Accessibility links

logo-print

ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ 7 ნოემბერს დატოვა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. ზუსტად ცხრა წლის წინ, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენდანტის საათი შემოიღო − მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებმა თბილისის ცენტრში სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი და პირდაპირი ეთერიდან გათიშა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“. სააკაშვილს, რომელმაც უთუოდ იცის თარიღების მნიშვნელობა, სავარაუდოდ, სურს, თავისი, როგორც პროდასავლელი ლიდერის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, გადაფაროს ხმაურიანი გადადგომით, რომლის არსიც კორუფციისაგან უკრაინის გათავისუფლების ბრძოლა გახდება. თუმცა, მისი ეს ჩანაფიქრი მოსახლეობისათვის დამაჯერებელი რომ გახდეს, საჭიროა სკანდალი, საჭიროა მთავარი ოპონენტის გამოკვეთა და მისთვის ყველა ცოდვის დაბრალება.

ამ შემთხვევისათვის სააკაშვილის სამიზნე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, მიზანი კი − მისი სავარძლის დაკავება. ვინც საქართველოდან იცნობს სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და მის პიარტექნოლოგიურ ხელწერას, მისთვის არფერია გასაკვირი იმ სიტყვებში, ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მისამართით რომ წარმოთქვა. „ოდესის ოლქში პრეზიდენტი პირადად უჭერს მხარს ორ კლანს. ეს არის ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მკვლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი. რეალურად, ოლქში მთელი ძალაუფლება მან ამ ორ კაცს და მათ მოკავშირეებს ჩააბარა“ − განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი სრულიად დაუფარავად ხდება. „ოდესის ოლქს ხელში უგდებენ არა მხოლოდ კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. მე არ ვაპირებ ამაზე გაჩუმებას“, − დასძინა სააკაშვილმა.

მაგრამ, ვიმეორებ, ამაში არაფერია მოულოდნელი იმისთვის, ვინც კარგად იცის სააკაშვილის განვლილი გზა და ზოგიერთი ჩემი უკრაინელი კოლეგასავით გულუბრყვილოდ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილი, როგორც საქართველოს ლიდერი, ერთია, ხოლო სააკაშვილი, როგორც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი − სულ სხვა.

ასეთი მოსაზრება იმთავითვე იქცა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის გაცემულ ერთგვარ ინდულგენციად და ჩემი უკრაინელი კოლეგები და პოლიტიკოსები (პრეზიდენტ პოროშენკოს ჩათვლით) ბოლო მომენტამდე მშვიდად უყურებდნენ, როგორ აგრესიულად ერეოდა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეებში, რამაც კულმინაციას მიაღწია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

უახლეს ისტორიაში ძნელია მოიძებნოს სხვა მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყნის რეგიონული ლიდერი მეორე ქვეყანაში, თანაც მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს და ყველაფერი გაეკეთებინოს ამ „პარტნიორი“ და „მეგობარი“ სახელმწიფო ხელისუფლების იმიჯის შესალახად.

საქართველოს შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ეს არ გამოუვიდა. თავის სამშობლოში ის არა მხოლოდ დამარცხდა, არამედ მისმა მოწოდებებმა და ცრუ დაპირებებმა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში, გახლიჩა მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სწორედ ექს-პრეზიდენტის „წყალობით“ აღარ არის „ერთიანი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG