links

ევროპელი მინისტრები: დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე


დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი სტუმრობა მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ, რომელსაც საქართველოს დიდი იმედი უკავშირდება. სტუმრები და მასპინძლები იმედოვნებენ, რომ მაისის სამიტზე საქართველო შეძლებს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მიზნისკენ. 3 ქვეყნის მინისტრები, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის საფრთხესა და პრორუსული ჯგუფების გააქტიურებაზე.

ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გარდა, სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდებიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. უახლოესი მომავლის ყველაზე დიდი იმედი რიგის სამიტსა და ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივას უკავშირდება. პოლონეთის, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ იმედს, რომ როგორც მოლდავეთს აუნთო მწვანე შუქი ევროკავშირმა ვილნიუსის სამიტზე, იგივე მოხდება საქართველოსთან მიმართებით რიგის სამიტზე:

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იმავე გზას გაივლის, რაც მოლდავეთმა გაიარა. ეს სწორი გზაა. ჩვენგან იქნება დახმარება, მაგრამ შედეგი ძირითადად დამოკიდებულია საქართველოს აქტიურობაზე. ჩვენ საქართველოს ყველაფრის ორგანიზებაში დავეხმარებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტი გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და განსაკუთრებით – საქართველოსთვის“.

ყველა უწყება, რომელიც ჩართულია უკვე ორი წლის განმავლობაში ამ პროცესში, ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ პრაქტიკულად გავედით ფინალში. დამთავრდა შემფასებელი მისიები. ჩვენი ამოცანა იქნება ყველა რეფორმა სრულყოფილად აისახოს საბოლოო ანგარიშში...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ ეს სიტყვები 14 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს სხვა სტუმრებმაც, რადგანაცვიდრე ევროკომისიის საბოლოო შეფასება გახდება ცნობილი, ყველას უჭირს კონკრეტული პროგნოზების გაკეთება.

თუკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის სიტყვებით ვიმსჯელებთ, საქართველოს გააზრებული აქვს, რომ რიგის სამიტამდე დარჩენილი რამდენიმე კვირა საგანგებო მუშაობას მოითხოვს:

„ყველა უწყება, რომელიც ჩართულია უკვე ორი წლის განმავლობაში ამ პროცესში, ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ პრაქტიკულად გავედით ფინალში. დამთავრდა შემფასებელი მისიები. ჩვენი ამოცანა იქნება ყველა რეფორმა სრულყოფილად აისახოს საბოლოო ანგარიშში, რომელიც, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იქნება პოზიტიური“.

14 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე ილაპარაკა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა როცა მარგოტ ვალსტრომი საქართველოს მომავალი წინსვლის იმედს გამოთქვამს, იქვე აღნიშნავს, თუ კიდევ რისი გაკეთება მოეთხოვება ქვეყანას. ამ კონტექსტში გაკეთდა მინიშნება, რომ რიგის სამიტს „რეალისტური მოლოდინები“ უნდა დაუკავშირდეს.

მარგოტ ვალსტრომმა ასევე აღნიშნა, რომ სამი ევროპული ქვეყნის მინისტრებისაქართველოში სამეგობროდ და მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, მაგრამ მათ მოთხოვნებიც აქვთ:

„იმედია, ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები დარეფორმები იგულისხმებს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად გაიხედავთ მომავლისკენ, ვიდრე წარსულისკენ... და რომ თქვენ გააგრძელებთ ყველა თქვენს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რაც ნიშნავს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მშენებლობას. ჩვენ ასევე ვისურვებდით სასამართლოს რეფორმირებას, როგორც ეს უკვე აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმა“.

სამწუხაროდ, ხშირად ხელისუფლების მხრიდან არ ხდება დაგმობა იმ განცხადებებისა, რაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და რაც აშკარად შეიცავს რუსულ პროპაგანდას და რუსულ რიტორიკას...

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისა და პრესკონფერენციის შემდეგ, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის დეკლარაციის“ - ამოქმედებას ისახავს მიზნად. ამ ფორმატის ფარგლებში პოლონეთი საქართველოს გაუზიარებს გამოცდილებას და დაეხმარება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საგარეო უწყების დატოვების შემდეგ დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი რუსეთის ინტერესების კონტექსტში დაისვა:

„სამწუხაროდ, ხშირად ხელისუფლების მხრიდან არ ხდება დაგმობა იმ განცხადებებისა, რაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და რაც აშკარად შეიცავს რუსულ პროპაგანდას და რუსულ რიტორიკას“.

პრორუსული პროპაგანდის შემცველ გამონათქვამებში არასამთავრობო ორგანიზაციები გულისხმობენ, მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატ გოგი თოფაძის ნატოს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს. ევროპული დემოკრატიისთვის შეუსაბამოდ სახელდება ფაქტი, რომ არასამთავრობო სექტორი არცთუ იშვიათად ხდება უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმის სამიზნეხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელ ფაქტორებზე საუბარი ევროპელმა მინისტრებმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლებისგანაც მოისმინეს. მაგალითად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, აღნიშნა, იმის გარდა, რომ რუსეთი კვლავაც უქმნის რეალურ საფრთხეს საქართველოს, ასევე შეინიშნება „პროდასავლური კურსის ეროზია“ საქართველოში და, ამასთან, „რეალურად დამძიმდა“ მდგომარეობა ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით.

ევროპელ მინისტრებს ცალკე შეხვდნენ ასევე „თავისუფალი დემოკრატები“ და მათ „მზარდი რუსული პროპაგანდის“ საფრთხეებზეც ილაპარაკეს. როგორც თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა, უთხრა ჟურნალისტებს, ყურადღება გამახვილდა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების აუცილებლობაზე. საუბრის ერთ-ერთ ძირითად აქცენტს წარმოადგენდა ასევე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო დაპატიმრების ფაქტი.

დღის მეორე ნახევარში ევროპელი მინისტრები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG