Accessibility links

logo-print

გერმანიაში გამომავალი „ლაიფციგერ ფოლკსცაიტუნგი“ მსჯელობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტზე, რომელიც წინ უძღოდა ნატოს უელსის სამიტს. გაზეთი წერს: „უკრაინაში ვითარების ესკალაციის შედეგად ბარაკ ობამამ კარგა სქელი წითელი ხაზი გაავლო. 3 სექტემბერს, ტალინში გამოსვლისას, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა მან ცივი ომისდროინდელ ბერლინს შეადარა: ტალინის, რიგისა და ვილნიუსის დაცვა ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბერლინის, პარიზისა თუ ლონდონისო, თქვა მან. უდავოდ მეტყველი ჟესტია. მაგრამ ასეთ განცხადებას სიმბოლური ფასი უფრო აქვს; სამხედრო თვალსაზრისით ის ნაკლებად მნიშვნელოვანია.“

უკრაინის კრიზისის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას კრიტიკულად აფასებს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი: „თითქოს სურდა, ხაზი გაესვა თავისი ინდიფერენტულობისა და უმოქმედობისთვის, ობამამ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გამორიცხულია. კი ბატონო, მაგრამ ნუთუ პრეზიდენტმა არ იცის, რომ დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მხარეთა შორის სამხედრო ბალანსი? ვლადიმირ პუტინის აგრესია, შესაძლოა, ობამასთვის ახალს არაფერს ნიშნავდეს. უკრაინისთვის მან ყველაფერი შეცვალა. რუსეთი მარცხის პირას იყო მისული. ახლა მარცხი უკრაინას ემუქრება. ამიტომ არის, რომ უკრაინა მიესალმება ზავს, რომელიც მისთვის კაპიტულაციის ტოლფასია.“

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე“ რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს და აღნიშნავს: „აი, ამას ჰქვია ‘ტაიმინგი’: ნატოს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი თავს მშვიდობის მოციქულად წარმოგვიდგენს. მისი შვიდპუნქტიანი წინადადება და დაპირება, რომ უკრაინის ხელისუფლება და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები პარასკევამდე შეთანხმებას მიაღწევენ, აშკარა კონტრასტს ქმნიან ნატოს განცხადებებთან, რომ აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებში უნდა გაიზარდოს სამხედრო პოტენციალი. დასავლეთთან ურთთიერთთანამშრომლობით მოსკოვი და მისი მეხოტბეები გაცილებით უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე ამის აღიარება სურთ. შესაბამისად, მოსკოვის მხრიდან განმუხტვის სიგნალის გაგზავნა ჭკვიანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.“

„როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქცია პუტინის ინიციატივაზე?“ – სვამს კითხვას გერმანიის გაზეთ „ველტის“ მიმომხილველი, და იქვე გვთავაზობს პასუხს: „ისეთი, თითქოს ეს სამშვიდობო გეგმა არც არსებობდეს. რადგან ძნელი გამოსაცნობი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები: ნოვოროსია, რომელიც მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკისგან შედგება, სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. მან მეტი უნდა მოიცვას, უწინარესად კი დნეპროპეტროვსკი, უკრაინის სამრეწველო ცენტრი. ამიტომ კრემლი ახლა დროის მოგებას შეეცდება ახალი ფართომასშტაბიანი იერიშის მოსამზადებლად. ნატომ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ რეაქციას ახდენდეს რუსეთის ნაბიჯებზე. ის შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ ალიანსმა თავდაცვისუნარიანი გახადოს უკრაინის არმია. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ასეთ რამეზე ფიქრიც კი აკრძალული იყო.“

„ნატოს უელსის სამიტი უმნიშვნელოვანესია ბოლო 25 წლის მანძილზე“, – წერს პოლონეთის „გაზეტა ვიბორჩა“. – ნიუპორტში შემუშავებულ უნდა იქნეს სტრატეგია ახალი ცივი ომისთვის: ნატო აპირებს, თავის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნას ლოგისტიკური ბაზები, ჩამოაყალიბოს სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთი, მანევრები ჩაატაროს უკრაინაში და სხვაგან. შესაძლოა, ნატოს წევრებმა იმის უფლებაც კი მიიღონ, უკრაინა იარაღით მოამარაგონ. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ მისაღებია ახალი სანქციები. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია. რუსეთის მიმართ მტრული ზრახვები არც ნატოს ამოძრავებს, და არც ევროპის კავშირს.“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლებლობებს გაცილებით უფრო სკეპტიკურად აფასებს ჩეხეთის „ლიდოვე ნოვინი“: „მოსაზრება, რომ ნატო უკრაინას რეალურ დაცვას შეძლებს ან მას სულაც წევრად მიიღებს, ილუზიაა. ცხადია, ნატოს შეუძლია, უკრაინას თავისი სიმპათია გამოუხატოს. შეუძლია, ამ ქვეყანაში სამხედრო მანევრები ჩაატაროს. მაგრამ ბრძოლის ველზე ის მას არ დაეხმარება. და არც ალიანსთან უკრაინის ოფიციალური დაახლოებაა მოსალოდნელი.“

XS
SM
MD
LG