Accessibility links

logo-print
გამოთქმა „მენტალური უმცირესობა“ გასული წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზას თავისი გამომგონი, უფრო სწორად, პირველმთქმელი ჰყავს, ის მაინც ანონიმურია და მისი ავტორი ის უსახელო ძალაა, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა საკუთარ გამარჯვებად ან საკუთარი ჰეგემონიურობის დადასტურებად აღიქვა და საყოველთაო მობილიზაციისათვის მზადყოფნა გამოაცხადა. ეს ძალა რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია არაა, ის იმდენადაა ჰეგემონიური, რამდენადაც პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლებისგან დამოუკიდებლად არსებობს და არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროცესების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მენტალური წარმმართველია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში ექცევა და შესაბამის წესრიგს ამყარებს, ამგვარი ჰეგემონიური ძალის ნიშანს ატარებს, მისი ხელდასმულია, რადგან ნიადაგს უმზადებს ამა თუ იმ პოლიტიკურ რეჟიმსა თუ სისტემას. ჰეგემონიური ძალა ის არის, რომელიც საზოგადოების მენტალიტეტზე, მის წევრთა სააზროვნო სტერეოტიპებზე ახერხებს ზეგავლენას და მათ მანიპულაციასაც კი.

არც ერთი საზოგადოება, თვით ყველაზე მეტად ტოტალიტარულ რეჟიმებშიც კი, არ წარმოადგენს არც მენტალურ და არც კულტურულ ერთობას; ის ყოველთვის სხვადასხვა, ხშირად ურთიერთდაპირისპირებული სიმრავლეებისგან შედგება და გადამწყვეტია არა „მენტალური უმრავლესობა“, არამედ ამ უმრავლესობაზე ჰეგემონიის დამყარება. ამასთანავე, აუცილებელი არ არის, ჰეგემონია არაჰეგემონიური ძალების დათრგუნვას ან ჩაგვრას გულისხმობდეს. თუ ასეთი რამ ხდება, ეს საზოგადოებაში არსებულ ტოტალიტარულ სწრაფვებსა და ტენდენციებზე მეტყველებს. ჩახშობისა თუ გარიყვის საწინააღმდეგოდ, ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილება, როგორიცაა თანამედროვე დასავლური ლიბერალური დემოკრატია, თავისი საბაზრო ეკონომიკითა და სარგებლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა არსებული ჯგუფისა თუ მიმდინარეობის ინტეგრაციას და, ამგვარად, მათ გათავისებას ცდილობს. ის, რაც სულ სამი-ოთხი ათწლეულის წინ მარგინალურ სუბკულტურებად ითვლებოდა, დღეს კომერციული ტრენდიც კია, თუმცა ეს სხვა თემაა.

ტოტალიტარულ ან არალიბერალურ საზოგადოებებში კი ადამიანთა ისეთი ჯგუფები, რომლებიც ჰეგემონიური ძალის მიერ შექმნილ უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან, უკვე მტრის ხატის კატეგორიაში თავსდებიან. თავად ისეთი ტერმინის გაჩენა, როგორიცაა „მენტალური უმცირესობა“, საქართველოში ჰეგემონიური უმრავლესობის საბრძოლო განწყობის ღია ნიშანი იყო, რაც სულ რამდენიმე თვეში საომარ რეალობად იქცა. დაპირისპირებამ „უმრავლესობასა“ და „უმცირესობას“ შორის მენტალური სამოქალაქო ომის სახე მიიღო.

ჰეგემონიური ძალა თანამედროვე საქართველოში ის პოლიტიკურ-რელიგიური ნაზავია, რომელიც საკუთარ თავს „მართლმადიდებლობას“ უწოდებს. ეს ძალა არც რელიგიური თემია და არც სოციალური თუ კულტურული კლასი, ის საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და ტოტალური კორუმპირებულობის ნამსხვრევების შერწყმა-შედუღაბებით მიღებული წარმონაქმნია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ამ ჰეგემონიური ძალის ავანგარდშია, თავადვეა მისი ერთ-ერთი ნაწილი და სარკეც, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე შეიწოვა ყველა ის დაქსაქსული და ქაოსურად მოძრავი ნარჩენი, საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად რომ გაჩნდა. ესაა გვიანი საბჭოთა ხანის კორუმპირებული საქმოსნობა და ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი; 80-90-იანი წლების ეგზალტირებული ნაციონალიზმი და მყვირალა, მიტინგური „აზროვნება“ თავისი „ევქარისტიული“ შეძახილით „-ჯოს!“; 90-იანი წლების პირველი ნახევრის განუკითხაობა და ძალმომრეობა; 90-იანების მეორე ნახევრის ტოტალური კორუფცია და შევარდნაძისეული „საზოგადოების ნაღები“; 2000-იანი წლების პატრიოტული ისტერია და შეთქმულების თეორიები („სარწმუნოებას გვართმევენ“, „ეკლესიებს გვინგრევენ“, „გადაგვარებას გვიპირებენ“), „ნულოვანი ტოლერანტობა“ და ღვთის სახელით გამომძალველობა; საქართველოს „გაბრწყინების“ საეკლესიო თუ საერო პროექტები... სწორედ ეს ნაზავი, რომელიც, თუმცა დაქსაქსული, ისედაც მენტალურ უმრავლესობას წარმოადგენდა, „მართლმადიდებლობამ“ ერთ მთლიან ძალად შეადუღაბა და აქცია თანამედროვე ჯვარ-ჩოხოსანთა ლაშქრად, რომელიც „ლოცვა-კურთხევას“ ელის მტერთა შესამუსრად.

„მართლმადიდებლობა“ საქართველოში სარწმუნოება არაა, ეს ანონიმური ჰეგემონიური ძალის სახელია! ესაა ერთგვარი გაუფორმებელი „საზოგადოებრივი შეთანხმება“, რომელიც ყველა თავისი შემადგენელი ერთეულის სურვილებსა და მისწრაფებებს აკმაყოფილებს: პოლიტიკოსებს უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმებით, „ჭეშმარიტად ეროვნული“ კულტურის ღვაწლმოსილ მოღვაწეებს ან მათ საფლავებს – გვირგვინებით ამკობს, საეჭვო გზით გამდიდრებულებს სულებს უთეთრებს გულუხვი შემოწირულობების ფასად, უსახსროდ და უნუგეშოდ დარჩენილებს – საიქიოში ნეტარებას ჰპირდება და ამ იმედით ხალხის მასაზრდოებელ სამღვდელოებას მიწიერი განცხრომით აჯილდოებს, „სრულიად საქართველოს“ კი გარდაუვალი გაბრწყინებისა და ნათელი მომავლის რწმენით მოსავს. და ვინაირად „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს“, ყოვლისმომცველი სიბნელე, როგორც ჩანს, მომავალი გაბრწყინების აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს.

ასეთი შეხმატკბილებულობისათვის საჭიროა საერთო მტრის ხატი, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანდება ჭარბი და არარეალიზებული ენერგიებით დაჯილდოებული მამულიშვილების ლაშქარი, რომელიც ჯვარხატმომარჯვებული თავ-პირს დაალეწავს „ბოროტების იმპერიას“. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ეს მტერი ადგილობრივი და, თანაც, რაც შეიძლება მცირერიცხოვანი უნდა იყოს, რომელთან ბრძოლაშიც გამარჯვების გარანტი იქნება არა ზებუნებრივი ძალებიდან გადმოსული „მადლის“ რწმენა, არამედ ელემენტარული სტატისტიკა. ამასთანავე, ეს მცირერიცხოვანი ძალა სინამდვილეში რომელიღაც უხილავი აპოკალიფსური მხეცის მსტოვრად უნდა შეირაცხოს, რათა ქუჩური ხულიგნობა იდენტობის დაცვის ესქატოლოგიურ ბრძოლად გასაღდეს.

ამ აპოკალიფსურ მითში „მენტალური უმცირესობა“, ამ ტერმინის სრულიად ფაშისტური შინაარსითა და კონტექსტით, - როგორც გადაგვარებული და დაავადებული ეროვნული სხეულის ნაწილი, რომელიც გადამდებ სნეულებად წარმოისახება, - მტრის ხატის იდეალური განსაზღვრებაა. ფაშიზმი პირვანდელი მნიშვნელობით „კონას“ ნიშნავს და მისი შინაარსი დაახლოებით გადმოსცემს ძველი ქართული იგავის, „ძალა ერთობაშიას“, აზრს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონაში ერთი რომელიმე ნიშნით გაერთიანებული ხალხი მისგან ამავე ნიშნით განსხვავებულების, მასში არაინტეგრირებულებისა თუ მისგან გამიჯნულების განადგურებას თუ არა, დამორჩილებასა და დისკრიმინაციას მაინც გულისხმობს. ფაშისტური იდეოლოგიები ხალხის ეგზალტაციით, მათი „ერთ მუშტად შეკვრითა“ და „ერთად დგომის“ აუცილებლობით იქმნებოდა. უნდა იდგე იქ, სადაც ყველაა, იფიქრო ისე, როგორც უმრავლესობა ფიქრობს, აღიარებდე და თაყვანს სცემდე იმ ხატებსა და „სიწმინდეებს“, რომლებიც უმრავლესობისთვისაა წმინდა და ხელშეუხებელი.

„მენტალური უმცირესობა“, რომელშიც ყველა ის ადამიანი მოიაზრება, ვისაც მთელი ამ ყალბი, თვალთმაქცური და ყავლგასული იდეალებისა და სიწმინდეების არ სჯერა, ვინც კრიტიკულ აზროვნებას და ინდივიდუალურ თავისუფლებას ამჯობინებს თვითმოტყუებისა და თვითტკბობის ფერხულში მონაწილეობას, რეალურ საფრთხეს უქმნის ჰეგემონიურ „მართლმადიდებლობას“. ამ ძალის ჰეგემონიურობა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურად ჩამორჩენილ, სოციალურად დაკნინებულ, გაუნათლებელ და კულტურულად მკვდარ გარემოში, სადაც აგრესია და ძალადობა „მენტალური უმრავლესობის“ თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების, ფაქტობრივად, ერთადერთი ფორმაა. სულიერების სუროგატები, რითაც ადამიანს ჰეგემონიური „მართლმადიდებლობა“ კვებავს, ეს ვადაგასული ნარკოტიკი, მას მხოლოდ დროებით უყუჩებს ტკივილს. ეგზალტაციიდან გამოსვლისთანავე ბრუნდება ფრუსტრაცია და შიში. აგრესია და შეუწყნარებლობა ფრუსტრაციის დაძლევის ფორმებიცაა. ამას თან ახლავს საკმაოდ ძლიერი გონებრივი და სააზროვნო რეგრესია, ანუ დაბალი განვითარების სააზროვნო საფეხურებისკენ დაქვეითება. დეგრადირებული აზროვნება კი ადამიანს უძლურს ხდის, თავი გაართვას საკმაოდ რთულ პრობლემებს, რაც მას კიდევ უფრო უკან დახევს. ასეთი საყოველთაო შიშისა და ფრუსტრაციის პირობებში, როდესაც გონება უძლურია, გულაცრუებისა და მარცხის ან შიშის რეალურ მიზეზს მიაკვლიოს, ჩნდება „დამნაშავის“ პოვნის აუცილებლობა. როდესაც ვერ ერევი რეალურ მტერს, რომელიც საკუთარ მოტყუებულ თავშია, მაშინ არარსებულ მტერს იგონებ და მთელ აგრესიას მისკენ მიმართავ.

თუმცა „მენტალური უმცირესობისადმი“ შიში არაა ირაციონალური. პირიქით, ადამიანთა ეს კატეგორია, მიუხედავად თავისი მცირერიცხოვნებისა, ფლობს იმ სიმბოლურ კაპიტალს, რომელიც არ მოიპოვება არც მოძღვარ-მამაოთა შელოცვით და არც ღმერთისთვის შეწირული მილიონებით. ეს „კაპიტალი“ გაბედულებაა, - იცხოვრო და იაზროვნო საკუთარი გონებრივი და სულიერი ძალისხმევით, საკუთარი მრწამსითა და ზნეობრივი პრინციპებით და არა ჯოგური ერთსულოვნებით. ამ რიცხობრივად მცირე, მაგრამ ინტელექტით ძლიერ ძალასთან ჭიდილისას კი ნებისმიერი „ძალა ერთობაშიასა“ და „თემს რაც სწადიან“ კრიტერიუმებით გაერთიანებული უმრავლესობა უთანასწორო ბრძოლაშია.

და მაინც, „მენტალური უმცირესობისათვის“ საქართველოში მშვიდი ცხოვრება დამთავრებულია. ის უნდა მიხვდეს, რომ ომში იმყოფება და მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ბრძოლაა. თუ გავიხსენებთ ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ ფუკოს ნათქვამს, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება სამოქალაქო ომს ჰგავსო, დღეიდან, გარკვეულწილად, სწორედ „სამოქალაქო ომის“ პერიოდში გადავდივართ, რომელსაც, შესაძლოა, არც კი ეწეროს დასრულება. საქართველოში კიდევ დიდხანს იარსებებენ მრავალრიცხოვანი ობსკურანტული თუ ულტრაკონსერვატული ძალები და მათს პარალელურად იარსებებს „მენტალური უმცირესობა“. უახლოესი მომავალი უნდა წარმოვიდგენოთ, როგორც გაუთავებელი კონფრონტაცია და ანტაგონიზმი. თუკი აქამდე „მენტალურ უმცირესობად“ შერაცხულნი გარკვეულ კომფორტსაც კი განიცდიდნენ, რომ მათ ისედაც არაფერს ეკითხებოდნენ და მხოლოდ „ფეისბუკური“ კრიტიკით კმაყოფილდებოდნენ, ახლა ამის თავისუფლება და ფუფუნება აღარავის ექნება.

დროა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სალონური ინკუბაციის პერიოდი, რაც, პირველ რიგში, NGO-ური ჟარგონების ენის დაძლევას და ვიწრო კარჩაკეტილობის გადალახვას გულისხმობს. საქართველოში ობსკურანტიზმის წარმატების მიზეზი ისიცაა, რომ მისთვის რეალური წინააღმდეგობა არავის გაუწევია და თუ მისი ტრიუმფული სვლა არ შეჩერდა, XXI საუკუნის საქართველო ჩოხა-ახალუხებითა და ჩიხტიკოპებით შუა საუკუნეებში დაბრუნდება. მაგრამ, ამასთანავე, სწორედ ამგვარი კონტრასტები და შინაგანი დაძაბულობა შეიძლება იქცეს საქართველოში ახალი, თვითმყოფადი და ცოცხალი მრავალფეროვნებით გამორჩეული კულტურის დაბადების წინაპირობად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG