Accessibility links

logo-print

კნუტ ვოლებეკი: ”მოქალაქეები არ უნდა დაახარისხო ეროვნების მიხედვით”


კნუტ ვოლებეკი

კნუტ ვოლებეკი

კნუტ ვოლებეკი, ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, 19-20 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დიცი და ხურვალეთიც მოინახულა, ვიზიტის ბოლო დღეს კი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეუთოს სარეკომენდაციო დოკუმენტი - ე.წ. ”ლუბლიანის გზამკვლევი” - წარუდგინა, რომელიც მრავალეთნიკურ სახელმწიფოებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციასა და ჩართულობას შეეხება. კონფერენციის დასრულების შემდეგ გავესაუბრე კნუტ ვოლებეკს, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის რანგში ბოლოჯერ სტუმრობდა საქართველოს. აგვისტოში ის დატოვებს ამ თანამდებობას. ვინ იქნება კნუტ ვოლებეკის მემკვიდრე, ჯერჯერობით უცნობია. საკითხი ეუთოში კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს.

რადიო თავისუფლება: თქვენ შეხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ - ესმის თუ არა საქართველოს მთავრობას ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციისა და ჩართულობის პროცესის მნიშვნელობა?

კნუტ ვოლებეკი: მსგავსი საკითხების გადაჭრა არც ერთი საზოგადოებისთვის არ არის იოლი, განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომელიც გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, მწირი რესურსები აქვს და უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში უმცირესობების საკითხი მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე ინაცვლებს, რადგან სხვა ბევრი, მყისიერად გადასაჭრელი, საკითხია. ასე რომ, საკითხის გადაჭრის სურვილს ვხედავ. რასაც დროდადრო ვეუბნებოდი ხოლმე საქართველოს მთავრობას, პროცესის განგრძობადობის ნაკლებობას ეხება. ეს გამოწვეულია მინისტრების, მთავრობის სტრატეგიის ცვლილებებით. ეროვნულ უმცირესობათა საკითხების მოგვარებისთვის საჭიროა გრძელვადიანი, უწყვეტი პროცესი, მაგალითად, როგორც განათლების სფეროშია საჭირო.

რადიო თავისუფლება: როგორც ჯანდაცვაში...

კნუტ ვოლებეკი: დიახ, როგორც ჯანდაცვაში. უნდა მუშაობდე ხანგრძლივ საფუძველზე, უნდა გქონდეს მიზანი, რომლის მისაღწევად წლების განმავლობაში იმუშავებ. ეს მრავალმხრივი პროცესია. თუკი განათლებაზე ვილაპარაკებთ, ის გულისხმობს სახელმძღვანელოების, მასწავლებლების მომზადებას, სასწავლო პროგრამებს, უამრავ საკითხს და უნდა გქონდეს მრავალმხრივი მიდგომა. ძალიან რთული პროცესია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ უმცირესობები შეიძლება იქცნენ სამიზნეებად და ისინი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. უმცირესობების საკითხის წამოჭრა მოსახერხებელია ხოლმე პოლიტიკური ოპონენტებისთვის. ამ ვიზიტის დროს მე გავაფრთხილე როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, რომ ამას მოერიდონ. უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ არის გარკვეული მოძრაობა, გარკვეული პოზიციების გამოხატვა, რომლებიც მიმართულია უმცირესობებზე. თუკი ეს გაფართოვდება და პოლიტიკური მოდელის სახეს მიიღებს, ძალიან სახიფათო იქნება. ასეთ საკითხებზე კონტროლის დაკარგვა ძალიან იოლია. ეს ყველაფერი საზოგადოებას უკან მოუბრუნდება. მე სავსებით ვემხრობი პოლიტიკური დისკუსიის არსებობას - მთავრობას უნდა ჰყავდეს ოპოზიცია, მიმდინარეობდეს მსჯელობა, იყოს შეთანხმება და შეუთანხმებლობა, რადგან ეს არის დინამიკური, დემოკრატიული პროცესი, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა გამოიყენო უმცირესობები იმის გამო, რომ ეს მოსახერხებელია. შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ამან მოგიტანოს ამომრჩეველთა ხმები, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დაამარცხოს შენი ქვეყანა და საზოგადოება.

ჩვენ ვთვლით, რომ უმცირესობები, მათდამი მოპყრობა, მათი ადგილი საზოგადოებაში მთლიანად უსაფრთხოების საკითხია. არა იმიტომ, რომ ისინი საფრთხედ უნდა იყვნენ აღქმული. უმცირესობები საზოგადოების განძია. ისინი ამდიდრებენ ჩვენს საზოგადოებებს...
რადიო თავისუფლება: რა ურთიერთმიმართებაა ქვეყნის ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის პროცესსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას შორის?

კნუტ ვოლებეკი: ჩვენ ვთვლით, რომ უმცირესობები, მათდამი მოპყრობა, მათი ადგილი საზოგადოებაში მთლიანად უსაფრთხოების საკითხია. არა იმიტომ, რომ ისინი საფრთხედ უნდა იყვნენ აღქმული. უმცირესობები საზოგადოების განძია. ისინი ამდიდრებენ ჩვენს საზოგადოებებს, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ვხედავთ. უმცირესობები უსაფრთხოების საკითხი ხდება, თუკი მათ მარგინალიზაციას მოახდენ, თუკი მათ გარიყავ საზოგადოებიდან, გამოიწვევ მათ უკმაყოფილებას. ასეთ შემთხვევაში ისინი სწორედაც რომ დაიწყებენ მხარდამჭერის სხვაგან ძებნას. ამიტომაც, ჩვენ შევეცადეთ გველაპარაკა უმცირესობებზე ტრანსსასაზღვრო საკითხებთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ამის თაობაზე. ბევრგან ნახავთ - ერთ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობა შეიძლება იყოს მეზობელი, მოსაზღვრე ქვეყნის უმრავლესობა. ეს შეიძლება იყოს კარგი რამ, რადგან ეროვნული უმცირესობა შეიძლება იქცეს ხიდად სხვადასხვა კულტურას, სხვადასხვა სახელმწიფოს შორის. თუმცა შეიძლება იყოს საპირისპირო ვითარებაც, როცა ერთი ასეთი მეზობელი ქვეყნის მთავრობა იჭრება მეორის სივრცეში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. ჩვენ ეს ვიხილეთ ევროპაში. ასეთ შემთხვევაში ეროვნული უმცირესობა აღიქმება მეზობელი ქვეყნის ჯაშუშად. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავრობა, სახელმწიფო თავის ყველა მოქალაქეს განიხილავდეს სრულფასოვან მოქალაქედ, მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. მოქალაქეები არ უნდა დაახარისხო ეროვნების მიხედვით.

რადიო თავისუფლება: როცა სტუმრობ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, უსმენ უმცირესობათა წარმომადგენლებს სხვადასხვა კონფერენციაზე, საგრძნობია ინფორმაციის დეფიციტი როგორც ეროვნულ უმცირესობებში, ისე უმრავლესობაში, რაც ქმნის ერთგვარ შიშს ამ ჯგუფებს შორის. ასეთ ვითარებაში რა როლი ეკისრება სახელმწიფოს და მედიას?

კნუტ ვოლებეკი: სახელმწიფოს ენიჭება ფუნდამენტური როლი შექმნას შიშისგან თავისუფალი გარემო და უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობებთან კომუნიკაციის არხების არსებობა. ამიტომაც ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, მაგალითად, რომ სამთავრობო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს უმცირესობათა ენებზეც. მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს, რომ მისი ქვეყნის ყველა მცხოვრებმა იცოდეს რა ხდება, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში. ამას არაფერი აქვს საერთო ქარტიის ხელმოწერასთან ან რომელიმე კონვენციის პატივისცემასთან. სინამდვილეში, ეს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკაა. საკითხის მეორე მხარე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მთავრობამ უმრავლესობას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია უმცირესობების შესახებ - რომ ისინი თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან და რომ მათი კულტურა ამდიდრებს საზოგადოებას, რომ ისინი არ არიან მეორე კლასის მოქალაქეები, ისინი თანასწორები არიან და რომ მათთვის ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალების მიცემა დამატებით ღირებულებას ქმნის. ეს კი გულისხმობს ბევრად მეტს, ვიდრე კულტურული ღონისძიებაა. ზოგჯერ მთავრობას ჰგონია, რომ თუკი უმცირესობებს წელიწადში ერთხელ აქვთ ფესტივალი, ცოტას იმღერებენ და იცეკვებენ... სიმღერისა და ცეკვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე და თქვენ არ გაგვაბედნიერებდა ის, რომ მხოლოდ სიმღერისა და ცეკვის უფლება მოეცათ. ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობა ამაზე ბევრად მეტს გულისხმობს. სინამდვილეში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ხმა ისმოდეს, გიცნობდნენ, გხედავდნენ საზოგადოებაში. ამიტომაც არის ეს ორმხრივი არხი, თუ შეიძლება ითქვას. სამოქალაქო საზოგადოების საქმეა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში გაათვითცნობიეროს მთავრობა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ეროვნულ უმცირესობებზე, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ჰუმანიტარული, ალტრუისტული საქმიანობა, - რომ ვზრუნავთ ამ საწყალ ადამიანებზე, - რადგან ეს არ არის სიმართლე. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოს უმრავლესობაზეც, დაეხმაროს მას იმის გაგებაში, რომ განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის, განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათ შეუძლიათ საზოგადოებას რაღაც შესძინონ. თუკი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების კომუნიკაციის ეს ხაზები ორმხრივად გახსნილია, რაც ზოგჯერ ძალიან რთულია და ამისკენ უნდა მივიწევდეთ, მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება ვიხილოთ შეკრული, ღია საზოგადოება, სადაც ადამიანები შიშის გარეშე ურთიერთობენ.

მთავრობას, ერთი მხრივ, აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს უმცირესობათა ენების სწავლებას სკოლებში, თუკი ასეთი მოთხოვნა არსებობს. თუმცა ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია უმცირესობებმა ისწავლონ სახელმწიფო ენა, დახვეწონ ცოდნა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ იყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი...
რადიო თავისუფლება: მედიას რაც შეეხება, საქართველოში არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ტელევიზიის პირველ არხზე ეროვნულ უმცირესობათა რამდენიმე ენაზე რამდენიმეწუთიანი ახალი ამბები გადაიცემა მხოლოდ დილაადრიან. უნდა იყოს თუ არა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოვალეობა გააკეთოს მეტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისთვის?

კნუტ ვოლებეკი: თუკი ”ლუბლიანის გზამკვლევსა” და რეკომენდაციებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ეროვნულ უმცირესობებს უნდა მიეცეთ მედიაშესაძლებლობები. სირთულეს ვხედავ იმაში, რომ მთავრობა ფიქრობს - ის სიკეთეს იჩენს ეროვნული უმცირესობების მიმართ იმით, რომ მათ ხუთწუთიან ახალ ამბებს სთავაზობს უცნაურ დროს. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. სახელმწიფოს მოვალეობაა ყველა მოქალაქეს თანაბრად მიაწოდოს მომსახურება, თუკი ამაზე საკმარისად დიდი ჯგუფის მოთხოვნილება არსებობს. და მეორე - როგორც ვთქვი, მთავრობის ინტერესებშია ხმა მიაწვდინოს ამ მოქალაქეებს. ეს დაგვანახვა იმ მედიასაშუალებების მუშაობამ, რომელთა დაფუძნებასაც ჩვენ შევუწყვეთ ხელი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მათგანი ისე კარგად მუშაობს, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით. ჩვენი მიზანი იყო, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონოდათ მაუწყებლობა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომ მათ ეგრძნოთ - თბილისში მყოფი მთავრობა ისევეა მათი მთავრობა, როგორც ქართულენოვანი მოსახლეობისა. ამდენად, სამაუწყებლო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიკუთვნებულობის გრძნობის წარმოსაქმნელად.

რადიო თავისუფლება: ამის საპირისპიროდ არის პოზიცია, რომ ყოველმა მოქალაქემ უნდა ისწავლოს სახელმწიფო ენა...

კნუტ ვოლებეკი: ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობას, ერთი მხრივ, აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს უმცირესობათა ენების სწავლებას სკოლებში, თუკი ასეთი მოთხოვნა არსებობს. თუმცა ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია უმცირესობებმა ისწავლონ სახელმწიფო ენა, დახვეწონ ცოდნა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ იყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მონაწილეობა მიიღო საჯარო განხილვებში, დაიკავო თანამდებობა, იყო საჯარო მოხელე, პოლიციელი, მასწავლებელი და ა.შ.. მთავრობამ ორივე პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. ვიცი, რომ ეს რთულია, მოითხოვს რესურსებს. ამიტომაც, ჩვენ, ეუთო, ვეუბნებით მთავრობას - ”უნდა დაიწყოთ!”. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ის უნდა დაიწყო, შექმნა პოლიტიკა, სტრატეგია. ჩვენ გვყავს ექსპერტები, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება. ჩემს უწყებას შეუძლია ამ პროცესის ხელშეწყობა, რჩევის მოცემა იმისათვის, რომ ეს პროცესი სასარგებლო იყოს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო ენის სწავლების შეთავაზებას ადამიანები აღიქვამენ არა შეთავაზებად, არამედ საფრთხედ. ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენელი თვლის, რომ ეს დააკნინებს, საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, იდენტობას, ენას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაკეთდეს ისე, რომ აღქმული იყოს არა საფრთხედ, არამედ ღირებულ საქმედ.
XS
SM
MD
LG