Accessibility links

logo-print

(წერილები კანიდან - 1)

აკრედიტაციის აღებამდე კანის კინოფესტივალის პრესცენტრის სარდაფში ყვითელი ფერის ბროშურა გადმომცეს: გვიხსნიდნენ, როგორ უნდა მოვიქცეთ კინოდარბაზში სეანსის დროს. გაგვახსენეს, რომ არსებობს სისტემა Periscope, რომელიც ყველაფერთან ერთად პირდაპირი რეპორტაჟის საშუალებას იძლევა კინოდარბაზიდან... ანუ ჩვენ შეგვიძლია აქ, ძმები ლიუმიერების დარბაზში, სადაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმების პრემიერა ეწყობა, მობილური ტელეფონით “გადავცეთ” ფილმი და ვუჩვენოთ თუნდაც ჩვენს მეგობრებს. ბროშურაში გვიხსნიდნენ, რომ მობილურ ტელეფონებზე კონტროლი გამკაცრდება და სეანსის დროს ტელეფონის ჩართვის შემთხვევაში აკრედიტაცია გაუქმდება

მოკლედ, ახალი პრობლემა გაუჩნდა კინოინდუსტრიას და საავტორო უფლებებს. არადა რა მაგარია - ეს რაღაც სისტემა რომ მქონდეს, რამდენ ადამიანს ვუჩვენებდი იმას, რაზეც წერა მომიხდება მთელი ეს კვირა, კანის 68-ე ფესტივალის დახურვამდე. და მომავალ კვირაშიც.

მოხდა ისე, რომ წელს კანის კინოფორუმზე დაგვიანებით ჩავედი. საკონკურსო პროგრამის მესამედი უკვე ნაჩვენები იყო. თუმცა კვირის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, როცა ძმები კოენების ჟიური საუკეთესოებს გამოაცხადებს (წელს ფესტივალის დირექციამ 4 500 ფილმი ნახა და იქიდან მხოლოდ 19 ფილმი შეარჩია კონკურსისთვის), კანში გაიმეორებენ ყველა საკონკურსო სურათს, რაც საშუალებას მომცემს, ლამის ერთ დღეში ვნახო მთელი კონკურსი. ეს მობილურის რაღაც ჯადოსნური პროგრამა რომ მქონდეს და ასეთი აუტანელი კანონმორჩილი რომ არ ვიყო, ჩავრთავდი და თქვენც შემოგიყვანდით კანის სამოთხეში! მართლა სამოთხეში. სამოთხეში კინოს მოყვარულისთვის, რომელსაც აქ არასდროს მოსწყინდება. საკონკურსო პროგრამა თუ არ ვარგა (არადა თითქმის ყველა დიდი რეჟისორი აგერ უკვე 70 წელია თავისი ფილმის პრემიერას კანის ფესტივალს ამთხვევს ხოლმე), კონკურსგარეშე ექსპერიმენტებს ნახავ სექციაში “სხვა მზერით”, კლასიკას ნახავ ბოლოს და ბოლოს დიდ ეკრანზე... არანაკლებ საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ უყურებენ ფანატები თავიანთ კერპებს წითელ ხალიჩაზე. როგორ ეძახიან, კოცნას უგზავნიან და ესენიც, ვარსკვლავები, რომელთა უმრავლესობამ დაიბერა ტუჩი, მოიჭრა ცხვირი და რაღაცნაირი, სასაცილო მზერა გაუხდა, ამ ჰაეროვან კოცნას კოცნით პასუხობენ. მაგალითად, 71 წლის კატრინ დენევივით - ფესტივალის გახსნაზე რომ გაიარა წითელ ხალიჩაზე, “გახსნის ფილმის”, “მაღლა აწეული თავის” პრემიერის წინ.

ჯერ კიდევ აპრილში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექტორმა ამაყად გამოაცხადა, რომ წელს კანის კინოფორუმი ორიგინალურად გაიხსნება - 68-ე ფესტივალი დაიწყება არა ტრადიციულად, სანახაობრივი, გასართობი ფილმით, არამედ სოციალური დრამით, რომლის ავტორი, არც მეტი და არც ნაკლები, ქალია... ჰო, ეს “ქალი” განსაკუთრებით ხაზგასმული იყო. როგორც ჩანს, იმ ფემინისტების გასაგონად, რომლებმაც 2 წლის წინ აქცია მოაწყვეს წითელ ხალიჩასთან კანში გენდერული ბალანსის სრული იგნორირების გამო. თუმცა არა მგონია, ფემინისტები კანის ფესტივალის ამ სიახლეს დაეკმაყოფილებინა; წლევანდელ კონკურსში მხოლოდ ორი რეჟისორი ქალია წარმოდგენილი. საქმეს ვერც ფესტივალის დღეებში დაგეგმილი საპატიო “ოქროს პალმით” დაჯილდოება შველის - წელს ამ პრიზს დიდ ფრანგ რეჟისორს, ანიეს ვარდას გადასცემენ, ადამიანს, რომელმაც, შესაძლებელია, არც გადაიღო “ფემინისტური ფილმები”, მაგრამ გააკეთა მთავარი - გადაიღო გენიალური ფილმები!

“მაღლა აწეული თავით” ფესტივალის გახსნა ფემინისტებს იმიტომაც არ დააკმაყოფილებდა, რომ “გახსნის ფილმს” არანაირი შანსი არა აქვს, გაიმარჯვოს ფესტივალზე. მით უმეტეს, რომ კანში არ უყვართ სატელევიზიო ესთეტიკა, რომელიც სურათის რეჟისორმა ემანეულ ბერკომ აირჩია. თუმცა უყვართ ვარსკვლავები, განსაკუთრებით ფრანგი კინოვარსკვლავები... კატრინ დენევზე კი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში, უბრალოდ ჭკუას კარგავენ. აქ, კანში, წითელ ხალიჩაზე იგი თავისებური დიასახლისია. ძნელია გაიხსენო კანის კინოფორუმი დენევის გარეშე.

ამ კვირაში “შარლი ებდო” კანის ფესტივალს კატრინ დენევის კარიკატურით გამოეხმაურა. ჟურნალის ყდაზე გამოხატულია მრგვალი ფორმის უსახო მასა ვარდისფერ კაბაში და დართულია წარწერა “კრუაზეტის სანაპიროზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს!”... “ჟურნალის ყდა ჯერ არ მინახავს, იმედია სასაცილოა”, აღნიშნა დენევმა პრესკონფერენციაზე, იქ, სადაც ფესტივალის გახსნის ფილმზე საუბრობდნენ - სოციალურ სიდუხჭირეზე, ე.წ. “ძნელად აღსაზრდელებზე”, რომელთაც არა აქვთ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი განათლება, საზოგადოების გულგრილობასა და აგრესიაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც, როგორც ფილმის რეჟისორმა თქვა, “ბურჟუაზიულ წესრიგს” არ ექვემდებარებიან. სხვათა შორის, “შარლი ებდო” სხვა კონტექსტშიც ახსენეს - კანის 68-ე ფესტივალის გახსნის დღესვე ითქვა, რომ ტერორისტები ასევე იყვნენ სოციალური უსამართლობის მსხვერპლნი და ძალადობის მთავარი მიზეზი არა “ადამიანის ბუნებაა”, არამედ ახალი იერარქიულობა, რომელსაც ზოგჯერ “ბურჟუაზიულ წესრიგს” უწოდებენ.

1968 წლამდე კანის ფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციებზე, როგორც წესი, ამის თქმას ვერ ბედავდნენ. პოსტნეორეალისტური კინო, რომლის დაბადებას დაემთხვა კანის ფესტივალის პოპულარობა, აქცენტს ადამიანის იდენტობის კვლევაზე, ეგზისტენციალურ კრიზისზე აკეთებდა. 1968 წელს კინემატოგრაფისტთა ახალმა თაობამ ჩაშალა კანის ფესტივალი - სმოკინგების და საღამოს კაბების ეს ყოველწლიური აღლუმი, მეამბოხეებს შორის იყო ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ჟაკ დემი, რომელმაც თავის “შერბურის ქოლგებში” ფაქტობრივად პირველმა გააცნო მსოფლიოს კატრინ დენევი. საფრანგეთში იგი 60-იანი წლების თავისებურ სახედ იქცა, შეიძლება ითქვას, 60-იანი წლების “დიზაინად”.

რა გვაქვს ახლა? წითელ ხალიჩაზე მიმავალი კანდაჭიმული ვარსკვლავი, რომელიც ფესტივალის გახსნის ფილმში, დენევის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი კრიტიკოსების აზრითაც კი, “წვალობს”, რათა დააჯეროს მაყურებელი, რომ აწუხებს სოციალური უთანასწორობა. წვალობს დენევი და წვალობს მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის დირექციაც - 4 500 ფილმიდან ქმნის 19 სურათისგან შედგენილ თაიგულს ქალთა თანასწორობაზე, უმცირესობების “ღირსებებზე”, სოციალურ უსამართლობაზე, აღფრთოვანებას ვერ მალავს ფილმით “მაღლა აწეული თავი”, რომლის ავტორი ძალადობის მიზეზად განათლების და კულტურის თანამედროვე სისტემას ასახელებს - სისტემას, რომელიც არ არის ყველასთვის!

აღფრთოვანებას ვერ მალავს ასეთი კინოთი და თან არიგებს ყვითელი ფერის ბროშურას, რომელშიც გვახსენებენ, რომ სეანსის დროს მობილური ტელეფონის ჩართვა, გადაღება სასტიკად აკრძალულია. აღფრთოვანებას ვერ მალავს ასეთი კინოთი და ჟურნალისტებს ყოფს “თეთრი”, “წითელი”, “ცისფერი”, “ყვითელი” აკრედიტაციებით - პრივილეგირებულებით და ნაკლებად პრივილეგირებულებით... ესაა კანის კინოფესტივალი, რომლის დირექციას, საბედნიეროდ, ეცინება “შარლი ებდოს” კარიკატურაზე, რადგანაც თავადაც კარგად იცის - ეს დაცინვა ნამდვილად სამართლიანია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG