Accessibility links

logo-print

გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ”გამოწვევას” თანხმდება


გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტი რკინიგზის შავი ბუღალტერიიდან ივსებოდა, - თქვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა და ამით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. როგორც გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, გია ხუხაშვილი ცდილობს მილიარდერ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს სარეკლამო კომპანია Outdoor.ge წაართვას და კომპანია გადააფორმოს გიორგი ღამბაშიძეზე, რუსული კომპანია ”ნიკოლო ემ”-ის დირექტორთა საბჭოს წევრზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. 8 მაისს ირმა ნადირაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა და ხუხაშვილისკენ მიმართული ბრალდება უარყო დავით იაკობაშვილის წარმომადგენელმა საქართველოში ალექსანდრე ბერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის 7 მაისის განცხადებას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მილიარდერი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილისთვის ბიზნესის წართმევას ცდილობსო, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, ბრალდება აბსურდულიაო; თან დასძინა, დავით იაკობაშვილი კეთილშობილი ადამიანია, რომელმაც სახელმწიფოს დაუბრუნა თავის დროზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული ქონებაო. ბიზნესი, რომლის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზეც გია ხუხაშვილი საუბრობს, იყო ნავთობპროდუქტების ტრანზიტი, რომელიც ყაზახეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძეც ლაპარაკობს. მისი თქმით, დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო კომპანია „ჯორჯიან ტრანზიტი“, რომელსაც საქართველოს მონაკვეთზე გადაჰქონდა ნავთობპროდუქტები:

”ეს კომპანია სარგებლობდა შეღავათიანი მოცულობითი ტარიფით და მიღებული შემოსავალი - დაახლოებით 10 მილიონი დოლარი წელიწადში - ილექებოდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა კერძო ოფშორულ ანგარიშებზე. შემდეგ ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა გამოისყიდა ეს კომპანია, მიიღო სწორი, გონივრული გადაწყვეტილება, დაუბრუნა რკინიგზას და დღეს ეს შემოსავლები, რაც ამ შეღავათიანი მოცულობითი ტარიფით სარგებლობის შედეგად მიედინებოდა მათ კერძო ოფშორულ ანგარიშებში, თავიდან ბოლომდე რჩება ‘საქართველოს რკინიგზაში”.
ეს იყო ძალიან არაჯანსაღი სისტემა და რეალურად ეს იყო რკინიგზის შემოსავალი, რადგან ეს კომპანია არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა, მომსახურებას ეწეოდა თვითონ რკინიგზა ამ კომპანიის მეშვეობით. უბრალოდ, ხდებოდა ქაღალდების ერთი ოფისიდან მეორეში გადატანა...

კოკა გუნძაცის სიტყვებით, დავით კეზერაშვილის - მოგვიანებით კი დავით იაკობაშვილის - საკუთრებაში არსებული კომპანია „ჯორჯიან ტრანზიტი“ „საქართველოს რკინიგზამ“ 4 აპრილს სიმბოლურ ფასად შეისყიდა. ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამოძიება რკინიგზის შავი ბუღალტერიის შესახებ არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გია ხუხაშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიზნესის მოწესრიგების დავალება პრემიერისგან მიიღო, რასაც თავად ბიძინა ივანიშვილიც არ მალავს. ის, რომ დავით იაკობაშვილმა რკინიგზას ბიზნესი სიმბოლურ თანხად დაუბრუნა, გია ხუხაშვილმა შეაფასა როგორც სამართლიანობის აღდგენა და იმ რთული სქემის შესახებ ილაპარაკა, რომელსაც იყენებდა ხელისუფლება მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - ბიუჯეტის შესავსებად, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ განხორციელებული გადაზიდვებიდან ე.წ. შავი ბუღალტერიის მეშვეობით.

”ეს არის გადაზიდვების ბიზნესი, გადაზიდვების მომსახურება. ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდებოდა დერეფანში აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან საქართველოს გავლით და შემდგომ გადაიტვირთებოდა პორტების მეშვეობით. ტარიფი შედგებოდა ორი ნაწილისგან: ერთი, რასაც იღებდა რკინიგზა და კიდევ ამ ტარიფზე ზემოდან იყო დადებული დელტა და რკინიგზა პირდაპირ კონტრაქტებს გადამზიდავებთან ვერ აფორმებდა და იყო შექმნილი ხელოვნური მონოპოლია, რომელშიც ილექებოდა ეს დელტა, ანუ რკინიგზას უხდიდა რაღაცას და რაღაცას იტოვებდა თვითონ. ეს ნაწილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანხას შეადგენდა, საშუალოდ 10 მილიონ დოლარს, მაგრამ იყო წლები, როცა 15 მილიონამდე ადიოდა და ეს იყო ძალიან არაჯანსაღი სისტემა და რეალურად ეს იყო რკინიგზის შემოსავალი, რადგან ეს კომპანია არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა, მომსახურებას ეწეოდა თვითონ რკინიგზა ამ კომპანიის მეშვეობით. უბრალოდ, ხდებოდა ქაღალდების ერთი ოფისიდან მეორეში გადატანა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
არა მგონია, რომ ახლა არსებობდეს იმის შიში, რომ სუპერსახელმწიფო ვიღაცას დათრგუნავს. უფრო დემოკრატიული პროცესები ვითარდება და მე მგონი, ყველა ბიზნესმენმა, მოქალაქემ თუ მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა იზრუნოს საკუთარ უფლებებზე და ამ უფლებების დაცვა ისწავლოს...

7 მაისს პრესკონფერენციაზე ირმა ნადირაშვილმა წინასწარ განაცხადა, შესაძლოა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა ხელისუფლების ზეწოლა უარყოს, ვინაიდან საქართველოში მისი ბიზნესი საფრთხის ქვეშააო. დავით იაკობაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე ბერიძე ირმა ნადირაშვილის განცხადებას წერილობით გამოეხმაურა, მას უსაფუძვლო უწოდა და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა თავი შეიკავონ პოლიტიკური მიზნებით კერძო ბიზნესის კომერციული პირობების სააშკარაოზე გამოტანისაგან, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს.

თუმცა კერძო პირების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების დაბრუნება კითხვის ნიშნებს აჩენს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს, რომ ბიზნესმენები წინა ხელისუფლებას მასობრივად გადასცემდნენ თავიანთ ქონებას საჩუქრად, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს იყო სახელმწიფო რეკეტი. ”პოლიტიკური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელის ოთარ კახიძის სიტვებით, იმისათვის, რომ ბიზნესრეკეტი აღარ განმეორდეს, თავად ბიზნესმენებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა:

”არა მგონია, რომ ახლა არსებობდეს იმის შიში, რომ სუპერსახელმწიფო ვიღაცას დათრგუნავს. უფრო დემოკრატიული პროცესები ვითარდება და მე მგონი, ყველა ბიზნესმენმა, მოქალაქემ თუ მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა იზრუნოს საკუთარ უფლებებზე და ამ უფლებების დაცვა ისწავლოს”.

ოთარ კახიძის აზრს იზიარებს და კერძო ბიზნესის დაცვის სხვა გზასაც ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის მენეჯერი გია გვილავა. მისი აზრით, კერძო ბიზნესის დაცვა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის, სამართლიანი სასამართლოსა და საზოგადოებრივი კონტროლის მეშვეობითაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG