Accessibility links

logo-print

ცოტა ხნის წინ, 25 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმოგზაურეს და კრემლის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატეს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა. მეტიც, ათკაციანი დელეგაციის წევრებმა ყირიმიდან მოუწოდეს საფრანგეთის მთავრობას, გააუქმოს რუსეთის მიმართ დაწესებული სავაჭრო სანქციები, რაც ზარალს აყენებს ფრანგ მეწარმეებს. რამდენად უანგაროა და რა ასაზრდოებს პრორუსულ გავლენას ფრანგულ პოლიტიკურ ელიტაში?

ფრანგ პარლამენტართა ათკაციანი ჯგუფი პირველი ევროპული დელეგაციაა, რომელმაც ყირიმში იმოგზაურა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძული რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული. რუსეთის აგრესიული ქმედების პასუხად, ევროკავშირმა, აშშ-მა, ავსტრალიამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, საბანკო-საფინანსო და საწარმოო სექტორს, რაც დღემდე გრძელდება.

მაგრამ ფრანგმა კანონმდებლებმა არაფრად ჩააგდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება. ფრანგ კანონმდებელთა ვიზიტი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, არამედ მხარს უჭერს და ახალისებს „რუსეთის მიერ მიწების მიტაცების პოლიტიკას“, - განაცხადა ლორან ფაბიუსმა.

ამის პასუხად, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ნიკოლა დიუკმა „ისტორიის უცოდინრები“ უწოდა იმ ხალხს, ვინც რუსეთის მიმართ სანქციებს ემხრობა:

„კრიტიკა იმ ხალხისგან ისმის, ვინც არ იცის ისტორია და შორს ვერ იყურება. რუსეთთან ბიზნესკონტრაქტების გაფორმება საფრანგეთის ინტერესებში შედის, ამიტომ ეს კრიტიკოსები არ ემსახურებიან საფრანგეთის ინტერესებს. მხოლოდ ჩვენ ვემსახურებით ამ ინტერესებს, რადგან ვცდილობთ რუსეთთან მეგობრობის აღდგენას“.

ნიკოლა დიუკის მსგავსად ფიქრობს მისი კოლეგა, საფრანგეთის პარლამენტის წევრი ტიერი მარიანი, რომელიც კიდევ უფრო „დიდი კალიბრის“ პოლიტიკოსია და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანახავად ჩასულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ყირიმიდან დაბრუნების შემდეგ ტიერი მარიანი მოსკოვში გაჩერდა და შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფლება, რომ „არ არსებობს არავითარი მიზეზი ევროკავშირის სანქციების შემდგომი შენარჩუნებისათვის“.

რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც, მის წინაშე არსებული სიძნელეების მიუხედავად, აშშ-ისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს...

მარიანიც და დიუკიც რუსეთის სტაჟიანი მხარდამჭერი პოლიტიკოსები არიან. ორივენი, ისევე როგორც ზემოხსენებული დელეგაციის წევრთა უმრავლესობა, საფრანგეთის უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანების, „სახალხო მოძრაობის კავშირის“ (UMP), წევრები არიან. ამასთან, ცნობილია, რომ მარიანის რუსი ეროვნების ცოლი ჰყავს და თანათავმჯდომარეა ფრანგულ-რუსული დიალოგის ასოციაციისა, რომლის ხელმძღვანელია - არც მეტი, არც ნაკლები - ვლადიმირ იაკუნინი, რუსეთის რკინიგზის გავლენიანი ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი.

მარიანიც და დიუკიც საკუთარ თავს იმ ელჩებად მიიჩნევენ, რომლებიც ალტერნატიულ საფრანგეთს წარმოადგენენ და რომლებიც „ვაშინგტონსა და ბრიუსელთან“ უპრეცედენტო ბრძოლაში ჩაბმული რუსეთის ადვოკატები არიან.

„რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც, მის წინაშე არსებული სიძნელეების მიუხედავად, აშშ-ისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს“, განუცხადა საფრანგეთის პარლამენტის წევრმა ნიკოლა დიუკმა რადიო თავისუფლებას.

ასეთი შეფასება აშკარა გამოძახილია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, რიტორიკისა, სარკოზისა, რომელიც არის კიდეც ზემოხსენებული ოპოზიციური გაერთიანების, „სახალხო მოძრაობის კავშირის“ (UMP), ლიდერი და რომელსაც აქვს ამბიცია, რომ კვლავ დაბრუნდეს პრეზიდენტის პოსტზე, 2017 წლის არჩევნებში გამარჯვებით. „ყირიმის მოსახლეობამ რუსეთი აირჩია და ისინი არ უნდა გაიკიცხონ ამის გამოო“, - განაცხადა ამას წინათ ნიკოლა სარკოზიმ, რომლის ასეთი პოლიტიკური მეტამორფოზა, ასეთი შემრიგებლური ტონი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის მის ადრინდელ, პრეზიდენტობისდროინდელ განცხადებებთან.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, მან მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - აღიარება.

ახლა კი ნიკოლა სარკოზი - და მასთან ერთად საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტის“ ლიდერი მარი ლე პენი - აკრიტიკებს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს რუსეთის მიმართ სანქციების გამო და მოუწოდებს მას, შეასრულოს რუსეთთან ხელმოწერილი კონტრაქტი და გადასცეს რუსეთს „მისტრალის“ კლასის შვეულმფრენმზიდი გემები, რაზეც უარის თქმა 1,3 მილიარდი დოლარით აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში სწორედ საფრანგეთის „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა აალაპარაკა მთელი მსოფლიო რუსეთში თავისი ვიზიტით. მოსკოვში ყოფნის დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ფრანგული მედია წერდა, მარი ლე პენი რუსი კრედიტორებისაგან 11 მილიონი დოლარის სესხის აღებაზეც კი დათანხმდა.

ცოტა ხნის წინ ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთმა მტკიცე მხარდამჭერმა, ევროპარლამენტის წევრმა ნადინე მორანომ, დააანონსა თავისი საშემოდგომო ვიზიტი რუსეთში. დეპუტატი ქალი მოსკოვში ჩადის იმ პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსთა ჯგუფთან ერთად, რომლის სახელია „ახალი დიალოგი რუსეთთან“. რუსეთთან დამეგობრების ეს უცნაური ტენდენცია, ჩანს, საფრანგეთის საზღვარსაც გასცდა. ათობით იტალიელმა პარლამენტარმა, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი ანტიევროპული პოზიციით, 29 ივლისს განაცხადა, რომ ოქტომბერში აპირებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას.

ევროპელი დეპუტატების ვიზიტმა ყირიმში უკიდურესად აღაშფოთა უკრაინის ხელისუფლება. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ყირიმში ფრანგი კანონმდებლების ჩასვლის თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG