Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა თიხა კედლიდან გელაპარაკება


გამოფენა „კედლის ობიექტი - მასალა თიხა“
გამოფენა „კედლის ობიექტი - მასალა თიხა“

5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენა, სახელწოდებით „კედლის ობიექტი - მასალა თიხა“. ამ გამოფენაზე ვერ ნახავთ კერამიკის ტრადიციული წესებით დამზადებულ ნივთებს, ვერსად იპოვით მინიშნებებს კერამიკის ტრადიციულ ფორმებზე. სამაგიეროდ, ნახავთ, როგორია თიხის ერთ-ერთი სახე და რა ენაზე ლაპარაკობს თიხა ქართველი კერამიკოსების ნამუშევრებში. გამოფენის ნახვა 26 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

როცა თიხა კედლიდან გელაპარაკება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:34 0:00
გადმოწერა

„ჩემთვის თიხა ის მასალაა, რომლითაც ვმუშაობ, ეს გამოფენა კი დამთვალიერებლისთვის გაგზავნილი მესიჯი, თუ რისი გაკეთება შეიძლება თიხისგან“, - ამ სიტყვებისა და გამოფენის კონცეფციის ავტორმა, კერამიკოსმა ლალი ქუთათელაძემ ჩაიფიქრა - მოდი, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ თიხისგან მხოლოდ ჭურჭელი კი არ კეთდება ან სხვა რაიმე სამომხმარებლო ნივთი, არამედ თიხას მეტის თქმა შეუძლია, მეტის გადმოცემა. და ამ სათქმელით რამდენიმე ქართველი კერამიკოსის ნამუშევრებს ერთ დარბაზში მოუყარა თავი.

ლია ბაგრატიონი, ნატო ერისთავი, ოთარ ვეფხვაძე, ალექსანდრე კაკაბაძე, გიგიშა პაჭკორია, მერაბ გუგუნაშვილი, მალხაზ შველიძე და თავად ლალი ქუთათელაძე - თიხა ყველამ თავისებურად აალაპარაკა, ამბები კი, რომლებსაც ეს ნამუშევრები ჰყვებიან, სხვადასხვანაირია. ლალი ქუთათელაძის „კედელი“, მაგალითად, გულგრილ მზერაზე მოგვითხრობს:

„შესაძლოა, ირგვლივ ბევრი რამ ხდებოდეს, ბევრი ფერადი ლაქაა ამ ნამუშევრებზეც, მაგრამ ეს არსებები, რომლებიც ამ ნამუშევრებზეა ასახული, ვერაფერს ხედავენ. სინამდვილეშიც ასეა - შესაძლოა, იმდენი რამ გერტყას გარს, შენ კი გულგრილად უვლიდე ყველაფერს გვერდს“.

თიხა სალაპარაკო ენაა მერაბ გუგუნაშვილისთვისაც. მან ბავშვობის თამაშების თემა აირჩია და თავის ნამუშევრებში სათამაშოები და საკანალიზაციო მილები გვერდიგვერდ დაალაგა - რა ხდება მაშინ, როცა თამაშს დიდებიც აგრძელებენ?

„ვიზუალურად რომ შევხედოთ, ეს ფაზლებია, ბავშვის სათამაშო ობიექტები, რომლებზეც სათამაშოების პატარა ფიგურები და ბავშვობის თამაშების ტექსტებია, კიდევ, მულტფილმების პერსონაჟები - ამ ყველაფრით იმის ჩვენება მინდოდა, რომ თამაში, როგორც ასეთი, ბავშვისთვის ყველაზე წმინდა, ბუნებრივი მდგომარეობაა, ხოლო შემდეგში, თუ უფროსობაშიც გადმოგყვება ხოლმე ეს თამაში, ერთ დიდ ტყუილად და სიბინძურედ იქცევა ხოლმე, რისი მაჩვენებელიც არის ეს საკანალიზაციო მილები, რომლებიც აბინძურებს ამ სივრცეს, რაზეც გამოფენილია ეს ნამუშევრები“.

მერაბიც ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ნამუშევრები არც დეკორატიულია, არც გამოყენებითი - მისთვის და მისი მეგობარი კერამიკოსებისთვის ეს ზუსტად იგივეა, რაც ფერმწერისთვის თავისი ტილო - კედლის ობიექტი, რომელიც მხატვრის სათქმელს არა საღებავით, არამედ თიხით გადმოსცემს.

ნატო ერისთავის ნამუშევრების კედელზე თიხის ნიღბებია გამოფენილი. როგორც თავად გვიხსნის, ოთხი ტემპერამენტის მქონე ადამიანის სახეებია - როცა გარედან ყველა ერთია, შიგნით კი ყველა სხვადასხვა.

„ამ კომპოზიციას, როგორც ხედავთ, იწყებს ინტროვერტი, ჩაკეტილი ადამიანი, და ექსტრავერტი ასრულებს. ეს არის ადამიანების ხასიათების ჩემეული წარმოდგენა“.

ნატო ერისთავისთვის თიხა ის მასალაა, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტს ჰყვება, რომელიც ყველაზე დამყოლია და დადებით მუხტს ატარებს.

ლია ბაგრატიონის კედელთან - თიხა თიხას ჰგავს, დამსკდარ ზედაპირს პირდაპირი ასოციაციით მიწასთან მიყავხარ. ლია ბაგრატიონისათვის, როგორც კერამიკოსისთვის, თიხა მეხსიერების ჭურჭელია:

„თიხას აქვს უნარი დაიმახსოვროს თავისი თავი თუ მასზე მოხვედრილი საგანი - ზოგადად, ისტორიის აღბეჭდვა შეუძლია. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, ბოლო დროს უფრო თიხის თვისებებით ვარ დაინტერესებული და არა კედლის ობიექტის შექმნით, ამიტომ აქ წარმოდგენილი ნამუშევრებიც სპეციალურად გავაკეთე ასე - გამოუწვავი თიხაა. მინდოდა მეჩვენებინა, თავისით როგორ სკდება, როგორ ნახატს აკეთებს“.

თითქოს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არის მედია, სოციალური ქსელები, მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ თითოეული ადამიანი მაინც რაღაცნაირად ჩაკეტილია, თავისთვისაა. თითქოს ეს ყველაფერი ილუზიაა. ამასაც გამოხატავს ჩემი ეს ნამუშევარი...
ოთარ ვეფხვაძე

გალერეის ერთ-ერთი კედლის დიდი სივრცე ოთარ ვეფხვაძის ნამუშევრებს ეთმობა. ადამიანების სახეები ჩარჩოებშია ჩასმული. ყველა ჩარჩო შევსებულია, სამის გარდა, ზოგ სახეს კი ნაკვთები საერთოდ არ ეტყობა - ვინ არიან ეს ადამიანები?

„თითქოს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არის მედია, სოციალური ქსელები, მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ თითოეული ადამიანი მაინც რაღაცნაირად ჩაკეტილია, თავისთვისაა. თითქოს ეს ყველაფერი ილუზიაა. ამასაც გამოხატავს ჩემი ეს ნამუშევარი. ეს სამი ადამიანი კი, რომლებიც არ ჩანან, ისინი არიან, ვისაც ფეისბუქი არა აქვს. ზოგს კი სახეც არა აქვს და ეს უკვე მხატვრული გადაწყვეტაა. ცხოვრებაშიც, ჩემი აზრით, ასეა - არიან უსახო ადამიანები. სამწუხაროდ, ეგრეა“.

როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემაც თქვა გამოფენის გახსნაზე, ეს ნამუშევრები მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ერთად თიხას და ადამიანს, როცა თიხა კი არ მღერის - გელაპარაკება:

„ალბათ, ყველა ელოდა, რომ ამ გამოფენაზე დაინახავდა ტრადიციულ კერამიკულ ნამუშევრებს, რომლითაც საქართველო ასე ცნობილია ჯერ კიდევ ძალიან ადრეული ეპოქებიდან, მაგრამ დღევანდელი გამოფენა სწორედ ის გამოფენაა, რასაც თანამედროვე ხელოვნება და თანამედროვე აზროვნება ჰქვია“.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა 26 ოქტომბერს დაიხურება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG