Accessibility links

logo-print

ჰააგის ტრიბუნალმა ხორვატ გენერალს მოუხსნა ომის დანაშაულთა ბრალდებები


ხორვატ გენერლებს გათავისუფლებას ულოცავენ

ხორვატ გენერლებს გათავისუფლებას ულოცავენ

ჰააგაში განთავსებული გაეროს სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა უდანაშაულოდ ცნეს ორი ხორვატი გენერალი, რომლებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. მოსამართლეებმა გენერლების დაუყოვნებელი განთავისუფლების ბრძანება გასცეს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება პარასკევს გამოაცხადა მოსამართლე თეოდორ მერონმა:

„სააპელაციო პალატა - ორი წევრის წინააღმდეგობის ფონზე - აუქმებს ანტე გოტოვინას ბრალეულობას დევნის, დეპორტაციის, მკვლელობის, არაჰუმანური აქტებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, ისევე როგორც საზოგადოებრივი და კერძო საკუთრების მაროდიორობაში“.

ანტე გოტოვინას 24 წლით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, მეორე გენერალს, მლადენ მარკაცს, - 18-ით იმ როლისთვის, რომელიც მათ 1995 წელს ჩატარებულ ოპერაციაში შეასრულეს. ოპერაცია ბოსნიის მოსაზღვრე რეგიონში, კრაინაში ჩატარდა და იქიდან სერბი მეამბოხეების გამოდევნას ისახავდა მიზნად.
ოპერაციის შედეგად, კრაინიდან 200,000-მდე ეთნიკური სერბი გამოდევნეს. მოკლულ იქნა, სულ მცირე, 150 ადამიანი.

2011 წელს გაეროს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს ორივე გენერალი, რომლებიც ოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებაში იღებდნენ მონაწილეობას, ჩართული იყო ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ფრანიო ტუჯმანის მიერ დაგეგმილ შეთქმულებაში, რომელიც მიზნად სერბთა გამოდევნას ისახავდა. ახლა კი სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ ასეთი შეთქმულება არ არსებობდა.

ანტე გოტოვინას და მლადენ მარკაცს ხორვატიაში ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ. ზაგრების ცენტრში დღეს ათასობით ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა სასამართლო სხდომის პირდაპირ ტელერეპორტაჟს.

თუმცა ევროკავშირმა ამ ქვეყანას მკაფიო მოთხოვნა წაუყენა გაწევრიანების გზაზე, - ხორვატიას ომის დამნაშავეები უნდა დაეპატიმრებინა და გაესამართლებინა, - დღეს უკვე ცნობილია, რომ ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის ივლისში გახდება.

ევროკავშირის გაფართოების კომისრის შტეფან ფულეს პრესმდივანმა პეტერ სტანომ, გაეროს სასამართლოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, ხორვატიას მოუწოდა გააგრძელოს შერიგებისკენ სვლა:

„მეორე მხრივ, ჩვენ თანაგრძნობით ვეკიდებით ომის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს. გვესმის, რომ ამ ომით მიყენებული ყველა ტრავმის მოშუშებას დრო დასჭირდება. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ: გვწამს, რომ ხორვატია მომავლისკენ სვლას გააგრძელებს შემწყნარებლობის და შერიგების სულისკვეთებით. სწორედ ამან მიიყვანა ეს ქვეყანა იმ პოზიციამდე, სადაც დღეს დგას - ევროკავშირის წევრობის ზღურბლზე“.

ხორვატიაში სასამართლოს გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა ანტე კოტრომანოვიცმა განაცხადა, როგორც იქნა დამტკიცდა, რომ ხორვატიამ 1995 წლის ოპერაცია „ღირსეულად“ ჩაატარაო.
მაგრამ სერბიაში ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება ძველ ჭრილობებს აგვატკიებსო, ვიცე-პრემიერმა რასიმ ლიაიჩმა კი განაცხადა, ორი გენერლის გამართლებით გაეროს სასამართლომ დამაჯერებლობა მთლიანად დაკარგაო.
XS
SM
MD
LG