Accessibility links

ახალი გაზსადენი - მეტი ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოება


ბაქოში გამართული ხელმოწერის მონაწილენი

ბაქოში გამართული ხელმოწერის მონაწილენი

დაახლოებით 5 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აგებულ მილსადენში ევროპის მიმართულებით დაახლოებით 24 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გაივლის. აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზი საქართველოს, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს. ექსპერტებს ასეთი დასკვნის საფუძველს აძლევს 17 დეკემბერს ბაქოში ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც „შაჰ დენიზ-2“-ის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს შაჰ დენიზ-2-თან, ტრანსანატოლიის და ტრანსადრიატიკის მილსადენებთან დაკავშირებით, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ხელშეკრულებებით „შეიცვლება ევროპის ენერგეტიკული რუკა“. პროექტი ევროპას,რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, გაზის მიწოდების ახალი წყაროთი უზრუნველყოფს. მოსკოვში კი თავს იმით იმშვიდებენ, რომ ასევე რუსეთის მარშრუტების ალტერნატიულმა პროექტმა ”ნაბუკომ” აქტუალობა დაკარგა. აი, რა განაცხადა ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას:

”ჩვენ მოწმენი გავხდით პროექტ „ნაბუკოს“ დასაფლავებისა. პროექტი „ნაბუკო“ აღარ არსებობს”.

დადასტურებულია მარაგის არსებობა, რაც ტრილიონზე მეტია. მეორე მხრივ, ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა გაზზე. პრაქტიკულად გადაწყვეტილია ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მშენებლობის საკითხი, რომელმაც აზერბაიჯანის გაზი მომხმარებლამდე უნდა მიიტანოს...
წლების წინ რუსეთი ”ნაბუკოს” დაჩრდილვას ”სამხრეთის ნაკადით” შეეცადა. როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, შაჰ დენიზ-2-ის მილსადენებს მოსკოვი ვერაფერს უპირისპირებს:

”’ნაბუკო’ შედიოდა იმავე ბაზარზე, სადაც რუსეთის ”სამხრეთის ნაკადი” შედის. ”ტაპი” კი არ შედის იმ ბაზარზე, მას გვერდი აუარა და სამხრეთ ევროპის ბაზარზე შევიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რუსეთს არც უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ წავიდეს, რადგან კომერციულად ვერ გადაჯაბნის. შესაბამისად, პოლიტიკურადაც უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე ‘ნაბუკო’”.

შაჰ დენიზ-2-ის მილსადენები, რომელსაც ევროკავშირი ე.წ. სამხრეთის დერეფნის შემადგენელ ნაწილად განიხილავს, ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერითაც სარგებლობს. მაგრამ მისი მიზანშეწონილობა, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევია პროექტის ეკონომიკური მახასიათებლებით. სამხრეთის დერეფანი აზერბაიჯანში მოპოვებულ გაზს ევროპაში, კერძოდ კი, საბერძნეთში, იტალიასა და ალბანეთში, რუსეთის მილსადენებთან შედარებით, უფრო იაფად ჩაიტანს. ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ევროპაში იზრდება მოთხოვნა ბუნებრივ აირზე:

თემურ გოჩიტაშვილი

თემურ გოჩიტაშვილი

”დადასტურებულია მარაგის არსებობა, რაც ტრილიონზე მეტია. მეორე მხრივ, ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა გაზზე. პრაქტიკულად გადაწყვეტილია ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მშენებლობის საკითხი, რომელმაც აზერბაიჯანის გაზი მომხმარებლამდე უნდა მიიტანოს. აქ იგულისხმება სამხრეთკავკასიური გაზსადენი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, „ტანაპი“ ტრანსანატოლიური მილსადენი თურქეთის ტერიტორიაზე და „ტაპი“ ტრანსადრიატიკული მილსადენი საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე”.

ამ მიმართულების მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ის 2018 წელს ამოქმედდება, ხოლო 2019 წელს საპროექტო სიმძლავრეზე გავა, რაც 24 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარებას ითვალისწინებს. ამჟამად, შაჰ დენიზიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიმავალი მილსადენის სიმძლავრე 8 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, მეორე ფაზის განხორციელების შემდეგ კი სიმძლავრე 16 მილიარდით გაიზრდება, საიდანაც 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს თურქეთი მიიღებს, დარჩენილი 10 მილიარდი კი ევროპაში გადაიქაჩება. ექსპერტ თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, მოცულობები თანდათან გაიზრდება:

ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ვხდებით ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს ძალიან მნიშნველოვანია. თუ ჩვენთან, დღევანდელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი გაზი გაივლის, რა თქმა უნდა, 3-ჯერ მეტად გაიზრდება ჩვენი დანიშნულება...
”სამხრეთის გაზის კორიდორის პირველი პიონერი ხდება მილსადენი, რომელიც, განვითარების შედეგად, ოცი მილიარდის მიწოდებას შეძლებს ათის ნაცვლად. შემდგომ, როდესაც ამ მილსადენს თურქმენეთი დაუკავშირდება, ევროპა მოელის, სხვადასხვა სცენარებით, 36-დან 60 მილიარდამდე გაზს. ეს უკვე მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ძალთა ბალანსის გადანაწილებისთვის არა გაზპრომის სასარგებლოდ”.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო, რომლიც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა რუსეთის ალტერნატიული გაზის ტრანსპორტირების პროექტებში? შაჰ დენიზის მეორე ფაზის რეალიზაციისას საქართველოში დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 2 ათასამდე ადამიანი. თუმცა ეს არ არის მთავარი სარგებელი, რასაც საქართველო პროექტის განხორციელებიდან მიიღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, გაზსადენის პროექტის პირობებით საქართველო შეიძენს იაფ გაზსს, რომელიც თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნილებას. გარდა ამისა, თემურ გოჩიტაშვილი პოლიტიკურ სარგებელზეც საუბრობს:

”ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ვხდებით ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს ძალიან მნიშნველოვანია. თუ ჩვენთან, დღევანდელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი გაზი გაივლის, რა თქმა უნდა, 3-ჯერ მეტად გაიზრდება ჩვენი დანიშნულება და ფუნქცია ევროპისათვის. ეს არის სუფთა პოლიტიკური ფაქტორი”.

შაჰ დენიზ-2-ის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის 2018 წლამდე აშენდება მილსადენი, რომლის საერთო სიგრძე სამი ათას 500 კილომეტრს შეადგენს. გაზსადენი გაივლის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს.
XS
SM
MD
LG