Accessibility links

საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამა ბოლო 5 წელია მუშაობს, თუმცა მოსავალს მხოლოს ერთეული ფერმერები თუ აზღვევდნენ. უკვე რამდენიმე კვირაა აგროდაზღვევის პროგრამამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ამ პროცესში სახელმწიფო ჩაერთო. დაიწყო საპილოტე პროექტი. მასში თითქმის ყველა მსხვილი სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს.

პროცედურები ასეთია: თქვენ უნდა აირჩიოთ სადაზღვევო კომპანია, რომელსაც წარუდგენთ მიწის რეგისტრაციის დოკუმენტს. ამის შემდეგ კომპანია, ფართობიდან გამომდინარე, თქვენი მოსავლის ღირებულებას შეაფასებს. აქედან მაქსიმუმ 4 პროცენტს თავად გადაიხდით, დანარჩენს კი - სახელმწიფო. „სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა - თუ აქედან ერთ-ერთი მიზეზით მაინც მოსავალი განადგურდა, აგროდაზღვევის შემთხვევაში მოსავლის ძირითადი ნაწილი - 90 %-მდე - ანაზღაურდება, - ამბობს პაატა ლომაძე, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი:

„ანაზღაურება შესაძლო ზარალის, რომელიც ფერმერს მიადგება, მოხდება ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდება რა გარემოებამ გამოიწვია ესა თუ ის ზარალი და რის გამო დაზიანდა მოსავალი“.

კახეთში ფერმერთა უმრავლესობას აგროდაზღვევის შესახებ ზოგადი ინფორმაცია აქვს. პროცედურები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდის და ვის უნდა მიმართონ, ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ არ იცის, თუმცა არიან ისეთები, ვისაც მოსავალი უკვე დაზღვეული აქვს.

მოსახლეობა:

„არაფერი არ გაგვიგია ჯერ ისეთი. სოფელში არავის არ ჰქონია დაზღვეული და თუ დაიწყო, ყველა დააზღვევს. შარშან მთელი ორი თვე წვეთი წვიმა არ მოსულა და გახმა მთელი მოსავალი“.

„იძახიან, დანადგარები უნდა დადგან სეტყვის საწინააღმდეგოდო. ეს რომ გაკეთდეს, ჩვენ ყოველთვის დაზღვეულები ვიქნებით. ამიტომ ცოტახანს თავს ვიკავებთ პასუხზე, დავაზღვევ თუ არა მოსავალს“.

„მესამე წელია ვსარგებლობ დაზღვევით და ჯერ არ გამფუჭებია მოსავალი, რომ აენაზღაურებინათ. თვეში ვიხდი 80 ლარს, დაზღვევაში შედის მოსავალი, სახლ-კარი და, ზოგადად, უძრავ-მოძრავი ქონება“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მალხაზ ამისულაშვილი 2014 წლის გაზაფხულზე სეტყვისგან დაზარალდა. მას სტიქიამ ახლად აყვავებული ატმის ნარგავები გაუნადგურა. მალხაზ ამისულაშვილს მოსავალი დაზღვეული ჰქოდა კერძო კომპანიაში, თუმცა ამბობს, რომ ზარალი არ აუნაზღაურეს. აქედან გამომდინარე, ამისულაშვილს სადაზღვევო კომპანიებისგან აინტერესებს, რა შემთხვევაში არ ანაზღაურდება ზარალი:

„ერთხელ დავაზღვიე დ არ ამინაზღაურეს. ესენი ხულიგნურ საქციელს სჩადიან, ხალხს ატყუებენ, აზღვევინებენ და მერე ფულს აღარ აძლევენ“.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გვალვისგან დაზიანებულ მოსავალს სადაზღვევო კომპანიები არ აანაზღაურებენ. დავინტერესდით, კიდევ რა შემთხვევაში არ ანაზღაურდება დაზღვეული მოსავალი, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები ამ თემაზე არ ლაპარაკობენ.

საქართველოში აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 1 სექტემბრიდან მოქმედებს და პირველ ეტაპზე ერთი წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ფერმერებს მოსავლის 70-დან 95%-მდე სუბსიდირებას სთავაზობს და ეს ვრცელდება წვრილ და საშუალო ზომის ფერმერულ მეურნეობებსა და კოოპერატივებზე.

XS
SM
MD
LG