Accessibility links

logo-print

9 მაისს კომუნისტები გორში სტალინის ძეგლის აღმართვის მოთხოვნით გამოვლენ


სტალინის ძეგლი, რომელიც 2010 წელს აიღეს გორის ცენტრალური მოედნიდან

სტალინის ძეგლი, რომელიც 2010 წელს აიღეს გორის ცენტრალური მოედნიდან

ადგილობრივი კომუნისტები მეორე დღეა გორის ქუჩებში პლაკატებს აკრავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით იოსებ სტალინის მუზეუმთან საბჭოთა ბელადის მონუმენტის აღმართვის მოთხოვნით შეიკრიბონ. საბჭოთა ტოტალიტარიზმის მთავარი სიმბოლოს ფოტოების გაკვრაში მათ ხელს არავინ უშლის. კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი გორის მერს წინასაარჩევნო დაპირებას შეახსენებს. თვითმმართველობის არჩევნების წინ ზურაბ ჯირკველიშვილმა მართლაც დადო საჯარო პირობა, რომ 9 მაისისთვის ძეგლს მუზეუმის ტერიტორიაზე დააბრუნებდა. კომუნისტები აცხადებენ, რომ ამ დაპირების იქით საქმე აღარ წასულა და თუ ხელისუფლება პირობას არ შეასრულებს, მათი თქმით, ბელადის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ჯერ პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ, შემდეგ კი საკუთარი ძალებით დააბრუნებენ მონუმენტს.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ძეგლის დასადგმელად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო და ამიტომ ხვალისთვის ბრინჯაოს მონუმენტის აღმართვა ვერ მოხერხდება. რაც შეეხება სტალინისტებისა და კომუნისტების გააქტიურებას, ქალაქის მერი ამას დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს.

სტალინისტები და კომუნისტები ხვალ თანამოაზრეების ჩამოსვლას მთელი საქართველოდან ელოდებიან. სტალინის სახლ-მუზეუმის წინ ისინი მიტინგს გამართავენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში გორში არაერთი ასეთი მიტინგი გაიმართა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის კვარცხლბეკიც კი გააკეთეს, მაგრამ კულტურის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ეს ადგილი დაიწუნა, კვარცხლბეკიც მაღალი აღმოჩნდა და ძეგლის აღმართვაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ გორის ხელისუფლებაში ძეგლის აღმართვის მომხრეთა აქტივობა განელდა, როცა ქალაქში ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები ჩამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ძეგლის აღმართვის გადადება მოსთხოვეს.

გორის ცენტრში მდგარი იოსებ სტალინის მონუმენტი 2010 წლის ივნისში აიღეს. იმდროინდელი საკრებულოს განკარგულებით, ეს ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. ძეგლის აღებას წინ უძღოდა გააქტიურება ახალგაზრდული ორგანიზაციებისა, რომლებიც მონუმენტს საღებავს ასხამდნენ და მის დემონტაჟს მოითხოვდნენ. იოსებ სტალინის ბრინჯაოს 6-მეტრიანი მონუმენტი 9-მეტრიან კვარცხლბეკზე 1952 წლიდან იდგა. დღეს ეს ძეგლი ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მიწაზე დევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG