Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 1 თებერვალი


კეზერაშვილზე, შესაძლოა, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, - ვკითხულობთ გაზეთ ”რეზონანსში”. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის მოთხოვნის, ქრთამის აღების, ასევე საფინანსო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო წაუყენა. გაზეთში ვკითხულობთ, რომ თუ ორ დღეში კეზერაშვილი საგამოძიებო უწყებაში არ მივა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ”რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ პროცესს დასავლეთის მხრიდან უარყოფითი შეფასება არ მოჰყვება, რადგან ეს პოლიტიკური დევნა არ არის. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კეზერაშვილზე ძებნას გამოაცხადებს, შესაძლოა, ისრაელის სახელმწიფომ, რომლის მოქალაქეც ის არის, მის ექსტრადირებაზე უარი თქვას. სხვა საკითხია, თუ მისი ძიება ინტერპოლის ხაზით მოხდება, -ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

როდესაც საჭიდაოდ არავის სცხელა, ჩხუბია, - ვკითხულობთ გაზეთ ”24 საათში.” კერძოდ კი, სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ქართული საჭიდაო ოჯახის ორად გახლეჩა კარგს არავის არაფერს უქადის, მათ შორის ფედერაციას, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მოლოდინშია. ასეთი დონის ასპარეზობისთვის საქართველოს არასდროს უმასპინძლია და, შესაბამისად, სტატიაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ფალავანთა კლუბში ამ ორი დღის წინ მომხდარი ჩხუბი უარყოფითად აისახება უახლოესი მომავლის გეგმებზე. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის ბოლოდროინდელი სკანდალი კი, როგორც ჩანს, მის კარიერას არ შეხებია. გაზეთი სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტი, რომელშიც ლუკა კურტანიძე ფიზიკურად გაუსწორდა ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თეიმურაზ ყაზარაშვილს და ვეტერან მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილს, მინისტრთან შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა.

მიხეილ მაჭავარიანი პროკურატურაში დაკითხეს - ინტერვიუში, რომელსაც მკითხველს დღეს გაზეთი ”ვერსია” სთავაზობს, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გაზეთს აცნობს თავის მოსაზრებებს პარლამენტსა და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ წარიმართება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის განახლებული გამოძიება. მასალები, რომლებსაც გავეცანი, არ მიტოვებს ეჭვს, რომ დღემდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას არ დავეთანხმო, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი და აზუსტებს, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ისიც დაკითხა. ამ დაკითხვის მიზეზი, მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, იყო ის, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მის ტელეფონზე დაფიქსირებულ ზარებს შორის მიხეილ მაჭავარიანის ტელეფონიდან განხორციელებული ზარიც იყო.

”ივანიშვილი ამერიკის დაკრულზე ცეკვავს” - ამ სათაურით გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ”თავისუფალი საქართველოს” გენერალურ მდივან ალეკო შალამბერიძესთან. მოსაზრება კი, რომელიც ინტერვიუს სათაურადაა გამოტანილი, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ალეკო შალამბერიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი შეფასებით, კოჰაბიტაციის ინიციატივა და სააკაშვილის იმპიჩმენტის უარყოფა ამერიკისგან წამოსული იდეებია. პრემიერ-მინისტრი არ უნდა შიშობდეს, რას იტყვიან მასზე დასავლეთში, - ამბობს ალეკო შალამბერიძე გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG