Accessibility links

logo-print

HRW მთავრობებს მოუწოდებს კრიზისების დროს არ უგულებელყონ ადამიანის უფლებები


ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც გამოდის გაფრთხილებით, მსოფლიოში ბევრი მთავრობა „დიდ შეცდომას“ უშვებს, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად ადამიანის უფლებებს უგულებელყოფსო.

ნიუ-იორკში განთავსებულმა ორგანიზაციამ 29 იანვარს გამოაქვეყნა „მსოფლიო ანგარიში - 2015“, რომელშიც 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაა განხილული 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ანგარიშის შესავალი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს კენეთ როთს ეკუთვნის. ის წერს, გასული წელი განსაკუთრებით მღელვარე იყოო.

ის ლაპარაკობს კონფლიქტებზე, რომლებიც მოჰყვა არაბული გაზაფხულის ამბოხებებს, საზარელ დანაშაულებზე, რომლებიც ისლამისტმა ექსტრემისტებმა ჩაიდინეს ახლო აღმოსავლეთსა და აზიისა და აფრიკის გარკვეულ ადგილებში. როთი ასევე ლაპარაკობს ცივი ომის პერიოდის მსგავს დაძაბულობაზე, რომელიც უკრაინის კრიზისმა გააღრმავა.

როთი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გლობალური გამოწვევების გავრცელებასა და გამძაფრებაში - გამოწვევების, როგორიცაა ისლამისტური ექსტრემიზმი და უკრაინის კონფლიქტი. როთის თანახმად, ამგვარი კრიზისების გადაჭრისთვის უმნიშვნელოვანესია „ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“.

ერთ-ერთ მაგალითად მას მოაქვს ერაყისა და სირიის მთავრობების მხრიდან გატარებული ძალისმიერი და რელიგიური დაპირისპირების გამომწვევი პოლიტიკა, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“, აღზევებაში.

ორგანიზაციის დირექტორმა ევროპული მედიის საკითხებში ენდრიუ სტროლაინმა რადიო თავისუფლებას ამაზე შემდეგი უთხრა: „მთელ მსოფლიოს თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ხშირად ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ამართლებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების საბაბით. ეს, რასაკვირველია, სიახლე არ არის, მაგრამ ბოლო ერთი თუ ორი წლის განმავლობაში ამ ფენომენის განმტკიცების მომსწრენი ვართ“.

სტროლაინი ამბობს, რომ „ჰიუმან რაიტს უოჩს“ სურს გააბათილოს ეს ფორმულა - ადამიანის უფლებების ცნების დაპირისპირება უსაფრთხოების მოსაზრებებთან. „ადამიანის უფლებები თუ გარანტირებული არ არის, არც უსაფრთხოება არსებობსო“, ამბობს ის.

“ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში საქართველოს შესახებ ვკითხულობთ, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებათა გამო კვლავ რჩება გარკვეული კითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. ამასთან, პრობლემად რჩება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ანგარიშვალდებულების საკითხი. შეშფოთებას იწვევს აგრეთვე უმცირესობებისა და ქალების უფლებები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობა გააღრმავა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით და რატიფიცირებით, რაც მჭიდროდ უკავშირდება პროგრესს ქვეყნის მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

რუსეთის თაობაზე კენეთ როთი წერს, რომ კრემლმა 2012 წელს დაიწყო პროცესი, რომელიც შემდგომ გადაიქცა საპროტესტო მუხტზე ყველაზე ძლიერ ზეწოლად, რაც კი საბჭოთა ეპოქის შემდეგ განხორციელებულა. როთის თანახმად, ზეწოლის სამიზნეა ადამიანის უფლებების დამცველები, დისიდენტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები.

როთის აზრით, დასავლეთის მხრიდან გამოვლენილმა „მეტ-ნაკლებად შეზღუდულმა“ რეაქციამ რუსეთში კრიტიკული აზრისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების მიმართ „შესაძლოა გააღრმავა“ უკრაინის კრიზისი, ხოლო საინფორმაციო სისტემის დახურვამ კრემლს საშუალება მისცა ჩაეხშო უკრაინაში მისი ნაბიჯების შესახებ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.

ამის თაობაზე ენდრიუ სტროლაინი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: „იმ გარემოებამ, რომ ამ დარღვევებს, რეალურად, დასავლეთიდან არავინ შეეხო პირდაპირი და ერთიანი ფორმით, მოსკოვს აღუძრა განცდა, შეგვიძლია იგივე გავაგრძელოთ და კიდევ და კიდევ შორს წავიდეთო. ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები არ წარმოადგენს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებს. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს“.

პარალელურად, როთის წერილში ვკითხულობთ, რომ სურვილმა, უკრაინა რუსეთის აგრესიის უმანკო მსხვერპლად წარმოეჩინათ, დასავლეთს გაურთულა უკრაინის მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე ლაპარაკი. ამ დარღვევებს შორის, როთის თანახმად, არის მოხალისე ბატალიონების გამოყენება, რომლებიც დაკავებული პირების უფლებებს მუდმივად არღვევენ, ისევე როგორც დასახლებულ ადგილებში იარაღის განურჩევლად სროლა.

როთი დასძენს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედმა პრორუსულმა ძალებმა „მძიმედ შელახეს ტყვეების უფლებები და მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდეს მათი ტერიტორიიდან რაკეტების სროლით“.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ადგილებზე საუბრისას სტროლაინი ამბობს, რომ გასულ წელს განსაკუთრებულად კარგი არაფერი მომხდარა. სტროლაინი ლაპარაკობს აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკოსებზე განხორციელებულ „შემაძრწუნებელ ზეწოლაზე“ და ამბობს, რომ ეს არის ამ ქვეყანაში ვითარების დრამატული გაუარესება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ამ მხრივ, არც მანამდე იყო იქ სახარბიელო სურათი.

XS
SM
MD
LG